ნებისმიერი სქესის წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს თანასწორი უფლებები და შესაძლებლობები. ოჯახში, საკანონმდებლო ორგანოსა თუ საზოგადოებაში გადაწყვეტილებები ქალისა და მამაკაცის თანაბარი ჩართულობით უნდა მიიღებოდეს.
გენდერული თანასწორობის მისაღწევად საბჭოები სამთავრობო, რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე შეიქმნა. დავინტერესდით, ზემო იმერეთის ორ მუნიციპალიტეტში – ჭიათურასა და ხარაგაულში, რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება და საზოგადოება გენდერული თანასწორობისთვის.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან მოპოვებული ინფორმაციით, გენდერული თანასწორობის საბჭოს 2022 წლის სამოქმედო გეგმა არ დაუმტკიცებია, ასევე არ მოუმზადებიათ გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ამ საბჭოს ჭიათურის მუნიციპალიტეტში რაიმე საქმიანობა არც 2022 წელს გაუწევია.
„ქალების აქტიურობით, „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციისგან სისტემატური გაშუქებით, ხელისუფლებამ ვერტყვიჭალასა და ხუნევში ახალი საბავშვო ბაღების აშენება დააჩქარა, – ამბობს ხუნევის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ლენა აბაშიძე, – სოფელში ქალები იმაზე მეტად რთულ პირობებში ცხოვრობენ და საქმიანობენ, ვიდრე ქალაქში.
ამიტომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საბავშვო ბაღის გამართულად ფუნქციონირება. ყველა აღსაზრდელი, ფართის სიმცირის გამო, საბავშვო ბაღში ვერ დადიოდა. ქალების მხრიდან ეს აქტიურობა გადამდები აღმოჩნდა და ახლა საბავშვო ბაღის აშენებას უკვე გედსამანიაში ითხოვენ.
გენდერული თანასწორობის მისაღწევად ქალებს უნდა მოვუსმინოთ, მათი პრობლემები გამოვიკვლიოთ. იმერეთის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ვარ და ვცდილობ, ჩემი თემის ქალთა პრობლემები იქაც დავაყენო“.
გენდერული თანასწორობის მისაღწევად ახლახან ნაბიჯი გადადგა ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრმა. სექტემბრიდან გოგოებისთვის ფეხბურთის წრე ამოქმედდა.
„ბოლო წლებში ქალთა ფეხბურთს საქართველოში დიდი ყურადღება ექცევა, – ამბობს ფეხბურთის მწვრთნელი გოჩა გელაშვილი, – ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ამ მხრივ ცოტა ჩამორჩენილია. მოთხოვნა წრის გახსნაზე მოსწავლე გოგონებიდან მოდიოდა. ხარაგაულში ქალთა ფეხბურთი პირველ ნაბიჯებს დგამს. გუნდის წევრები მონდომებულები არიან და იმედია, წარმატებებს მივაღწევთ“.
ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში გოგონებისთვის კალათბურთის, მაგიდის ჩოგბურთისა და ჭადრაკის წრეები ფუნქციონირებს.
„გასულ წლებში ხარაგაულში გოგონებისთვის კარატესა და ტანვარჯიშის წრეები მუშაობდა, – ამბობს სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორი რეზო შერგელაშვილი, – სამწუხაროდ, მწვრთნელები აღარ გვყავს და ეს წრეებიც გაუქმდა. მშობლები ცურვისა და ტანვარჯიშის წრეების გახსნას ითხოვენ.
მთავარი პრობლემა სპეციალისტებია. მწვრთნელების ხელფასი ჩვენთან დაბალია და სხვა მუნიციპალიტეტიდან რომ მოვიწვიოთ, მაღალ ანაზღაურებას მოითხოვენ. ამის თანხები კი არ გაგვაჩნია“.
ხარაგაულში მცხოვრები ნათია კაციტაძის ქალიშვილი ტანვარჯიშითაა დაინტერესებული. ის ოთხი წლის ასაკიდან ნათიას ზესტაფონში ტანვარჯიშის წრეზე დაჰყავდა.
„ძალიან მონდომებული იყო ჩემი შვილი, – ამბობს ნათია კაციტაძე, – შეჯიბრებებზე წარმატებებს აღწევდა. ორი წელია, ვეღარ ვახერხებთ, რადგან კვირაში ორჯერ მეზობელ მუნიციპალიტეტში სიარული გაგვიჭირდა. ახლა ჩემი შვილი 9 წლისაა. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ამასწინათ იტირა, მარტო წავალ ზესტაფონშიო. ხარაგაულში რომ იყოს ტანვარჯიშის წრე, მაგას რა აჯობებს. ათამდე ხარაგაულელ ოჯახს ვიცნობ, ვისაც ამ წრის ამოქმედება სურს. სოფლებშიც ხომ იქნებიან მსურველები, – ეს სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრმა უნდა მოიკვლიოს და მწვრთნელები მოიძიოს. ჩვენი შვილები ხარაგაულში ბევრ რამეს მოკლებული არიან“.
რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქმედმა გენდერული თანასწორობის საბჭომ გენდერული დისკრიმინაციის გამოსავლენად, მათ აღმოსაფხვრელად და შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად, – ამ შეკითხვებით ხარაგაულის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს მივმართეთ.
2022 წლიდან ამ საბჭოს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკნაძე ხელმძღვანელობს. ის ამბობს, რომ გენდერული თანასწორობა ადვილად მიღწევადი არ არის და ამას, კანონმდებლობის მიღმა, მენტალიტეტი და ცხოვრების წესიც განსაზღვრავს.
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო გამორჩეულია მთელ ქვეყანაში იმით, რომ აქ 33 წევრიდან 13 ქალია, – ამბობს დავით კიკნაძე, – ეს კარგი მაგალითია. თუმცა, მაგალითად, საგანმანათლებლო სფეროს თუ გადავხედავთ, სკოლებში მასწავლებელთა უმრავლესობა ქალია. რესურსცენტრის უფროსი რომ ვიყავი, ვეხვეწებოდი ხოლმე კაცებს, რომ სკოლებში მასწავლებლად შესულიყვნენ. ბიბლიოთეკარებად, საბავშვო ბაღებში აღმზრდელებად ქალები მუშაობენ. ამის მიზეზი, პირველ რიგში, დაბალი სახელფასო ანაზღაურებაა, მეორე – მენტალიტეტი და საზოგადოების განწყობა.
იქ, სადაც სახელფასო ანაზღაურება 300 ლარია, კაცი არ იმუშავებს. თვალს ვადევნებ სოციალურად დაუცვლების დასაქმების პროგრამას. ამ პროგრამით საღანძილის თემში და არა მარტო იქ, დასაქმებულთა უმრავლესობა ქალია.
გენდერული თანასწორობის კუთხით ხელოვნურად ვერაფერს შევცვლით. ალბათ, ცხოვრება რომ თანდათან დალაგდება, ახალი, ჩვენზე უკეთესი თაობა რომ მოვა, გარდატეხაც მერე მოხდება. ჩემი სტუდენტობის დროს ზოგი პროფესია სათაკილოდ მიგვაჩნდა. ეს განწყობა ნელ-ნელა იცვლება.
2023 წლიდან ადგილობრივ ბიუჯეტებში გენდერული ასპექტები უნდა დაინერგოს. როცა ბიუჯეტში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იგეგმება, ის ქალსა და კაცს თანაბრად ეხება. აი, სპორტული სექციები რომ გენდერულად დაბალანსებული, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, ამ კუთხით მუშაობა გვჭირდება“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე გენდერულ, ახალგაზრდულ, ტურიზმისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ჟანა ნემსაძე გენდერული თანასწორობის მისაღწევად უმთავრეს გამოწვევად მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას მიიჩნევს. ის ამბობს, რომ სწორი ინდიკატორები უნდა შემუშავდეს, რომ ერთი და იმავე პროფესიით თანაბრად დაინტერესდეს ქალი და კაცი. ის ამ დამოკიდებულების შეცვლას სარეკლამო კლიპებით, საინფორმაციო ბუკლეტებით გეგმავს.
„პანდემიამ ბევრი რამ შეაფერხა, – ამბობს ჟანა ნემსაძე, – გასულ წლებში გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით შშმ ბავშვების მშობლები ექსკურსიაზე წავიყვანეთ. ეს მათთვის სასიამოვნო სიახლე აღმოჩნდა“.
ხარაგაულის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე ამბობს, რომ „ბიუჯეტიდან დაფინანსებული თითოეული პროგრამა გენდერულად დაბალანსებული უნდა იყოს. პირველ ეტაპზე სტატისტიკის მითითებაა საჭირო – რამდენი კაცი და რამდენი ქალი ისარგებლებს ამა თუ იმ პროგრამით. სოციალური პროგრამები თითქმის ყველას თანაბრად მოიცავს. ნებისმიერ პროგრამას ამ თვალით უნდა შევხედოთ. განათლებისა და სპორტის მიმართულებით ეს ბალანსი ხარაგაულში დარღვეულია“.
„ქალები ვერ მიდიან ექიმთან, რადგან არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა, – ამბობს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ირმა ვაქერ-სებისკვერაძე, – სიღარიბის ზღვარს მიღმა რომ არ აღმოჩნდნენ, ქალები უნდა გადამზადდნენ და საზოგადოებაში საკუთარი თავი დაიმკვიდრონ. ქალები ოჯახებში მეტად შრომობენ და არაფერი აბადიათ, რადგან, უმეტესად, კაცისაა ქონება, მიწა, სახლი. ამას კვლევები ადასტურებს.
ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, სკრინინგცენტრებში ქალების ტრანსპორტირება ფინანსდება. ამ ცენტრის ინიციატივაა სოფლებში უფასო სამედიცინო აქციებიც. ასეთი ღონისძიებებისთვის ჯანდაცვის ცენტრს საკრებულოსა და გენდერული თანასწორობის საბჭოსგან მეტი მხარდაჭერა სჭირდება“.
„ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორი ელენე რუსეცკაია გენდერული თანასწორობის გამოწვევებზე საუბრობს. გენდერული თანასწორობის საბჭოების მუნიციპალიტეტებში შექმნას ის წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს. „ამ საბჭოს წევრები ხშირად იცვლებიან და ამიტომ საკუთარ ვალდებულებებს ჯეროვნად ვერ ახორციელებენ, – ამბობს ელენე რუსეცკაია, – გენდერული თანასწორობის გეგმა ქალებისა და კაცების საჭიროებებს რეალურად უნდა ასახავდეს. ეს გამოწვევაა – ზოგ მუნიციპალიტეტში ასეთი გეგმა საერთოდ არ არსებობს, ზოგან პრობლემაა მისი შესრულებისთვის თანხის გამოყოფა.
რამდენიმე მუნიციპალიტეტში კარგი პრაქტიკა დაინერგა, რაც სხვებმა უნდა გაიზიარონ. ზუგდიდში, მაგალითად, შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებს სწავლობს და მსხვერპლ ქალებს ეხმარება.
ნოემბერში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია იგეგმება. ამ ღონისძიებების ხარისხი უნდა იყოს მაღალი, მასობრივი და არა ღონისძიება ღონისძიებისთვის“.
16-დღიან კამპანიაში ჩართვას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოც აპირებს. ჟანა ნემსაძის თქმით, ამ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია – „მამა მიკითხავს ზღაპარს“, ფოტოკონკურსი – „მამები და შვილები“, სოფლებში მცხოვრები ქალების პორტრეტების გამოფენა, ქალებისა და კაცების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ესეების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება, ფილმის ჩვენება, ვიდეორგოლი ცნობილი ხარაგაულელი ქალების შესახებ.
რამდენად მოიცავს ეს ღონისძიებები მთელ მუნიციპალიტეტს და რა გარდატეხას შეიტანს გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ნოემბერში ვნახავთ.
2022 წლის აპრილში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების ეფექტიანობა შეაფასა და ამ კუთხით შემუშავებული კვლევა წარადგინა.
ამ კვლევის თანახმად, გენდერული თანასწორობის ეროვნული მექანიზმები საჭიროებს ინსტიტუციურ გაძლიერებასა და დახვეწას. გენდერული თანასწორობის მისაღწევად გადამწყვეტია სათანადო ადამიანური და ფინანსური რესურსები. გამოწვევაა ასევე გენდერული თანასწორობის ინსტიტუტებისგან მზაობა და კოორდინაციის ნაკლებობა. მათ მიერ განხორციელებული პროგრამები და პროექტები ქაოტურია და არ არის დაფუძნებული ერთიან მიდგომაზე. აღნიშნული ტენდენცია მიუთითებს იმაზე, რომ გენდერული თანასწორობის საკითხები კვლავ არ არის პრიორიტეტული“.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ევროკომისიის თორმეტი რეკომენდაციიდან ერთ-ერთი გენდერული თანასწორობის დამკვიდრებაა. ევროკომისიისგან ახლახან გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „საქართველომ კიდევ უფრო უნდა გაზარდოს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა, მათ შორის გენედერული თანასწორობა და სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში უზრუნველყოს თანაბარი მოპყრობა მამაკაცებისა და ქალებისადმი“.
ნინო კაპანაძე
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
კოორდინატორი ქალების საქმიანობა გენდერული ძალადობის სპეციფიური ფორმაა
შრომის ბაზარზე გენდერული თანასწორობა დასარეგულირებელია – რაისა ლიპარტელიანი
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“