თითქმის ერთი წელია, უკრაინაში ომი მიმდინარეობს. ფრონტზე მებრძოლი მეომრები გმირულად იცავენ სამშობლოს. უმძიმესია მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობა. არანაკლებ მძიმე დღეში არიან ის უკრაინელები, რომლებიც სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ და საკუთარი ნათესავების შესახებ, ზოგჯერ, ინფორმაციაც კი არ აქვთ.
ხარაგაულში, 62 წელია, ცხოვრობს უკრაინელი თამარ კისლიცა-ლურსმანაშვილი. ის ლუგანსკის ოლქის ქალაქ კადიივკადანაა. ძალიან განიცდის, რომ ძმისშვილებისა და დისშვილების ოჯახებს ვეღარ უკავშირდება.
„კარგა ხანია, ჩემებთან კონტაქტი აღარ გვაქვს, – წუხს ქალბატონი თამარი, – ჩემი ერთი დისშვილისა და ძმისშვილის ოჯახები კადიივკაში არიან და მათ შესახებ არაფერი ვიცი. მეორე ძმისშვილის ოჯახი კიევში ცხოვრობს. მეორე დისა და მესამე ძმის ოჯახები პოლტავასა და ხარკოვში არიან. ორი თვეა, მათზე აღარაფერი გაგვიგია.
როდის იყო, რომ უკრაინელები და რუსები ომობდნენ, მაგრამ პუტინმა ასე გააკეთა. უკრაინელებსა და ქართველებს საერთო მტერი გვყავს – რუსეთი. იმიტომ არ ვამბობ, რომ მეუღლე ქართველი მყავდა – ქართველებსა და უკრაინელებს ერთმანეთი გვიყვარს, ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ. ზოგადად, რუსებზე ამას ვერ ვიტყვი.
უკრაინელები ძალიან გულკეთილები, ყურადღებიანები არიან. ასევე არიან ქართველები და ამიტომ ერთმანეთს ვუგებთ. ამას წრფელი გულით ვამბობ. ოჯახი უკრაინელებისთვის, ისევე როგორც ქართველებისთვის, უმთავრესია. უკრაინელი კაცი მეუღლის გარეშე არსად წავა – არც სტუმრად და არც საქეიფოდ“.
ლუგანსკის უმაღლეს სასწავლებელში რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი იყო თამარ კისლიცა, მომავალი მეუღლე, ხარაგაულელი ნოდარ ლურსმანაშვილი რომ გაიცნო. ნოდარ ლურსმანაშვილი მაღაროს მშენებელი ინჟინერი გახლდათ და უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, ორი წელი უნდა ემუშავა, რომ დიპლომი მიეღო. ის დომბასსა და ლუგანსკში ქვანახშირის მაღაროებს აშენებდა.
თამარის მშობლები თვლიდნენ, რომ მისთვის ოჯახის შექმნა ჯერ ადრე იყო. თუმცა, მომავალი სასიძო ისე მოეწონათ, რომ წინააღმდეგობა აღარ გაუწიეს.
„ძლიერი, პატიოსანი, ალალი კაცი იყო ჩემი მეუღლე, – იხსენებს ქალბატონი თამარი, – მამაჩემი მეორე მსოფლიო ომიდან რომ დაბრუნდა, გვერდიდან აღარ მიშორებდა. მე უმცროსი ქალიშვილი ვიყავი. ორი ძმა და ორი და მყავდა. მამა ჩემს გარეშე საჭმელსაც კი არ მიირთმევდა. ამიტომ ჩემთან განშორება ძალიან უჭირდა.
ნოდარმა მესამედ რომ სთხოვა მშობლებს ჩემი ხელი, მამა მას შემდეგ დათანხმდა. დედაჩემს უთხრა, – არ ჩანს ცუდი ბიჭიო… ხელი კადიივკაში მოვაწერეთ. ცოტა ხანს იქ ვცხოვრობდით. შემდეგ საქართველოში ჩამოვედით. უმაღლესი სასწავლებელი დაუსწრებლად დავამთავრე. 25 წლის განმავლობაში თეთრაწყაროს სკოლაში რუსული ენის მასწავლებლად ვიმუშავე.
…ტკბილი ოჯახი გვქონდა. ჩემი მეუღლე 60 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. საუკეთესო მეუღლე, მამა და ბაბუა იყო. ჩემთვის ძნელია მის გარეშე ცხოვრება. მის ხსოვნასა და საფლავს უდიდეს პატივს ვცემ.
ახლა ხარაგაული ისეთი აღარაა, ჩემი ახალგაზრდობის დროს რომ იყო. დაიცალა აქაურობა. ახალგაზრდები ნაკლებად არიან.
…ომი არ უნდა იყოს. ომი საშინელებაა. მარტო ამ სიტყვის თქმაც კი მზარავს. ცხოვრებაში მთავარია მშვიდობა. ადამიანებმა ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ და ერთმანეთი გვიყვარდეს. მაშინ ვიქნებით კარგად“.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი