რიკოთის ავტობანის რამდენიმე გვირაბის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფელი, ფაქტობრივად, გარე სამყაროსგან მოწყვეტილი აღმოჩნდა. ვერტყვიჭალას, ხუნევს, გედსამანიას, ბჟინევსა და ვერტყვილას რიკოთის ავტომაგისტრალი გვერდს უვლის და ხაშურიდან მომავალი ტრანსპორტი ამ სოფლების ტერიტორიაზე ვეღარ ხვდება.
ვერტყვიჭალაში მცხოვრები თამაზი გოგოლაძე ამბობს, რომ ტრანსპორტირება ძალიან გართულდა და ავტობანზე მოსახვედრად ერთი საათის განმავლობაში ფეხით სიარული უწევს.
„ვერტყვიჭალიდან ზესტაფონამდე და ხაშურამდე მიკროავტობუსი სამშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს ხაშურში, ხოლო ორშაბათსა ოთხშაბათს ზესტაფონში დღეში ერთხელ მოძრაობს. თუ სადმე წასვლა გინდა, ან ამას უნდა გაჰყვე, ან ნადაბურის მიკროავტობუსს – ორშაბათსა და ოთხშაბათს. თუ სხვა დღეებში დაგჭირდა სადმე წასვლა, მაშინ საქასრიამდე ოთხი კმ ფეხით უნდა გაიარო, სადაც სპეციალური გასაჩერებელია გამვლელებისთვის და იქიდან გაყვე რამეს,“ – ამბობს თამაზი გოგოლაძე.
„ხუნევი, გედსამანია და ვერტყვიჭალა, ფაქტობრივად, საერთოდ ჩაიკეტა, – ამბობს ვერტყვიჭალაში მცხოვრები არჩილ ბლიაძე, – არანაირი ტრანსპორტი ამ სოფლებში აღარ შემოდის. ბოლო პერიოდში შორს არსად გავსულვარ. აქ, სოფლებში გადასაადგილებლად, მოსახლეობა საკუთარ ტრანსპორტს მიჩერებს და მივყვები. სკოლის პედაგოგებს საქასრიაში უწევთ ჩამოსვლა და იქიდან ფეხით მოდიან ვერტყვიჭალის სკოლამდე“.
ხუნევის სკოლის დირექტორი გოჩა ჩადუნელი ამბობს, რომ მას საკუთარი ტრანსპორტი ჰყავს და გადაადგილება არ უჭირს, თუმცა ამ სკოლის პედაგოგები სკოლამდე მოსასვლელად ძალიან წვალობენ.
„დეკემბერში, მას შემდეგ, რაც რიკოთის ავტობანის გვირაბები გაიხსნა, ჩვენი სკოლის ხაშურიდან და ზესტაფონიდან მომავალ პედაგოგებს ვერტყვიჭალაში ტრანსპორტს ვახვედრებდი. მძღოლებს ვთხოვე და მორიგეობით მუშაობდნენ. ამას მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, ბუნებრივია, ვერ გავაკეთებთ. ცუდ დღეში არიან მასწავლებლები. ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი საქასრია-ხევის მარშრუტზე მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნაა. ამ ტრანსპორტით, მასწავლებლების გარდა, მედპერსონალი და საბავშვო ბაღების თანამშრომლებიც ისარგებლებენ. აუცილებელია, ამ ტრანსპორტმა სვლაგეზი კვირაში მინიმუმ ხუთი დღე და დღეში რამდენჯერმე შეასრულოს.
ხუნევიდან ხარაგაულში, ხაშურში ან ზესტაფონში თუ მიდიხარ, ფაქტობრივად, ჯოჯოხეთი უნდა გაიარო, – ან მეზობელს უნდა სთხოვო, ან ვინმეს, რომ ავტობანამდე მიგიყვანოს, ან რამდენიმე კილომეტრი ფეხით უნდა გაიარო. ხაშურიდან ხუნევში მომავალი ბევრი მგზავრი, სად უნდა ჩამოვიდეს, ამასაც ვეღარ გებულობს და ზოგჯერ საქასრიამდე ჩადიან და იქიდან წამოსვლა უფრო რთულია. ფაქტობრივად, გარე სამყაროს მოწყვეტილები ვართ“, – ამბობს გოჩა ჩადუნელი.
ხევის სკოლის დორექტორი გვანცა ხადილაშვილი ამბობს, რომ, ჯერჯერობით, ხევში ტრანსპორტი ძველებურად მოძრაობს, რადგან ავტობანის ის მონაკვეთი არ გახსნილა.
„ჩემი ინფორმაციით, სკოლასთან ავტობანზე გადასასვლელს აკეთებენ და ტრანსპორტით გადაადგილება არ გაჭირდება, თუმცა ქვეითებისთვის გზა დაგრძელდება. ჩემს სკოლაში თანამშრომელი ხუნევიდან დადის. მას ჯერ საქასრიაში უწევს ჩასვლა და შემდეგ მოდის ხევამდე“,- ამბობს გვანცა ხადილაშვილი.
„მუნიციპალური ტრანსპორტის თანადაფინანსებისთვის დაახლოებით 50 ათასი ლარის ღირებულების ტენდერები უკვე გამოცხადებულია, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი, – ახალი სვლაგეზების სუბსიდირების თემას რწმუნებულებთან ერთად განვიხილავთ. იქ, სადაც ავტობანი ექსპლუატაციაში უკვე შევიდა, მოსახლეობას შიდა გზაზე გადაადგილება გაუჭირდა. დაგეგმილი გვაქვს, რომ ბორითიდან ხევამდე მუნიციპალურმა წრიულმა ტრანსპორტმა იმოძრაოს. ეს, რა თქმა უნდა, ერთი ხელის მოსმით, დღესვე ვერ გაკეთდება, მაგრამ უახლოეს ხანში გადავწყვეტთ.
ეს საკითხი დღის წესრიგში ჩვენდა მოულოდნელად დადგა. რა თქმა უნდა, შევეხიდებით მოსახლეობას, რომ მათ ჰქონდეთ საშუალება, რომ იაფი ტრანსპორტით იმოძრაონ. ტენდერის გამოსაცხადებლად დროა საჭირო და მასაც შესაბამისი პროცედურები აქვს. თუმცა, დაგეგმილი გვაქვს და აუცილებლად გავაკეთებთ“.
თამთა გოგოლაძე
ამავე თემაზე:
გარესამყაროს მოვწყდით, შველა გვჭირდება, – წუხს რიკოთის ავტობანის მიღმა დარჩენილი სოფლების მოსახლეობა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი