მოსწავლეებს შორის ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ფინალში მონაწილეობაზე ხარაგაულის #2 სკოლის გუნდის წევრებმა უარი განაცხადეს.

ამის შესახებ ამ გუნდის წევრი არმაზი შავიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა ჩვენს არ გამოსვლას შეჯიბრში „რა? სად? როდის?“.

მინდა გითხრათ, რომ დადგმულ სპეკტაკლს, ინტერნეტიდან ამოღებულ შეკითხვებს, რომელზეც ყველას მიუწვდება ხელი და დაზეპირებულ პასუხებს, საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ინტელექუალურ შეჯიბრთან (რასაც, პროექტი უნდა ემსახურებოდეს). არცერთ სკოლას არ ვაყენებ შეურაცხყოფას.

უბრალოდ მე და ჩემს გუნდს უსამართლობის გრძნობა გვიჩნდება, რადგან, თითოეულმა თქვენგანმა ძალიან კარგად იცით, რომ კითხვაზე პასუხის „დაზეპირება“, ცარიელი „გამარჯვებაა“ და არანაირი შედეგი არ მოაქვს ახალგაზრდასთვის.

თუ ჩვენი არ მონაწილეობით, ფიქრობთ, რომ „ბოიკოტი“ გამოვუცხადეთ ვინმეს, ძალიან შემცდარხართ. ე.წ ბოიკოტი ჩვენ უსამართლობას და გაუნათლებლობას გამოვუცხადეთ.

ეს პოსტი ეძღვნება მათ, ვინც ცდილობს „კუდები გამოუბას“ ჩვენს პროტესტს. პრინციპულად უარს ვამბობთ მონაწილეობაზე. რატომ? იმიტომ, რომ „დაზეპირება“ აჩლუნგებს გონებას და ხელს უშლის ნიჭიერი ახალგაზრდების გონებრივ განვითარებას. ამ დროს, თუ ნაცნობი, „ნამეცადინები“ კითხვა ამოვიდა, კი არ ვფიქრობთ კითხვის ლოგიკურ ჯაჭვზე, იმ კითხვის პასუხზე ვფიქრობთ, რომელიც მოცემულ საიტზე, პასუხების ფურცელში ეწერა.

ამის მერე, როცა მეუბნებით, რომ რატო არ გამოდიხარ, როცა პრესტიჟული სკოლის გუნდი ხარ, პრესტიჟულადვე გეუბნებით, რომ „სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს“…

უსამართლოდ მოპოვებულ გამარჯვებას, ისევ პროექტიდან გამოთიშვას ვამოჯობინებთ.

ბოდიშს გიხდით აღელვებისთვის, რომ არ დამეწერა, არ შემეძლო“…

„პირადად შევხვდი ხარაგაულის #2 სკოლის მოსწავლეთა გუნდს, მათი ფინალში მონაწილეობაზე უარის მიზეზი რომ გამერკვია, – ამბობს კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი, ამ კონკურსის ორგანიზატორი მამუკა ჭიპაშვილი, – მათი პრეტენზია, თუ რატომ იყო შეკითხვები ინტერნეტში განთავსებული საიტიდან, ჩემთვის გაუგებარია.

ინტერნეტში არაერთი საიტია, სადაც ინტელექტუალური თამაშების შეკითხვებია გამოქვეყნებული. რატომ არ შეიძლებოდა იმ შეკითხვების დასმა?! მოსწავლეებმა წიგნებიც უნდა იკითხონ და ინტერნეტსაც უნდა გაეცნონ.

საიდან მოვიტანთ შეკითხვებს, ამის წინასწარ განსაზღვრა სწორი არ მგონია. ბევრი კითხვა თავად მე დავწერე, ბევრი ძველი ჟურნალებიდან მოვიძიე, ზოგი მეგობრებმა მომაწოდეს.

მთავარია, რომ პირობები ყველა მონაწილე გუნდისთვის იყო ერთნაირი. ჩემთვის ბუნდოვანია მათი პროტესტი და ვერ ვხედავ ვერავის ბრალეულობას.

ხარაგაულის #2 სკოლის გუნდმა შესარჩევ ეტაპზე კარგად ითამაშა და ფინალში გადავიდა. ფინალში ფორმატიც სხვანაიარია – ისინი წამყვანის წინააღმდეგ მარტო ითამაშებდნენ. ამიტომ მათი პროტესტი სწორად არ მიმაჩნია“.