„XXI საუკუნეში სოფელში გაზი რომ ვერ შემოიყვანეს, სამარცხვინოა“;
„მარელისს რა ეშველება, ნეტავ, ბუნებრივი აირი როდის ეღირსება, ან სხვა სოფლებმა რა დააშავა, რომელი საუკუნეა?! ხალხი ისედაც მოკლებულია ყველაფერს. იქნებ, ეგ ბედნიერება მაინც გვეღირსოს“;
„საღანძილე ხარაგაულიდან ყველაზე ახლო სოფელია და საერთოდ არაა ჯერ გეგმაში“;
„მაგ ტემპით შორს ვერ წახვალთ; დაიცალა ხალხისგან, ისედაც ღარიბი და უპატრონო რაიონი“, – ეს იმ კომენტარების მხოლოდ ნაწილია, ხარაგაულის სამი სოფლის გაზიფიცირების ტენდერის გამოქვეყნებას რომ მოჰყვა, „ჩემი ხარაგაულის“ გვერდზე, სოციალურ ქსელში. არა ერთი სოფლის მაცხოვრებლები თავიანთი სოფლების გაზიფიცირებას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ.
გაზის ტრანსპორტირების კომპანია, უახლოეს მომავალში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის – ღარიხევის, წიფისა და ქროლის – გაზიფიცირებას აპირებს. ამისთვის 2022 წლის აგვისტოში ერთობლივად გამოაცხადა ტენდერი, ამ სამი სოფლის გარდა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების – დიდი მიტარბი, ჩითახევი, ქვაბისხევი და დვირი – გაზიფიცირებისთვის. აგვისტოში 6 634 145 ლარზე გამოცხადებული ეს ტენდერი არ შედგა, ვინაიდან მასში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო. ამიტომ ტენდერი, გაზრდილი თანხით, ხელმეორედ გამოაცხადეს.
განმეორებითი ტენდერისთვის 7 416 354 ლარი განისაზღვრა. ამჟამად კომპანიის შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს. კომისიის დასკვნით, ტენდერში მონაწილე შპს „ექსპრესსერვისი 2008“-ს მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია დაზუსტებას საჭიროებს. ეს დოკუმენტები 28 ოქტომბრის ჩათვლით უნდა დაკორექტირდეს.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ გაზიფიცირების სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 410 დღეში უნდა დაასრულოს.
2022 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სულ ხუთი სოფლის გაზიფიცირება იგეგმებოდა; თუმცა კიცხის იგორეთისა და ლაშის იგორეთის გაზიფიცირებისთვის ტენდერი, ამ დრომდე, არ გამოცხადებულა.
როდის გამოცხადდება ამ სოფლებისთვის ტენდერი და კიდევ რომელი სოფლების გაზიფიცირება იგეგმება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, – ამ საკითხებზე გაზის ტრანსპორტირების კომპანიას წერილობით მივმართეთ, მაგრამ მათგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია და მიღებისთანავე გაცნობებთ.
ვარძიაში გაზის ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობა 2021 წლის ზამთარში დასრულდა, თუმცა მოსახლეობის გაზიფიცირება ამ დრომდე არ დაწყებულა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ ვარძიის გაზიფიცირება 2023 წლის დასაწყისში უნდა დამთავრდეს.
„ბაზალეთის თემში შემავალი სოფლების გაზიფიცირების შემდეგ ჩვენთვის პრიორიტეტი მაგისტრალის სარგვეშისკენ გაფართოება იქნება, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი, – საღანძილის თემის რამდენიმე სოფელი გაზიფიცირებულია, ეს დაბა ხარაგაულთან ყველაზე ახლო მდებარე თემია. ამიტომ აუცილებელია, ეს საკითხები წინ წამოვწიოთ. ამ პრიორიტეტებზე ვსაუბრობთ არა მხოლოდ გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში, არამედ ეკომონიკის სამინისტროსთან, რომელიც უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებია.
გაზის ტრანსპორტირების კომპანიას პრიორიტეტულ ვარიანტებს წარვუდგენთ, შემდეგ გადაწყვეტილებას ისინი იღებენ სხვადასხვა პარამეტრებით – დასახლებული პუნქტის სიმჭიდროვე, ერთ სულ მოსახლეზე გაზიფიცირების დანახარჯის ოდენობა და ა.შ. – სხვადასხვა კრიტერიუმები მოქმედებს.
ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად დაჩქარდეს სოფლების გაზიფიცირება, თუმცა ყველა ერთად რომ ვერ იქნება, ამასაც ვხვდებით. კიცხსა და ვარძიაში ბუნებრივი აირის მაგისტრალი უკვე გვაქვს. ამიტომ, ამ ეტაპზე, ჩვენთვის პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის ხიდარი და წყალაფორეთი, რადგან ეს სოფლები კიცხის თემის მიმდებარეა.
ზოგჯერ, საკუთარი ინიციატივებით, მოსახლეობა ხელმოწერებს აგროვებს და წერილობით მოგვმართავს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ რეაგირებას ვაკეთებთ, მიუხედავად იმისა, ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებით, ვთვლით თუ არა ამ სოფელს პრიორიტეტულად. ჩვენ მოსახლეობის მოთხოვნას ადრესატს ვაწვდით“, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი.
თამთა გოგოლაძე
ამავე თემაზე:
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი