ხარაგაულში მოსწავლეებს შორის ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ფინალური ეტაპი დაიწყო. ფინალში ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის, მარელისის, ხარაგაულის #2 და ღორეშის სკოლების გუნდები გადავიდნენ.
13 დეკემბერს ღორეშის სკოლის გუნდმა იასპარეზა და ანგარიშით 6:2 გაიმარჯვა.
„ჩვენი გუნდი სკოლაში ჩატარებული ინტელექტუალური შეჯიბრების შემდეგ დაკომპლექტდა და კლასებიდან საუკეთესო მონაწილეები შევარჩიეთ, – ამბობს ღორეშის გუნდის კაპიტანი გენადი ჭუმბურიძე, – ამიტომ გუნდში სხვადასხვა კლასების მოსწავლეები გავერთიანდით.
მე და ელენე მეათეკლასელები ვართ, მურმანი და ავთო – მეთერთმეტეკლასელები, ლუკა – მერვეკლასელია, ხოლო მერი – მეთორმეტეკლასელი.
არ ვთვლი, რომ ჩემი გუნდის წევრებისგან გამორჩეული ვარ. თუმცა, კაპიტნად, ალბათ იმიტომ ამირჩიეს, რომ ძალიან პასუხისმგებლიანი და შრომისმოყვარე ვარ. ფინალისთვის განსაკუთრებით ვემზადებოდით – ვკითხულობდით სხვადასხვა ლიტერატურას, ინტერნეტში ვეცნობოდით ინტელექტუალურ შეკითხვებს.
ასეთი კონკურსების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ცოდნა ვიძენთ. ცოდნით შეიარაღებული ადამიანი კი ყველა საქმეში წარმატებულია“.
ღორეშის სკოლის გუნდის წევრი მურმანი ბიწაძე მიიჩნევს, რომ ინტელექტუალური თამაში ახალგაზრდებს ლოგიკურ აზროვნებას უვითარებს. მურმანს ინტერნეტში ინფორმაციის გაცნობას წიგნების კითხვა ურჩევნია. ავთანდილ სირაძე კი შემეცნებითი ხასიათის ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტში ამჯობინებს.
მერი ბუხნიკაშვილი აბიტურიენტია და დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, მეგობრებთან ერთად ამ შეჯიბრებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა.
„გუნდური მუშაობის გამოცდილება – აი, რა მომცა ამ კონკურსისთვის მზადებამ და მასში მონაწილეობამ“, – ამბობს ელენე კურტანიძე. ელენე ყველა საგანს ერთნაირად სწავლობს, თუმცა, გამორჩეულად ბიოლოგია უყვარს.
ლუკა კურტანიძემ გვითხრა, რომ ამ ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობით სტრესთან გამკლავება ისწავლა. მას ძალიან უყვარს სათავგადასავლო წიგნების კითხვა და ჭადრაკის თამაში. ის ხარაგაულში გამართული ჭადრაკის ჩემპიონატის გამარჯვებულია.
ლუკამ ფინალურ შეხვედრაში სუპერ ბლიცი მოიგო. ის თანაგუნდელებმა და თამაშზე დამსწრე საზოგადოებამ „დღის საუკეთესო მოთამაშედ“ დაასახელეს.
„ეს გამარჯვება დიდი სტიმულია ღორეშის სკოლის თითოეული მოსწავლისა და მასწავლებლისთვის, – ამბობს ამ სკოლის დირექტორი ქეთევან ბარბაქაძე, – გუნდის მომზადებაში ყველა მასწავლებელი თანაბრად მონაწილეობდა. თუმცა, ყველაზე მეტად მათთან ანა გამცემლიძემ იმუშავა“.
„მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური თამაში ბევრი რამის მომცემია, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი – ამ კონკურსის ორგანიზატორი და წამყვანი, ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი, – ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღე წიგნიერმა თაობამ უნდა შექმნას“.
14 დეკემბერს ამ კონკურსის ფინალში ხარაგაულის #2 სკოლის გუნდს უნდა ეთამაში. თუმცა, გუნდის წევრებმა მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
ფინალური შეხვედრის მორიგ თამაშებში მარელისის სკოლის მოსწავლეთა გუნდი 20 დეკემბერს, ხოლო ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის გუნდი 21 დეკემბერს იასპარეზებენ.
ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ტარდება.
ფინალში მოასპარეზე ოთხი გუნდიდან საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი მოსწავლეთა შორის ზამთრის თამაშების გამარჯვებული გახდება.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: ფინალური ეტაპის პირველი თამაშის გამარჯვებული ღორეშის სკოლის გუნდი
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი