რიკოთის ავტობანის რამდენიმე მონაკვეთის ექსპლოატაციაში შესვლის გამო ტრანსპორტირება ხუნევისა და ბორითის თემების სოფლების მოსახლეობისთვის დღეს ყველაზე დიდი პრობლემაა.
ნათქვამს საკუთარი თვალით ნანახი სჯობია და ხაშურიდან ხუნევის სკოლის მასწავლებელთან ერთად გავემგზავრე.
დილაადრიან ხაშური-ქუთაისის მიკროავტობუსით ვერტყვიჭალაში ჩავედით. ხეობაში საშინელი ქარია. თუ გაგვიმართლა და ავტობანის მშენებელმა მიკროავტობუსით გამოიარა, გავაჩერებ და წაგვიყვანსო, – მითხრა ჩემმა თანამგზავრმა. ამ ქარიან და ცივ ამინდში ტრანსპორტისთვის ლოდინი ძალიან ძნელია. თუმცა გაგვიმართლა – ხუნევის სკოლის დირექტორი გოჩა ჩადუნელი ვერტყვიჭალის სკოლაში პირად საქმეზე მოვიდა და ხუნევში მისი მანქანით წავედით.
ხუნევის სკოლის სამასწავლებლოში მთავარი განსახილველი თემა ტრანსპორტირებაა. ყველა ამ საკითხზე წუხს.
ლელა გრიგალაშვილი ხუნევიდან ხევში მამასთან კვირაში რამდენჯერმე დადიოდა. „ხუნევში, კაპანაძეების უბანთან რომ გვირაბი გამოდის, იქ ჩავდივარ, – ამბობს ლელა, – საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ ვაყენებ. ავტობანის ამ მონაკვეთზე მანქანის გაჩერება არ შეიძლება. მიკროვტობუსის მძღოლმა მითხრა, კამერების დაყენებას აპირებენ და მერე ვეღარ გავაჩერებო. აბა, რა ვქნა – საქასრიაში უნდა ჩავიდე, ავტობანზე რომ მოვხვდე“.
„გარესამყაროს მოვწყდით, – საუბარს აგრძელებს ნანული ჩადუნელი, – გთხოვთ, ჩვენი ხმა მიიტანეთ ხელისუფლებამდე. ასე როდემდე ვიქნებით. დაპირისპირებისა და გზის გადაკეტვის წინააღმდეგი ვარ. პრობლემის გადაწყვეტად ყველაზე კარგი მოლაპარაკებაა. ამიტომ ხელისუფლებასთან ერთად გამოსავალზე უნდა ვისაუბროთ. რომელი ნორმალური ადამიანი იტყვის ახლა, რომ ჩვენ კარგ დღეში ვართ“.
„მოსახლეობას ინფორმაცია სჭირდება, – ამბობს ხათუნა ცხელიშვილი, – ადგილობრივი თვითმმართველობა ჩვენი პრობლემების გამზიარებელი და ცენტრალურ ხელისუფლებასთან მიმტანი უნდა იყოს. ამიტომ მათგან მხარდაჭერას ველოდებით“.
„გაკვეთილებზე სულ იმას ვფიქრობთ, სახლში როგორ დავბრუნდეთ“
ხუნევის სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ირმა შველიძე მაქათუბნიდან, ხოლო ფიზიკის მასწავლებელი ირმა მახათაძე ზესტაფონიდან დადის.
„დილა რომ თენდება, ჩემი ერთადერთი საფიქრალი ისაა, ხუნევის სკოლაში როგორ მივალ, – ამბობს ირმა შველიძე, – გაკვეთილებზეც იმას ვფიქრობ, სახლში როგორ დავბრუნდე. ძალიან ვწავლობ, მით უფრო ახლა, როცა ზამთარი, ცივი ამინდები და ძლიერი ქარია“.
„ზესტაფონიდან ხუნევამდე თბილისში მიმავალ მიკროავტობუსს გამოვყევი, – ამბობს ირმა მახათაძე, – მძღოლს რომ არ ეთქვა, ვერ მივხვდებოდი, სად უნდა ჩამოვსულიყავი – ღრომეთის უბანთან რომ გვირაბი გამოდის, იქ გამიჩერა. შემდეგ სკოლისკენ ერთ კილომეტრზე მეტი ფეხით ვიარე. უკანაც იმ გზით უნდა დავბრუნდე. ტრანსპორტის გაჩერება იმ ადგილზე არ შეიძლება, მაგრამ მძღოლს ვეცოდებით და სათვალთვალო კამერის დაყენებამდე, გვირაბთან გვიჩერებს. სათვალთვალო კამერებს რომ დააყენებენ, მძღოლები ჩვენთვის ანგარიშის გაწევას ვეღარ შეძლებენ“.
ხუნევის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვს
დღეს ხუნევში მოსახლეობის კრებაა დანიშნული. კრებაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ხუნევში განსახორციელებელი პროექტები უნდა შეარჩიონ. ხუნევის სკოლის მასწავლებლებთან საუბარში კრების დაწყების დროც მოვიდა. სკოლიდან ხუნევის ძველი საბავშვო ბაღის შენობაში გადავინაცვლეთ. ორმოცდაათამდე მოქალაქე მოვიდა. მერის წარმომადგენელმა კახა ლომიძემ მოსახლეობას ჩამოუთვალა ის პრობლემები, რომლებიც სოფლისთვის გამოყოფილი თანხით უნდა მოგვარდეს.
შეხვედრაზე მყოფი რამდენიმე მოქალაქე ავტობანის გახსნის გამო უგზოობის პრობლემაზე იწყებს საუბარს.
„ეს სოფლის გზები კარგია, ჩემო კახა, მაგრამ რა გვეშველება, როგორ წავიდეთ ხაშურში, ზესტაფონში, თბილისში. კერძო ტრანსპორტი ვისაც არ გვყავს, რა ვქნათ?! ინფორმირებულები ვიყავით, რომ ძველი გზა დარჩებოდა და ავტობანზე ხუნევიდანაც მოვხვდებოდით. მოვიდეს მუნიციპალიტეტის მერი, დაგველაპარაკოს, აგვიხსნას, რა ხდება“, – ამბობს გიორგი ნოზაძე.
„ონკოლოგიური ავადმყოფი ვარ. ქიმიას რომ ვიკეთებ, თბილისიდან ზოგჯერ სახლში ღამით დაბრუნება მიწევს. ახლა როგორღა ვიმგზავრო. საქასრიამდე ჩასვლა ჩემთვის პრობლემაა“, – წუხს ლია ბლიაძე.
„უბისიდან ხუნევში ყოველდღე დავდივარ, – ამბობს ხუნევის საბავშვო ბაღის გამგე ნინო ჭუბაბრია, – ჩემი შვილიც აქ დამყავს პირველ კლასში. დღეს ვერტყვიჭალიდან ავტობანის მშენებლებმა მიკროავტობუსით წამოგვიყვანეს. ღრომეთთან ჩამოვედი და მერე ფეხით მოვედი. გამოსავალი დროულად უნდა მოიძებნოს. ცოდოა ხალხი“.
ხუნევის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ლენა აბაშიძე მოსახლეობას ჰპირდება, რომ მუნიციპალიტეტის მერი მათ შეხვდება. მერის წარმომადგენელი კახა ლომიძე კი პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზაზე – შიდა ტრანსპორტის დანიშვნაზე საუბრობს.
გზა, რომელიც შორია…
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას გედსამანიაში შეხვდა. აქურებმაც შეხვედრა უგზოობაზე საუბრით დაიწყეს.
„გედსამანიელები უფრო ცუდ დღეში ჩავვარდით, – ამბობს თინა ჩადუნელი, – საქასრიამდე ტაქსით მგზავრობა 20 ლარი ღირს. თუ ფეხით წავედით, ხუნევიდან საქასრიაში ან ვერტყვიჭალაში როგორ მოვხვდეთ, არ ვიცით. დიდ გაუგებრობაში აღმოვჩნდით“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი გედსამანიაში მოსახლეობას ახალი გზის მშენებლობასა და მანამდე მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნაზე ესაუბრა.
„ახლახან საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შევხვდი, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – შევთანხმდით, რომ ალტერნატიული გზა უნდა გაიყვანონ ნადაბურის გადასახვევიდან ხუნევამდე მდინარის კალაპოტის მიმართულებით. ეს გზა ხუნევს ავტობანთან დააკავშირებს. დიდი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი.
სანამ ეს გზა აშენდება, მუნიციპალური ტრანსპორტი უნდა დავნიშნოთ. ეს ტრანსპორტი ბორითიდან ხევამდე კვირაში ხუთ დღეს იმოძრავებს და დღის განმავლობაში ორჯერ გადაადგილდება. ამ მუნიციპალური ტრანსპორტის დასანიშნად ტენდერს უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ.
გარდა ამისა, კვირაში ორჯერ, ნადაბური-ხარაგაულის მიკროავტობუსიც შემოვა ხუნევში. ეს ცოტა შეღავათს მოგვცემს მანამდე, სანამ ალტერნატიული, ახალი გზა აშენდება“.
ახალი გზის მშენებლობის იდეას მოსახლეობა სკეპტიკურად შეხვდა. მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ ახალი გზის გაყვანას მინიმუმ ორი წელი მაინც დასჭირდება. ამასობაში კი, უტრანსპორტობის გამო, შესაძლოა, ბევრი ოჯახი იძულებული გახდეს, რომ სოფელი დატოვოს. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ უმჯობესია, ღრომეთის უბნიდან ავტობანზე ასასვლელი გზა მოეწყოს.
„ხომ ჯობია, მოსახლეობას გვკითხონ, შეგვხვდნენ და ერთად ვიმსჯელოთ, – ამბობს გიორგი ნოზაძე, – მოვიდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან, ადგილობრივი ხელისუფლებიდან, ჩვენ ჩვენი მოსაზრება გავაცნოთ და როგორც უკეთესია, ისე გადაწყდეს. სამწუხაროა, რომ არავინ გვისმენს. დროულად შველა გვჭირდება, რომ უგზოობის გამო, სოფელი მოსახლეობამ არ დატოვოს“.
…კრება დამთავრდა და ხაშურიდან წამოსული უკან ვბრუნდები. ხუნევის სკოლიდან ღრომეთისკენ მივდივართ, რომ ავტობანზე ავიდეთ და გამვლელ ტრანსპორტს დაველოდოთ.
მაქათუბნელი და ზესტაფონელი მასწავლებლები ავტობანის მეორე მხარეს უნდა გადავიდნენ. ეს კი არც თუ ისე უსაფრთხოა.
ისევ გაგვიმართლა და ავტობანზე ჩემი თანამგზავრის, ხუნევის სკოლის მასწავლებლის, ნაცნობმა მძღოლმა გაგვიჩერა. მასთან ავტობანის მიღმა დარჩენილი სოფლების მოსახლეობის ტრანსპორტირების პრობლემაზე ვიწყებ საუბარს.
მძღოლი ამბობს, რომ „უმჯობესია ავტობანზე ასასვლელი გზა ხუნევში, ღრომეთში მოეწყოს. ნადაბურის გადასახვევიდან ახალი გზის გაჭრა მეტად ხარჯიანიც იქნება და არც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებისთვის იქნება ხელსაყრელი.
ძირულას ხეობის სოფლების მოსახლეობა ადვილად მგზავრობდა. სახლიდან გამოვიდოდნენ და საითაც სურდათ, ადვილად მგზავრობდნენ. ახლა მგზავრობა მათთვის ძალიან დიდი დისკომფორტია“.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
რიკოთის ავტობანის მიღმა დარჩენილი სოფლების მოსახლეობისთვის ტრანსპორტირება „ჯოჯოხეთად“ იქცა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ზამთრისთვის
მანანა ტაბაშიძე – ამ სახელისა და გვარის გაგონებისას ბევრს
იმერული ღვინის კონკურსში – Imeretian wine Challenge 2024
დღეს, 4 ნოემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის