ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლები – ვერტყვიჭალა, ხუნევი, გედსამანია, ბჟინევი, ვერტყვილა და საქასრია გარე სამყაროს მოწყვეტილია. რიკოთის ავტობანი ამ სოფლებს გვერდს უვლის და აღმოსავლეთიდან მომავალი ტრანსპორტი იქ ვეღარ შედის.
შემოსავლის გარეშე დარჩნენ ის ადამიანები, რომლებიც თავს გარე ვაჭრობით ირჩენდნენ.
საქასრიაში მცხოვრები მურმან წიქარიშვილი სასურსათო მაღაზიის მეპატრონეა. მან, წლების წინ, მაღაზია საკუთარი სახლის წინ მოაწყო. ახლახან ექსპლუატაციაში შესული ავტობანიდან კი ეს მაღაზია 200 მეტრის მოშორებით აღმოჩნდა. ის ამბობს, რომ ვაჭრობა ძალიან შეუმცირდა, რადგან ავტობანიდან მანქანა მაღაზიასთან ვეღარ ხვდება. ადგილობრივ მოსახლეობას პროდუქტები, უმეტესად, ნისიად მიაქვს. მურმან წიქარიშვილმა აღარ იცის, როგორ მოიქცეს.
გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე სოკოს, მარწყვს, ჟოლოს, ბალს ჰყიდდა საქასრიაში მცხოვრები კობა წიქარიშვილი. მას სარეალიზაციოდ ამ ხილისგან დამზადებული კომპოტებიც გამოჰქონდა. კობა წიქარიშვილი ამბობს, რომ ოჯახს ასე არჩენდა. „ახლა ჩვენსკენ ყველაფერი ჩამკვდარია, – ამბობს კობა წიქარიშვილი, – აღარც ავტომობილები მოძრაობს და არც ხალხი.
ავტობანს ჩემს ნაკვეთზე რომ გაევლო, კომპენსაცია იქნებ რამეში შემწეოდა. თუმცა, ისედაც ხომ შეიძლებოდა სახელმწიფო დამხმარებოდა – ოფიციალურად დარეგისტრირებული ვიყავი, როცა ხარაგაულის საგადასახადო მუშაობდა და ყველა გადასახადს ვიხდიდი. ამის საბუთებიც მაქვს. ეს ბიზნესი 30 წლის წინ დავიწყე. ასე უყურადღებოდ არ უნდა დავეტოვებინეთ.
ოჯახში ცხრა სული ვართ. აქედან ოთხი ბავშვი და ერთი მოხუცია. ეს ავტობანი მათთვისაა კარგი, ვისაც თბილისიდან ბათუმში ჩასვლა ეჩქარება. საარსებო წყარო დავკარგეთ, ამას რა უნდა ეშველოს, არ ვიცი. ინფორმაცია არ გვაქვს, სადმე ახლომახლო იქნებ შეიძლება სპეციალური სავაჭრო სივრცის მოწყობა“.
ხუნევში არაკაპიტალურ შენობაში ვაჭრობდა ნონა ჩაჩანიძე. ავტობანის ხიდის ბურჯი სწორედ იმ ადგილზე ჩადგეს, სადაც ნონა და მისი მეზობლები ხილს, თაფლს, მოხარშულ სიმინდს ჰყიდნენ. ნონა, 20 წელია, ამ საქმიანობას ეწევა. წლების წინ ასე დედამისი და მისი თანატოლი ქალები ვაჭრობდნენ. ნონასთვის ეს მხოლოდ შემოსავლის წყარო როდია.
„ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვდა ჩვენი სავაჭრო ობიექტი და ამიტომ ფულადი კომპენსაცია მოგვცეს, – ამბობს ნონა ჩაჩანიძე, – თუმცა, მერჩივნა, ისევ იქ ვმდგარიყავი და ჩემი საქმიანობა გამეგრძელებინა. მთელი მაგისტრალი გვირაბებში მოექცა. გადაადგილება ძალიან გვიჭირს. ყველას საკუთარი მანქანა ხომ არ ჰყავს.
გარესამყაროს მოვწყდით. ავტობანზე რომ ჩამოვალ, სახლამდე რამდენიმე კილომეტრი ფეხით უნდა ვიარო. ტვირთით სიარული წარმოუდგენელია. მოსახლეობის უმეტესობა ისეთ ადგილზე ცხოვრობს, რომ თბილისიდან მომავალი ტრანსპორტით ვერტყვიჭალაში ჩადის და ხუნევში ძველი გზით ბრუნდება. ამ სოფლებისთვის შიდა ტრანსპორტი აუცილებლად უნდა დაინიშნოს. ისე, აბა, როგორ ვიცხოვრებთ“.
რესტორანი „მარანის“ დირექტორი თამარ კურტანიძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც რიკოთის ავტობანის რამდენიმე გვირაბი ექსპლუატაციაში შევიდა, ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. თბილისიდან დასავლეთისკენ მომავალი ტრანსპორტი ვერტყვიჭალაში ამ რესტორანთან ვეღარ ხვდება.
„ავტობანიდან ჩვენსკენ არც ჩამოსასვლელი დატოვეს და არც ასასვლელი, – ამბობს თამარ კურტანიძე, – ტრაფარეტი მაინც დაედგათ იმ ადგილებში, სადაც თბილისიდან მომავალი მგზავრი უნდა ჩამოვიდეს. ამასწინათ, თბილისიდან მომავალი მგზავრი თავის სახლში პატრულის მანქანით მიიყვანეს – ვეღარ გაიგო, მიკროავტობუსიდან სად უნდა ჩამოსულიყო.
უბისაში და ბორითში ავტობანზე ასასვლელ-ჩამოსასვლელი გააკეთეს. ხუნევის თემის მოსახლეობამ რა დააშავა, ყველაფრის გარეშე რომ დარჩა?!
უამრავი ტურისტი გვსტუმრობდა. ახლა კლიენტი ვეღარ გვაგნებს. 27 იანვარს ბევრ სტუმარს ველოდები. „გუგლში“ გეძებთ და ვეღარ გაგნებთო, დამირეკეს. ამასწინათ ერთი ჩვენი კლიენტი საქასრიაში ჩავიდა და იქედან ძველი გზით ამოვიდა ჩვენამდე. ეს ავტობანი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით არ გაუკეთებიათ. პირიქით, ხალხი შეწუხებულია. გზას გადავკეტავთო, მითხრეს. არ მოვუწონე, – ეს ხომ ცივილური ფორმა არ არის.
დავიღალეთ ამ გზის გადაკეტვებით და პროტესტით. მილიონი ლარის ქონება მაქვს ამ რესტორანში ჩადებული. 200 ათასი ლარი ბანკის ვალი გვაქვს და როგორ გავისტუმრო, თუ აქ კლიენტი არ შემოვა?! ჯერ პანდემიამ გადაგვიყოლა და ახლა პრობლემები ამ ავტობანმა შეგვიქმნა. ვითმენდით, ვფიქრობდით, რომ სამომავლო საქმე კეთდებოდა.
გვპირდებოდნენ, რომ ჩვენს სიახლოვეს ავტობანზე ასასვლელ-ჩამოსასვლელი მოეწყობოდა, მაგრამ მოგვატყუეს. ჩემს უკან ოჯახები დგას. 14 ადამიანი მყავს დასაქმებული. ხალხი საცოდავ დღეშია. ისევ საავტომობილო გზების დეპარტამენტთან უნდა გავაგრძელოთ ვითარების გარკვევა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებასაც უნდა ეზრუნა და ამ სოფლების მოსახლეობისთვის ტრანსპორტი დაენიშნა“.
საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მოპოვებული ინფორმაციით, გზის მიმდებარედ არსებული მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის სპეციალური სავაჭრო სივრცეები შროშასა და ზესტაფონში მოეწყობა. ძირულას ხეობის სოფლებში მცხოვრები გარე მოვაჭრეებისთვის კი ეს მაინცდამაინც ხელსაყრელი ვერაა.
– ავტობანი თანდათან შედის ექსპლოატაციაში, – ამბობს ბორითის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ია პაქსაშვილი, – უბისა და მაქათუბანი გარე სამყაროს მოწყდება. ძირულას ხეობის სოფლების მოსახლეობა ნებისმიერი მიმართულებით ადვილად ვმგზავრობდით. ახლა კი დიდი პრობლემის წინაშე ვართ. თვითმმართველობამ ამ თემებზე მსჯელობა უნდა გავაძლიეროთ“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ამბობს, რომ ავტობანის ექსპლოატაციაში შესვლის პარალელურად ამ ავტობანის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის პრობლემების გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გეგმავს.
„ზუსტად ვიცი, რომ შროშაში წრიული კეთდება და ბაზრობა ისევ ძველ ადგილზე რჩება. – ამბობს მანანა ბარბაქაძე, – სად არის შესაძლებელი ხარაგაულის სოფლებში სავაჭრო სივრცის მოწყობა, ამაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად დეკემბერში უნდა გვემსჯელა. თუმცა ეს შეხვედრა გადაიდო.
საყურადღებოა მაგისტრალის მიმდებარე სოფლებში სკოლების მასწავლებელთა ტრანსპორტირების საკითხი. ეს თემაც დეპარტამენტთან განსახილველია. ხუნევის სკოლა ახერხებს ზესტაფონიდან და ხაშურიდან მომავალი მასწავლებლების სკოლამდე ტრანსპორტირებას. თუმცა, მოსახლეობის გადაადგილების პრობლემა სერიოზულია.
ადგილობრივი ხელისუფლება შიდა ტრანსპორტის დასანიშნად ტენდერის გამოცხადებას აპირებს. თებერვალში საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებს აუცილებლად უნდა შევხვდეთ“, – ამბობს მანანა ბარბაქაძე.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
გარესამყაროს მოვწყდით, შველა გვჭირდება, – წუხს რიკოთის ავტობანის მიღმა დარჩენილი სოფლების მოსახლეობა
რიკოთის ავტობანის მიღმა დარჩენილი სოფლების მოსახლეობისთვის ტრანსპორტირება „ჯოჯოხეთად“ იქცა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი