თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის შედეგებით, მოწევის რეგულაციის დარღვევის გამო კაფე-ბარები და რესტორნებიც დაჯარიმდნენ.

თამბაქოს კონტროლის კანონის ძალაში შესვლიდან ოთხი წლის თავზე, პირველად მოხდა, რომ კანონის აღსრულების მონიტორინგის ფარგლებში, ქუჩაში თამბაქოს პროდუქტის არანაირი (ელექტრონული, ან აბრა) რეკლამა არ დაფიქსირებულა.

ასევე, კარგა ხანია აღარ ფიქსირდება პრომო-აქციები, რომელსაც, ძირითადად, სავაჭრო დაწესებულებებში ვაწყდებოდით.

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის, თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე ჯერ კიდევ ფიქსირდება მოწევის რეგულაციის დარღვევის ფაქტები. კერძოდ:

შემოწმებულ დაწესებულებათა 42-44%-ში კვალავაც შენობის შესასვლელ კარზე და შენობის შიგნით გაკრული არ აქვთ აკრძალვის აღმნიშვნელი ნიშნები.

დაფიქსირდა მოწევის რეგულაციის დარღვევა თბილისში არსებულ კაფე-ბარებსა და რესტორნებში. რის გამოც, მონიტორებმა, ოქტომბრის თვეში, 112-ის მობილური აპლიკაციით საპატრულო პოლიცია ოთხჯერ გამოიძახეს სულხან ცინცაძის 5-ში მდებარე კაფე „მასკიში“, სადაც ყოველჯერზე ჩილიმს ეწეოდნენ.

სიგარეტს მოიხმარდნენ ილია ვეკუას 3ა-ში მდებარე „ტერასა ორბელიანზე“ და ათონელის ქ. 9-ში მდებარე „რატის ბარში“, გრიშაშვილის ქ. 11-ში მდებარე რესტორან „მარანში“, იოანე შავთელის 17-ში მდებარე სასტუმრო „ამბასადორის“ პირველ სართულზე განთავსებულ კაფეში. მე-4 სართულზე მდებარე კაფეში კი ჩილიმის აპარატები შიდა სივრცეში მოხმარებისთვის ჰქონდათ გამოფენილი. ყველა შემთხვევაში საპატრულო პოლიციამ საჯარიმო ოქმი გააფორმა.

მოწევის რეგულაციის დარღვევის გამო დაჯარიმდა თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ  მერიოტის“ წინ მდებარე პარკინგზე მდგომი ერთ-ერთი ტაქსის მძღოლი. ქუთაისში კი, ავტოსადგურზე მდგომი მიკროავტობუსის მძღოლი, რომელიც მგზავრების პროტესტის მიუხედავად მაინც არღვევდა მოწევის რეგულაციას და ეწეოდა სიგარეტს.

შემოწმებული სავაჭრო დაწესებულების მცირე, მაგრამ ერთი ნაწილი თამბაქოს პროდუქციას ხილულად ყიდის.

პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო ტიპის შეხვედრები შედგა სხვადასხვა ორგანიზაციებთან, რომლის მიზანიც არის ფართო საზოგადოებისთვის მუდმივად შეხსენება იმისა, რომ შეუძლებელია ნებისმიერი და მით უფრო თამბაქოს კონტროლის კანონი ეფექტურად აღსრულდეს, თუ თითოეული მოქალაქე და მით უფრო პასუხისმგებელი პირი არ იქნება კანონის აღსრულების მცველი. სწორედ ამ მიზნით ბოლო შეხვედრები განხორციელდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ონლაინ ფორმატში); თბილისის მუნიციპალურ ინსპექციაში (პირისპირ შეხვედრა); საქართველოს უზენაეს სასამართლოში, საქართველოს კულტურის სამინისტროში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში და ზედამხედველობის სამსახურში, ასევე საქართველოს კომუნიკაციების კომისიაში და  თელავის მერიასა და ზედამხედველობის სამსახურში.

თამბაქოს კონტროლის ალიანსი