ხარაგაულის კინოთეატრში დღეს, 16 ნოემბერს, ინტელექტუალური თამაშის – „რა? სად? როდის?“ პირველი ტური გაიმართა, მოსწავლეებს შორის.
თამაშში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 17 სკოლის 6-6 წევრიანი გუნდი ჩაერთო.
მოსწავლეებმა 20 შეკითხვას უპასუხეს, გუნდების პასუხებს ჟიური (იზა ვეფხვაძე, გივი კურტანიძე, დავით ჩადუნელი) აფასებდა. თამაშის მეორე ტურში ოთხი გუნდი გადავიდა: ხარაგაულის გიმნაზიის (15 ქულით), მარელისის სკოლის (14 ქულით), ხარაგაულის #2 და ღორეშის სკოლების (12-12 ქულით).
„რა? სად? როდის?“ თამაშის მეორე ტურში გუნდები ცალ-ცალკე ითამაშებენ წამყვანის წინააღმდეგ. ოთხი მონაწილე გუნდიდან საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი მოსწავლეთა შორის ზამთრის თამაშების გამარჯვებული გახდება.
მოსწავლეთა შორის ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
ღორეშის საჯარო სკოლის გუნდის წევრი გენადი ჭუმბურიძე ამბობს, რომ გუნდის მომზადებაში პედაგოგები და სკოლის დირექტორი აქტიურად მონაწილეობდნენ.
„თამაშზე რომ ნაკლები გვენერვიულა, ინტელექტუალური შეჯიბრი ჩვენს სკოლაში, კლასებს შორის გავმართეთ. ვეცნობოდით სხვადასხვა ლიტერატურასა და ინფორმაციას ინტერნეტში. ძალიან გვიხარია, რომ მეორე ტურში გადავედით. ეს ჩვენი პედაგოგების დამსახურებაა“, – ამბობს გენადი ჭუმბურიძე.
„ინტელექტუალური თამაშები ჩვენს სკოლაში ხშირად ტარდება, – ამბობს ხარაგაულის #2 სკოლის გუნდის წევრი არმაზ შავიძე, – ვიმეორებდით იმ შეკითხვებს, რომლებსაც ჩვენი სკოლის ძველი თაობის მოაზროვნეებმა უპასუხეს. „რა? სად? როდის?“ სატელევიზიო თამაშებს ვუყურებდით და ხარაგაულში გამართულ ჩემპიონატებს ვესწრებოდით. ყოველთვის გვინდოდა, ამ თამაშში მიგვეღო მონაწილეობა“.
„ჩვენი წარმატება გუნდის თითოეული წევრის დამსახურებაა, მათ დამოუკიდებლად ბევრი იმუშავეს და შედეგიც სახეზეა. ძალიან გვიხარია და ყველაფერს გავაკეთებთ მეორე ტურში საუკეთესო შედეგისთვის“, – ამბობს მარელისის სკოლის გუნდის კაპიტანი გიორგი ჭყოიძე.
„თამაშისთვის მზადებაში ისტორიის პედაგოგი ზეინაბ ბუაჩიძე გვეხმარებოდა, – ამბობს ხარაგაულის გიმნაზიის გუნდის კაპიტანი ქეთევან მანჯავიძე, – ვსარგებლობდით ინტერნეტ გვერდებით, სადაც ინტელექტუალური თამაშის შეკითხვებია მოცემული. გუნდის თითოეული წევრი სახლში ინდივიდუალურად ვემზადებოდით და ახალ-ახალ ინფორმაციებს ერთმანეთს ვუზიარებდით. მიხარია, რომ ხარაგაულში ინტელექტუალური თამაშები ხშირად იმარეთება. მსგავსი შეჯიბრებები ხელს უწყობს მოსწავლეებში სწრაფი აზროვნების გამომუშავებასა და ზოგადი განათლების გაღრმავებას“.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.