„ვისურვებდი, რომ ომის საშინელება არავის არასოდეს განეცადოს. მჯერა, უკრაინა გაიმარჯვებს და ეს საქართველოს გამარჯვება იქნება“, – ამბობს უკრაინაში მცხოვრები ხარაგაულელი ხათუნა პაქსაშვილი.
ხათუნა პაქსაშვილი, 31 წელია, ოჯახთან ერთად უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე თემურ ღუღუნიშვილი, ორი შვილი და ორი შვილიშვილი. საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და სოფელ ისლარში ძმის ოჯახს მიაშურა.
„საქართველოში ერთი თვის წინ ვიყავი, 18 თებერვალს გავფრინდით უკრაინაში, – გვიამბობს ხათუნა პაქსაშვილი, – ყველა მეუბნებოდა, რომ ომის საშიშროება იყო, მაგრამ არ მჯეროდა. აეროპორტში თანამშრომელმა მოგვაძახა, „მშვიდობას გისურვებთო“. გამიკვირდა, ეს რომ მითხრა.
24 თებერვალს დილით ადრე მეუღლემ გამაღვიძა. მეგონა, მაღვიძარამ არ დარეკა და სამსახურში მაგვიანდებოდა. ომი დაიწყოო, მითხრა და ფანჯრიდან დაბომბვისგან განათებული ცა დავინახე…
პირველ რიგში შვილები მოვიკითხე, შემდეგ ყველა ჩემს მეგობარსა და ახლობელს დავურეკე. ყველა შოკში ვიყავით. რამდენიმე დღე სახლში გავატარეთ. მერე გაგვაფრთხილეს, რომ თავშესაფარში უნდა წავსულიყავით.
მეტროში ჩავედით. იქ ჩვენთან ერთად სამი ქართული ოჯახი იმყოფებოდა. მეტროში ძალიან ციოდა. მეშვიდე დღეს ვაგონში ვინც ვიყავით, თითქმის ყველა გაცივდა. ჩემს მეუღლეს კოვიდი ახალი გადატანილი ჰქონდა. ამიტომ შემეშინდა და ვთქვი, რომ უნდა წამოვსულიყავით.
დიდი წვალებით, დაბომბვის პარალელურად გავრბოდით. ჯერ დნეპრში ჩავედით, შემდეგ კი – რუმინეთში. ჩემთან ერთად მეუღლე, ქალიშვილი და შვილიშვილები იმყოფებოდნენ. ჩემი ვაჟი და სიძე უკრაინაში დარჩნენ… საშინელი დღე იყო.
რუმინეთის საზღვრამდე მანქანით მივედით. იქ ადგილობრივები ქუჩებში საკვებით, ცხელი სასმელებითა და ხილით გაგვიმასპინძლდნენ. მათი დანახვისას ცრემლებს ვერ ვიკავებდი. ბუქარესტიდან საქართველოში გადმოვფრინდით.
დილით თვალს რომ ვახელ, პირველ რიგში, ჩემს შვილს ვურეკავ, შემდეგ – ჩემს მეგობრებს. ბევრმა ახლობელმა უკრაინა დატოვა, თუმცა უმრავლესობა მაინც იქ არის. ჩემი სახლი, როგორც ვიცი, ჯერჯერობით, დგას, ფანჯრები ჩამსხვრეულა. სახლთან ახლოს ახალი სუპერმარკეტი იყო გახსნილი, ის დაბომბეს.
ხარკოვში მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილი იყო. მეტროში რომ ვიყავი, იქაურების საუბარს ვისმენდი. ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, რუსეთის ხსენება აღარავის უნდა. უკრაინელები ძალიან ერთსულოვანი ხალხი აღმოჩნდა, ერთმანეთს გვერდით უდგანან.
მეტროში თავიდან ჩვენ, მოსახლეობას მიგვქონდა საკვები, შემდეგ ხელისუფლება გვამარაგებდა. განსაკუთრებულ ყურადღებას ბავშვებს აქცევდნენ, წამლებსა და საკვებს გვირიგებდენენ.
ომი რომ დამთავრდება, უკრაინაში უნდა დავბრუნდე და ცხოვრების იქ გაგრძელებას ვგეგმავ. ვუყურებ უკრაინელ ხალხს, რომელიც შიშველი ხელებით დგას რუსი ჯალათების წინაშე. ვფიქრობ, რომ ამ ერს ვერაფერი დაამარცხებს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“.
თამთა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი