უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთ კვირაში, 3 მარტს, საქართველომ, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა. 11 აპრილს ევროკავშირისგან კანდიდატის წევრობის ორნაწილიანი კითხვარი მივიღეთ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს, ხოლო მეორე ნაწილი 10 მაისს გადასცა.
ევროკავშირი და საქართველო – როგორ მოვედით აქამდე
„საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობის რამდენიმე ეტაპი გაიარა, – ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ლევან მახაშვილი, – ჩვენი ისტორიის გარკვეულ მონაკვეთებში, სხვადასხვა მოვლენებისა და ფაქტორების გამო, ჩნდებოდა შესაძლებლობების ფანჯარა, რითაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ღრმავდებოდა. დღემდე ევროკავშირთან დაახლოების სამი ეტაპი გავიარეთ.
პირველ ეტაპზე – 1991-2004 წლებში, ევროკავშირისგან საქართველოს მხარდაჭერა ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარებებით გამოიხატებოდა. ამ პერიოდში პოლიტიკურ ჩართულობასა და ევროპეიზაციაზე საუბარი არ ყოფილა. თუმცა, 1996 წელს ხელი მოეწერა და 1999 წელს ძალაში შევიდა პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება.
2004 წელს, ევროკავშირის დიდი გაფართოების შედეგად, მართალია ზღვით, მაგრამ მაინც ევროკავშირის მეზობლები გავხდით. ამან ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ გარკვეული ინტერესები გააჩინა. ამას დაემთხვა 2003 წლის ვარდების რევოლუცია და დემოკრატიული პროცესების დასაწყისი.
მეორე ეტაპი, რაც 2004-2014 წლებს მოიცავს, მზარდი ჩართულობის პერიოდია. ამ ეტაპზე ევროკავშირი საქართველოში მიმდინარე პროცესებში უფრო აქტიურად ჩაერთო, დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი, გამოგზავნა სხვადასხვა მისია, დაგვეხმარა „მტკივნეული“ რეფორმების დანერგვაში. საქართველო ჩაერთო სამეზობლო პოლიტიკაში; სხვადასხვა პროგრამებში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობა გააქტიურდა. რეალურად, აქედან იწყება საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი. 2008 წელი ერთგვარი გარდამტეხი იყო, – ევროკავშირმა საქართველოში უსაფრთხოების აქტორის როლიც კი იტვირთა.
მესამე ეტაპი 2014 წლიდან დაიწყო, როცა ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი.
საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 2024 წელს უნდა გაეკეთებია, რომ არა რუსეთ-უკრაინის ომი და ეს შესაძლებლობის ფანჯარა. 2024 წლისთვის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დაახლოებით 65-70% გვექნებოდა შესრულებული; დღეისათვის მხოლოდ 40% გვაქვს შესრულებული.
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ამაზე გავლენას ომის შედეგებიც მოახდენს. შესაძლებლობის ფანჯარა როგორც გაჩნდა, ხვალ ისევე შეიძლება დაიკეტოს. ამიტომ ქვეყანას თუ რამის გაკეთება შეუძლია, დროულად უნდა გაკეთდეს იმიტომ, რომ ხვალ რა იქნება, ამის გარანტიას არავინ მოგცემს“.
რას ნიშნავს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი
„ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულების 49-ე მუხლი ამბობს, რომ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას აქვს უფლება, შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, მაგრამ ის აუცილებლად უნდა სცემდეს პატივს, ანუ იცავდეს დამფუძნებელ ხელშეკრულებაში მოცემულ დებულებებს.
რთული გეოპოლიტიკური ვითარების გამო ევროკავშირში წევრად მიღების პროცედურებს არავინ შეცვლის. ნურავის ექნება მოლოდინი, რომ რადგან უკრაინაში ომი მიმდინარეობს, ამის გამო უცებ გააწევრიანებენ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს. ასე ვერ მოხდება, – ამბობს რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი, – ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც განაცხადა, რომ ამ ქვეყნებმა აუცილებლად უნდა გაატარონ საჭირო რეფორმები და გაიარონ ის პროცედურები, რაც ევროკავშირის წევრობისთვის საჭიროა. შექმნილმა მდგომარეობამ რაღაცები დააჩქარა; მაგალითად, ევროკომისიამ ჩვენთვის გადმოსაცემი კითხვარი სამ კვირაში მოამზადა მაშინ, როცა სერბეთისთვის ასეთივე კითხვარის მოსამზადებლად რვა თვე დასჭირდათ.
შესაძლოა, ასევე დაჩქარდეს ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭება, რაც მხოლოდ საზოგადოებაში დამკვიდრებული ნიჰილიზმისა და ევროსკეპტიციზმის დასაძლევად წაგვადგება.
ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ ევროკავშირში ნამდვილად გავწევრიანდებით; თუმცა, ჯერ უცნობია, როდის ვიქნებით მზად გასაწევრიანებლად.
დღეს, შესაძლოა, კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭონ, თუმცა რამდენიმე წელი მაინც დაგვჭირდეს წევრობისთვის ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად; შესაძლოა, კანდიდატის სტატუსი რამდენიმე წლის შემდეგ მოგვანიჭონ და შემდეგ სწრაფად გავწევრიანდეთ, რადგან საჭირო რეფორმები უკვე გატარებული გვექნება.
ახლა მთავარია, მთავრობას მოვთხოვოთ შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რაც ევროკავშირს მეტად დაგვაახლოებს; მაგალითად, გაატაროს სასამართლო რეფორმა, დაიცვას მედიის თავისუფლება, განახორციელოს რეფორმები პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში, დაიცვას უმცირესობების უფლებები და ა.შ.
გზა, რომელიც უნდა გავიაროთ
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ? – ამის შემდეგ ევროკავშირი დაიწყებს იმის შესწავლას, თუ რამდენად შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ეს საკმაოდ რთული პროცესია. ევროკომისიამ უმრავი მისია უნდა გამოაგზავნოს, ექსპერტები დაიქირაოს. მათ უნდა შეადარონ ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა ყველა დარგსა და სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან და უნდა დაადგინონ, სად არის აცდენები. ამის შემდეგ მოლაპარაკების თარიღი დაინიშნება.
თურქეთმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 1999 წელს მიიღო და მოლაპარაკებები 2005 წელს დაიწყო. თურქეთი ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ამ დრომდე არ არის.
მოლაპარაკებების დროს გვეტყვიან, თუ რა გარღვევაა ჩვენს კანონმდებლობაში და ამ ხარვეზების გამოსასწორებლად გარკვეულ ვადას მოგვცემენ. ეს ძალიან ხანგრძლივი და რთული პროცესია.
რატომ არის აუცილებელი ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და რეფორმების გატარება?
ვთქვათ, პანდემიის დროს ოჯახში ხომ ვერ ვიღებდით ადამიანს, რომელიც არ იცავს რეკომენდაციებს, – არ იკეთებს ნიღაბს, არ იბანს ხელებს და ა.შ. ასევე, – თუ ერთ ქვეყანაში, მაგალითად, გამეფებულია მაფია, ან ფულის გათეთრება და ეს ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი, ეს მდგომარეობა გადაედინება ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც. ევროკავშირი თავს იცავს ამ ყველაფრისგან. ამიტომ თავიანთ ოჯახში უშვებენ მხოლოდ იმ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირში მოქმედ ყველა კანონს დაიცავს“, – ამბობს კახა გოგოლაშვილი.
რა შეიძლება მოხდეს 23-24 ივნისს ბრიუსელში
„საქართველოს მთავრობის მიერ შევსებული კითხვარების დაბრუნების შემდეგ ევროკომისიის დასკვნას ველოდებით, – ამბობს ღია საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე, – 23-24 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ევროპულ საბჭოზე შეიკრიბებიან და მიიღებენ გადაწყვეტილებას რამდენად დაუჭირონ, ან არ დაუჭირონ მხარი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
რა ტიპის გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს ევროკავშირმა საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებაში, – ამაზე ზუსტი პასუხი არავის აქვს. არიან ქვეყნები, რომლებიც სკეპტიკურად არიან განწყობილნი და ამბობენ, რომ კანდიდატობის მსურველმა ქვეყნებმა ჯერ ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულონ; არიან ქვეყნები, რომლებიც ამბობენ, რომ – უნდა მივცეთ კანდიდატის სტატუსი და ამით, გარკვეულწილად, რუსეთს სიგნალი გავუგზავნოთ, რომ ეს ქვეყნები ევროკავშირთან უნდა იყვნენ.
არსებობს კიდევ ერთი სცენარი და ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე რეალურია, – კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ იმ შემთხვევაში, თუ გარკვეულ პირობებს შევასრულებთ.
კითხვარების ყველაზე დიდი ნაწილი შეეხებოდა ადამიანის უფლებებსა და მართლმსაჯულების ნაწილს, – არის თუ არა დამოუკიდებელი სასამართლო და არის თუ არა ზეწოლა მოსამართლეებზე. ეს არის ის თემა, რომელსაც ვერ გავექცევით; შარლ მიშელის შეთანხმებაში ამაზე იყო საუბარი, ერთ-ერთ პუნქტად, – რომელიც არ შესრულდა; ჩადებული იყო ერთ-ერთ წინაპირობად მიკროსაფინანსო ნაწილში, სადაც 75 მილიონი დავკარგეთ. უმნიშვნელოვანესია დამოუკიდებელი პროკურატურის საკითხი, პერსონალური მონაცემების დაცვა; არსებობს კითხვები 2021 წლის 5 ივლისს მომხდარ მოვლენებზე. ბოლო სამი წლის განმავლობაში შექმნილმა ვითარებამ ჩვენი, როგორც რეფორმატორი, ქვეყნის იმიჯი ძალიან შელახა.
ევროსაბჭომ, გარკვეულწილად, პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, – თუ როგორ ხედავს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების მომავალს და რამდენად ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა უნდა გახდეს“.
თამთა გოგოლაძე
ამავე თემაზე
საზოგადოებისა და ხელისუფლების დამოკიდებულებებს შორის ძალიან დიდი აცდენაა – ვანო ჩხიკვაძე
სტატია მომზადებულია საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) მიერ ქუთაისში 2022 წლის 30 აპრილს გამართული შეხვედრის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.
შეხვედრა ჩატარდა თემაზე – „საქართველო და ევროკავშირი: 10 წლიანი წარმატებული თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში“.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი