ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ფინალური შეხვედრები დღეს, 20 დეკემბერს, დასრულდა.

წამყვანის წინააღმდეგ დღეს სასულიერო გიმნაზიისა და მარელისის სკოლების გუნდები ასპარეზობდნენ. ფინალში ორივე გუნდმა გაიმარჯვა – მარელისის სკოლამ ანგარიშით 6:4, ხოლო სასულიერო გიმნაზიამ ანგარიშით – 6:2.

ფინალში გამარჯვებულია ასევე ღორეშის სკოლის გუნდი ანგარიშით 6:2. ამ ინტელექტუალური თამაშის შესარჩევ ტურში გამარჯვებულმა ხარაგაულის #2 სკოლის გუნდმა ფინალში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

დღევანდელი ფინალის საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ ქეთევან მანჯავიძე და თაკო სებისკვერაძე (სასულიერო გიმნაზია), ხოლო მარელისის სკოლის გუნდიდან – გიორგი ჭყოიძე. მათ სომბოლურად ბუს ქანდაკებები გადაეცათ.

საუკეთესო მოთამაშეები დაასაჩუქრა ხარაგაულის საკრებულოს წევრმა მარინე ხვედელიძემ, საკუთარი კრებულით – ვალერი გოგნაძემ, საფრანგეთში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულე ნინო კიკნაძემ კი 50-50 ლარით.

ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ტარდება.

ღონისძიების წამყვანის, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, მოსწავლეთა შორის გაზაფხულზე ამ ინტელექტუალური თამაშის მორიგი სერია დაიწყება.