ახალი წლის მოახლოება იმედსა და რწმენას გვიძლიერებს, რომ მომავალი აწმყოზე უკეთესი იქნება.
თითქმის ერთი წელია, უკრაინელი ხალხი გმირულად იცავს საკუთარ ქვეყანას მტრისაგან. როგორ ხვდება რუსეთთან ომში ჩართული უკრაინა ახალ წელს, – ხარკოვში მცხოვრებ მადონა კაპანაძისგან შევიტყობთ.
– შემართებით, გამარჯვების რწმენით, მომავლის იმედითა და ტკივილიანი სიხარულით ვხვდებით ახალ წელს, – ამბობს მადონა კაპანაძე, – კიევში თეთრი მტრედებით შემკული ნაძვის ხე დადგეს. მტრედი ხომ მშვიდობის სიმბოლოა. დედაქალაქს გამუდმებით ატერორებენ, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს ანადგურებენ. ძალიან რთული პერიოდი აქვს უკრაინას, მაგრამ ამ ერის გამტეხი არავინ მეგულება. ან ვინ შეიძლება შეძლოს, ის რაც უკრაინელმა ხალხმა გააკეთა? ვინ დაბრუნდება დაბომბილ და დამწვარ სახლში და გააგრძელებს ცხოვრებას? ხარკოვში 1 200 000 ადამიანი უკვე დაუბრუნდა თავის სახლსა და სამსახურს.
19 დეკემბერს, ნიკოლოზობის დღესასწაულზე, ტრადიციისამებრ, დილით წმინდა ნიკოლოზი „მოდის“ პატარებთან და ტკბილი საჩუქრები მოაქვს. ბავშვები მიიწვიეს და დაასაჩუქრეს, ხარკოვის ყველა რაიონში საზეიმო შეხვედრები გაიმართა.
50-მეტრიანი ნაძვის ხე დადგეს ხარკოვის მეტროს სადგურზე „უნივერსიტეტი“. მეტროს სადგურები რაკეტული თავდასხმების დროს თავშესაფრად გამოიყენება, მაგრამ თითქმის ყველა მათგანი საახალწლოდაა მორთული. იქნებ, ვინმემ იფიქროს, ომია და რა ეზეიმებათო, მაგრამ, დამერწმუნეთ, სწორედ ახლა გვჭირდება სიმხნევე და პოზიტივი.
ქალაქში 23:00 სთ-დან კომენდატის საათი იწყება, არ მუშაობს შუქნიშნები, ქუჩის განათება და რეკლამები, ირგვლივ წყვდიადი ისადგურებს. დილით ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება. ტრანსპორტი (მეტრო, ავტობუსი, ტრამვაი, ტროლეიბუსი) უფასოა ყველა მგზავრისთვის. ქალაქი სუფთავდება, კომუნალური სამსახურები გმირობის რეჟიმში მუშაობენ. გუშინ აფეთქებების ხმამ ფანჯრები შეაზანზარა, ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ ირანული დრონები „დაადუღა“. თითქოს მივეჩვიეთ ამ მდგომარეობას, პანიკის ეფექტი შემსუბუქდა.
თითქმის ათი თვე ვცხოვრობდით მეგობრის სახლში, მუკაჩევოში, ძალიან კომფორტულ და მშვიდ გარემოში, მაგრამ შენს სახლში სულ სხვა შეგრძნებაა.
ეს რა საშინელება ჩაიდინა ტერორისტმა რუსეთმა, მათმა „მიწების შემგროვებელმა“ (ასე უწოდა თავის თავს პუტინმა, собиратель земель) პრეზიდენტმა. კიევი რომ სამ დღეში ვერ აიღო, მერე ჩვენი ფიზიკური განადგურება მოინდომა სიცივით, სიბნელით, შიმშილით… არც ეს გამოუვიდა, ხალხი ერთ მუშტად შეიკრა, „გაუტეხელობის პუნქტები“ შეიქმნა.
ჩემს სკოლაში მზადდება ცხელი კერძები, ჩაი, ყავა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გათბეს, ისადილოს, გაჯეტები დატენოს. ამასაც გავუძლებთ, მსოფლიო მხარდაჭერა გვაძლიერებს, საოცრება ის არის, რომ ევროპაში ევაკუირებული ყველა ოჯახი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს.
ჩვენი რუსულენოვანი ხარკოვიდან ყველაზე გაუტეხელი და „ბანდერული“ ქალაქი მიიღეს, რუსეთისადმი ზიზღით სავსე. ნელ-ნელა ვივიწყებთ რუსულ ენას და უკრაინულზე გადავდივართ. ჩემი საგანიც „რუსული ენა და ლიტერატურა“, „საზღვარგარეთის ლიტერატურით“ ჩანაცვლდა და ახლა უკრაინულად ვასწავლი.
ნაძვის ხე სახლშიც მოვრთე, ოღონდ ორმეტრიანი არა – ის აივანზეა შეფუთული, ჩემი ხელით გავაკეთე და უკრაინის გამარჯვება და მშვიდობა ჩავუთქვი.
მინდა მივულოცო ჩემს საყვარელ ხარაგაულს, ყველა ხარაგაულელს, დამდეგი ახალი წელი, ყველა კეთილი სურვილი აგხდენოდეთ, მშვიდობისა და წარმატებების წელი გქონოდეთ, ხვავი, ბარაქა, სითბო და ბევრი ღიმილი თქვენ“.
თამთა გოგოლაძე
ფოტოზე – ხარკოვში ნაძვის ხე მეტროს სადგურში აანთეს
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
ვერ ვიჯერებდი, რომ პირველ სექტემბერს სახლში ვიყავი და არა სკოლაში – მადონა კაპანაძე
ხარაგაულელი ლიზი კიკნაძე ხარკოვის უნივერსიტეტის სტუდენტია
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი