„ეს გაზის მილები რომ შემოგვიყვანეთ ვარძიაში და გაზს აღარ რთავთ, არჩევნებს ველოდებით, თუ სარეცხი გადავფინოთ ამ მილებზე“, – კითხულობს ვარძიელი გიორგი კვანტრიშვილი სოციალურ ქსელში.

ვარძიაში ბუნებრივი აირის მაგისტრალის გაყვანა 2021 წლის ზამთარში დასრულდა. მოსახლეობაში ბუნებრივი აირის დაქსელვის სამუშოებს, ხარაგაულის სოფლებში, „სოკარ ჯორჯია გაზი“ აწარმოებს.

„ამ საკითზე ხარაგაულის ადგილობრივ ხელისუფლებას, მაჟორიტარ დეპუტატს, ჩვენს სათაო ოფისს ვესაუბრე, მაგრამ ჯერჯერობით ბუნებრივი აირის მაგისტრალი „სოკარ ჯორჯია გაზისთვის“ გადმოცემული არ არის. ნებართვას როგორც კი მოგვცემენ, მასალები მომზადებული გვაქვს, გამრიცხველიანების სამუშაოებს მაშინვე დავიწყებთ“, – ამბობს „სოკარ ჯორჯია გაზის“ ზესტაფონის ფილიალის მენეჯერი ლევან აბაშიძე.

„როდის იქნება შესაძლებელი ვარძიაში გაზიფიცირების სამუშაოების დაწყება?“ – ამ შეკითხვით საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას მივმართეთ. მათ პასუხს მიღებისთანავე გაცნობებთ.

გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ვარძიაში ცენტრალური მაგისტრალის გასაყვანად ტენდერი 2020 წელს გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 2021 წლის იანვარში დაასრულა.