პარლამენტში სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატების მოსმენის პროცესი გრძელდება. პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტმა 19 კანდიდატიდან 13 მათგანს უკვე მოუსმინა.

სახალხო დამცველის შერჩევა ერთ-ერთია იმ 12 რეკომენდაციიდან, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

რა ეტაპზეა დანარჩენი 11 რეკომენდაცის შესრულება და როდის გადაწყდება საქართველოს ევროპული მომავალი, ამაზე „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე გვესაუბრება:

„პირველი რეკომენდაცია პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრას შეეხება. ამისათვის, რამდენიმე თვის წინ, საქართველოს პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა და მათი მუშაობის ანგარიშები პერიოდულად უნდა გამოქვეყნებულიყო. ამ ხნის განმავლობაში კომისიას არც ერთი ანგარიში არ გამოუქვეყნებია. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია ჩვენს ქვეყანაში კვლავ ძლიერადაა და „ქართული ოცნება“ ამ პუნქტის შესრულებაზე მეტწილ პასუხისმგებლობას ოპოზიციურ პარტიებს აკისრებს.

საარჩევნო სისტემაში ევროპის საბჭოს, ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნების გათვალისწინება 12 რეკომენდაციიდან მეორეა. ამ მხრივ ხელისუფლება თავის გეგმას მიჰყვება და არ ითვალისწინებს ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ხედვას ამ პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით.

სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით 21 დეკემბრამდე უნდა მომზადდეს კანონპროექტები, რომლებითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეების შერჩევის კონკურსი დარეგულირდება და არსებული ხარვეზები აღმოიფხვრება. თუმცა რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ ორი პირი, რომელთა დაკავშირებითაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, როგორც საქართველოში, ასევე ჩვენი ქვეყნის გარეთაც, დაინიშნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

ელიტური კორუფციული შემთხვევების გამოძიებისთვის მომზადებულია კანონპროექტი და პარლამენტის ბიურომაც განიხილა. აქ მნიშვნელოვანია, რამდენად ექნება მას რეალურად ის შესაძლებლობები, რომ მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები გამოიძიოს და ხომ არ იქნება ეს მხოლოდ ფასადური რეფორმა.

მეხუთე რეკომენდაციის („დეოლიგარქიზაცია“) მიმართ ხელისუფლების ხედვა შემდეგია: უკრაინის კანონის მსგავსი კანონპროექტის ინიცირება, რომელიც ადგენს ზღვარს, ვინ შეიძლება ჩაითვალოს ოლიგარქად და გარკვეულ კრიტერიუმებს ამასთან დაკავშირებით.

უკრაინის კანონის ჩვენს რეალობაში გადმოტანასთან დაკავშირებით მოვისმინეთ უცხოელი პარტნიორების შეფასებები. მათი თქმით, ასე რაღაცის გადმოტანა პირდაპირ, ბრმად ჩვენს კანონმდებლობაში, შესაძლოა, არ იყოს ეფექტიანი და საჭიროა იმ რეალობის გათვალისწინება, რაც ჩვენთანაა.

მეექვსე რეკომენდაციის – ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით უნდა მომზადდეს არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს შეფასებები, თუ რა პრობლემები არსებობს ამ კუთხით და რა ნაბიჯების გადადგმა იქნება ეფექტური.

მეშვიდე რეკომენდაცია ითვალისწინებს იმას, რომ მედიამფლობელების მიმართ სამართალწარმოებამ უნდა უპასუხოს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს. ამ კუთხით ძირითადი აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ შსს, პროკურატურა და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი აქტიურად მიაწვდიან მოსახლეობას ინფორმაციას, თუ რა ეტაპზეა გამოძიება შარშან ივლისში მედიაზე თავდასხმასა და ჩადენილ დანაშაულებებთან დაკავშირებით.

მოწვლადი ჯგუფების უფლებების დაცვას შეეხება მერვე რეკომენდაცია. აქაც ძირითადი აქცენტი გამახვილებულია საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე; რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება იმისათვის, რომ მოწყვლადი ჯგუფების უფლებები იყოს დაცული.

მიმაჩნია, რომ ამ ბოლო ორი რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ უამრავი კითხვის ნიშანი არსებობს.

გენდერული თანასწორობის გაძლიერება ქართულ საზოგადოებაში შედარებით ყველაზე უფრო იოლად შესასრულებელი საკითხია. ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას აქვს, უკავშირდება გაუპატიურების დეფინიციის განსაზღვრას და მის შეტანას კანონმდებლობაში. ამ კუთხით კი პროგრესი ნაკლებადაა.

სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში რაც შეეხება, შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაწილობრივ ხდება, ვგულისხმობ იმას, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია ჯერ კიდევ არის სამუშაო ჯგუფებში. ჩვენ დავინახეთ კონკრეტული შემთხვევა, რომ „სამართლიანი არჩევნები“ გააძევეს სამუშაო ჯგუფიდან და ბუნებრივია, ვერ ვიტყვით, რომ რეკომენდაცია 100%-ით სრულდება.

მეთერთმეტე რეკომენდაცია ეხება კანონის მიღებას, რომელიც უბიძგებს ქართველ მოსამართლეებს, პროაქტიულად გაითვალისწინონ საკუთარ მსჯელობებში ადამიანთა უფლებების ევროპული სასამართლოს შეფასებები. აქ ძირითადი აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ საკანონმდებლო ცვლილებები არის დაგეგმილი. თუმცა, კონკრეტული ვადები არ არის მითითებული.

რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ვხედავთ, რომ ეს არის ზედაპირული მოქმედებები და არ არის რეალური გარდაქმნა.

„ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ისე, რომ არ მოხდეს ხელისუფლების გადანაწილება. თუ დღის წესრიგში სასწორის ერთ პინაზე დადგება ხელისუფლების გადანაწილება და მეორეზე – კანდიდატის სტატუსი, სავარაუდოდ, მეეჭვება, რომ ამისთვის მზად იყოს „ქართული ოცნება“.

12 რეკომენდაციის შესრულების შეფასება და საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მიმიჭება-არმინიჭების საკითხი ევროკომისიის მიერ, მომავალი წლის შემოდგომაზე გადაწყდება“.

თამთა გოგოლაძე

ამავე თემაზე

მთავრობას ისეთი რეფორმების გატარება უნდა მოვთხოვოთ, რაც ევროკავშირთან დაგვაახლოებს

ფილმის „მე და ევროპა“ ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებებს წარმოაჩენს

ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში დასაკარგი დრო არ გვაქვს