ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებში სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა და ზამთრისთვის შეშით უზრუნველყოფის საკითხი ხარაგაულის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიამ (თავმჯდომარე შმაგი ხიჯაკაძე) მოისმინა.

კომისიის წევრებს ეს ინფორმაცია ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინა ვეფხვაძემ მიაწოდა.

რესურსცენტრის უფროსის ინფორმაციით, ხარაგაულის რამდენიმე სკოლაში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თუმცა, მისივე თქმით, ახალი სასწავლო წლის დაწყების დღისთვის, 15 სექტემბრისთვის, მოსწავლეებს დასუფთავებული და მოწესრიგებული გარემო დახვდებათ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 26-ვე სკოლაში ექიმის კაბინეტი ფუნქციონირებს. ზოგ სკოლაში ექიმი მუშაობს, ზოგან – ექთანი. მარინა ვეფხვაძე ამბობს, რომ ექიმები და ექთნები სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას დღის განმავლობაში რამდენჯერმე ამოწმებენ.

რესურსცენტრის უფროსის თქმით, 26 სკოლიდან შეშა სათბობად 17 სკოლაში გამოიყენება. მისი ინფორმაციით, ხარაგაულის სატყეო უბანი სკოლებს შეშით უახლოეს ერთ კვირაში მოამარაგებს. ერთ სკოლაში, თბობის სეზონზე, დაახლოებით, 10-დან 15 კბმ საშეშე მერქანია საჭირო.

2026 წლის ბოლომდე სოფელ ვარძიის სკოლის გაზიფიცირება იგეგმება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში წყლის დისპანსერები აქვთ და მოსწავლეები სუფთა წყლით უზრუნველყოფილნი არიან.

საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიამ თავმჯდომარე შმაგი ხიჯაკაძე წყალაფორეთის სკოლის ბედით დაინტერესდა. მეექვსე წელია, წყალაფორეთელი მოსწავლეები და პედაგოგები, სკოლის არქონის გამო, წყალაფორეთიდან 15 კმ-ით დაშორებულ, თეთრაწყაროს სკოლის შენობაში დადიან.

მარინა ვეფხვაძე ახალ ინფორმაციას არ ფლობს, თუ როდის აშენდება წყალაფორეთში სკოლა. თუმცა, მისივე თქმით, „ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრებმა კომისიის სხდომაზე აღნიშნეს, რომ უფლებამოსილების ფარგლებში სკოლების პრობლემების მოგვარებაში ჩაერთვებიან.