ტურიზმის განვითარებისთვის რა და როგორ დავგეგმოთ ხარაგაულში, – ამის შესახებ დღეს, 22 ნოემბერს, ხარაგაულის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში იმსჯელეს.
იმერეთის ტურიზმის სამსახურის წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას ამ სამსახურის მიზნები და ამოცანები გააცნეს.
დღესვე ახლახან გამოცემული წიგნი „იმერეთის ასი ძეგლი“ თავად წიგნის ავტორმა, გეოგრაფიის აკადემიურმა დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა წარადგინა.
„იმერეთის ტურიზმის სამსახური 12 მუნიციპალიტეტს აერთიანებს, – აღნიშნა შეხვედრაზე ამ სამსახურის უფროსმა მარიამ დევიძემ, – ჩვენი მთავარი ამოცანაა, იმერეთის რეგიონი როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურისტებისთვის ცნობადი გახდეს. ამ მიზნით სხვადასხვა აქტივობებს მივმართავთ.
ეს არის საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჟურნალისტების ჩამოყვანა, ვიდეორგოლების გადაღება, ბროშურებისა და პოლიგრაფიული მასალების შექმნა.
უნდა ვიყოთ რეალისტები და ვაღიაროთ, რომ იმერეთის მთელ რიგ მუნიციპალიტეტებში და მათ შორის ხარაგაულში, ტურიზმი ძნელად ვითარდება. პირველ რიგში, გვესაჭიროება ინფორმაცია მუზეუმის, მემარნეების, ისტორიული და ბუნებრივი ძეგლების, დღესასწაულების, მეთუნეებისა და ხელოვნების სხვა ოსტატების შესახებ.
ეს ინფორმაცია საჭიროა იმისთვის, რომ ტურისტული სტრატეგია თითოეული მუნიციპალიტეტისთვის შევიმუშაოთ.
სოფელ გელათში ქალაქიდან დაბრუნდა ქალი თავის 200-წლოვან ოდაში და ტურისტებს სთავაზობს არა გამზადებულ პროდუქტებს, არამედ მათი მომზადების პროცესს ჰყიდის, – ტურისტს თავად აცხობინებს მჭადს, ამზადებინებს იმერულ ფხალს. ის, რაც ჩვენ ჩვეულებრივი ამბავი გვგონია, ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველია.
შემთხვევით აღმოვაჩინეთ ხარაგაულში, სოფელ მარელისში გასტროსახლი, რომელიც გადავიღეთ და ვიდეორგოლის სახით სოციალურ ქსელში გავავრცელეთ“.
გიორგი დვალაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ წიგნში „იმერეთის ასი ძეგლი“ ხარაგაულიდან თერთმეტი ობიექტის შესახებ ინფორმაცია შეიტანა.
„ხარაგაულის უნიკალური კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა, სამწუხაროდ, ხარაგაულის საზღვრებს არ სცილდება. ბევრ სახელმწიფოს არ აქვს ის რესურსი, რაც ხარაგაულს გააჩნია. ეს მარგალიტები უნდა შევფუთოთ და ტურისტებს მივაწოდოთ,“ – აღნიშნა გიორგი დვალაშვილმა.
ხარაგაულიდან ამ წიგნში შესულია ინფორმაცია – ისტორიული მუზეუმის, დევის ხვრელის, ჩხერის ციხეს, ვახანის ციხეს, უბისის ტაძრის, კახორის წმინდა გიორგის ტაძრის, ლეღვანის ტბის, ცაშეკრულას კანიონის, ზვარესა და ნუნისის ხეობის, მთა რკინიჯვრის შესახებ.
შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ. ბესო დალალიშვილმა, კახა ლომიძემ, მზექალა გლუნჩაძემ, იზა ვეფხვაძემ, ირინე ჩხეიძემ, ვარლამ ჭიპაშვილმა სოფლებში გავრცელებულ დღესასწაულებზე, ღირსშესანიშნავ ადგილებზე, ხარაგაულში მცხოვრებ ხელოვნების ოსტატებზე ისაუბრეს.
„ფეხდაფეხ დავივლი ხარაგაულში ყველა იმ საინტერესო ადგილს, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, – აღნიშნა შეხვედრის დასასრულს მარიამ დევიძემ, – პირველ რიგში, ველოდები ინფორმაციას ყველა იმ პირის შესახებ, რომელთაც აქვთ საოჯახო სასტუმრო, ქმნიან ორიგინალურ ხელოვნების ნიმუშებს.
სასარგებლოა, სახალხო და საეკლესიო დღესასწაულების კალენდარი შევადგინოთ. მნიშვნელოვანი იქნება ტრადიციად ქცეული სახალხო დღესასწაულების გადაღება და ვიდეორგოლების გავრცელება. ვიმედოვნებ, ამით ხარაგაულის ტურისტული შესაძლებლობები გაიზრდება.
ჩვენ შეგვიძლია გამყოლები, საოჯახო სასტუმროებისა და გასტროსახლების მფლობელი გადავამზადოთ. ასე რომ, უახლოეს ხანში, ხარაგაულის ტურიზმის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ხარაგაულის ტურისტული სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობას დავიწყებთ“.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
„იმერეთის ასი ძეგლი“ – უნიკალური გზამკვლევი გიდებისა და მოგზაურებისათვის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.