ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა.

მხოლოდ 2023 წელს, ევროპაში ძუძუს კიბოს 380 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოში, ყოველ წელს, ძუძუს კიბოს დაახლოებით 2000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

თუმცა, ძუძუს კიბო განაჩენი არ არის. დროული დიაგნოსტირებითა და მკურნალობით სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელია.

„ვარდისფერი ოქტომბერი“- ასე ეწოდება კამპანიას ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. ამ კამპანიის მთავარი მიზანი მოსახლეობაში ძუძუს კიბოს პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და დროული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა.

საქართველოში მოქმედებს უფასო სახელმწიფო პროგრამა „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი“, რომლის ფარგლებში 40-70 წლის ქალებისთვის ძუძუს კიბოს სკრინინგი ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

სკრინინგის სერვისებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდისა და მოსახლეობის აქტიური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, 2026 წელს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ქვეყნის მასშტაბით გასვლითი სკრინინგ-კამპანია დაიწყო.

სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში 218 სკრინინგ-აქცია ჩატარდა, რომელთა ფარგლებში ძუძუს კიბოს სკრინინგი 13 700-ზე მეტმა ქალმა ჩაიტარა.

ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენა ზრდის ეფექტიანი მკურნალობის შესაძლებლობას და ამცირებს დაავადებით გამოწვეული მძიმე შედეგებისა და სიკვდილიანობის რისკს.

ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება სკრინინგს, რომელიც გულისხმობს ჯანმრთელობის მდგომარეობის პროაქტიულ შემოწმებას იმ ადამიანებში, რომლებსაც დაავადების სიმპტომები არ აქვთ, რათა შესაძლებელი გახდეს კიბოს ან საეჭვო ცვლილებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა.

მნიშვნელოვანია, რომ მიზნობრივი ასაკის ქალებმა, სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც, რეგულარულად ჩაიტარონ სკრინინგი – მიმართონ ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებს, ან ისარგებლონ ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებული გასვლითი სკრინინგ-აქციებით.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ალექსანდრე ტაბატაძისგან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულში სკრინინგ-აქცია 22 ოქტომბერს, ჩხერიმელას ხეობის სოფლების მოსახლეობისთვის იგეგმება. აქციის ზუსტი ადგილი უახლოეს დღეებში დაზუსტდება.

ამ აქციის ფარგლებში განხორციელდება:

  • ძუძუს კიბოს სკრინინგი (40-70 წელი);
  • საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი (25-60 წელი);
  • პროსტატის სკრინიგი (50-70 წელი).

აქციით სარგებლობას შეძლებს შესაბამისი ასაკის ყველა მოქალაქე.

ძუძუს კიბოს სკრინინგის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ეროვნულ სკრინინგ ცენტრს, ტელეფონით: +995322203535

ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს გისურვებთ ყველას!