2020 წლის სექტემბრიდან წყალაფორეთის სკოლას საკუთარი შენობა აღარ აქვს. გაგაცნობთ, რას ამბობენ ამასთან დაკავშირებით ადგილობრივები და კიდევ რა პრობლემები აწუხებთ წყალაფორეთელებს.
„ძველი სკოლის ადგილზე ახალი შენობის აგებას, მესამე წელია, გვპირდებიან, – ამბობს ამ სკოლის მასწავლებელი ავთანდილ ხიჯაკაძე, – 2020-2021 სასწავლო წელი ვარძიის სკოლაში ჩავატარეთ. მეორე სასწავლო წელია, თეთრაწყაროს სკოლის შენობაში ვართ.
ზოგი მასწავლებელი ზესტაფონიდან დადის, რამდენიმე – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან. ეს ჩვენთვის დიდი პრობლემაა. მართალია, სკოლის ტრანსპორტი გვემსახურება, მაგრამ ყოველ დილა-საღამოს ამხელა მანძილზე მგზავრობა რთულია“.
„წყალაფორეთში ახალი სკოლის აშენებას მთელი სოფელი მოუთმენლად ველოდებით, – ამბობს ამ სკოლის დირექტორი ნათია დვალი, – წყალაფორეთში სკოლას არ აქვს საკუთარი წყალი. სათავე ნაგებობა მოსაწესრიგებელია და ამაში ან ადგილობრივი ხელისუფლება, ან განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტო უნდა დაგვეხმაროს“.
განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან მოპოვებული ინფორმაციით, წყალაფორეთის სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და მშენებლობისათვის ტენდერი 2023 წლის დასაწყისში გამოცხადდება.
2020 წელს ამ სკოლის შენობის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდისგან ხორციელდებოდა. თუმცა, რეაბილიტაციის დაწყებიდან რამდენიმე თვეში აღმოჩნდა, რომ წყალაფორეთის სკოლის შენობა აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა.
წყალაფორეთის მოსახლეობას უგზოობა და უწყლობა აწუხებს. წყალაფორეთში, სკოლის უბანში მცხოვრები ავთანდილ ხიჯაკაძე ამბობს, რომ „წყლის მილები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეუიძინეს, მაგრამ ავზი არ აქვთ.
ონკანში წყალი ძლივს მოწანწკარებს. არადა, ჩვენს წყაროში წყალი იმდენია, რომ გზაზე იქცევა. ახალი მილები ძველ რკინის ავზზე რომ დავაერთოთ, ისევ გაიბიდნება და მალევე გამოსაცვლელი გახდება. ჭაბურღილებმა ჩვენს სოფელში მაინცდამაინც არ გაამართლა.
წყალაფორეთში ცენტრალური გზა მოასფალტებულია. საუბნო გზები თითქმის ყველგან მოსაწესრიგებელია“.
საუბნო გზების რეაბილიტაციას და წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგებას წყალაფორეთში მერის წარმომადგენელი რევაზ სხილაძე მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, ეტაპობრივად ჰპირდება.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი