თამარ ჩხიკვაძემ ერთი წელი ბულგარეთის ქალაქ სლივენში, მულტიმედია-რადიოცენტრის ჟურნალისტად იმუშავა. მან ამის უფლება ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისეობრივი პროექტის კონკურსში გამარჯვებით მოიპოვა.
თამარი „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან მოქმედი ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ კურსდამთავრებულია. ის, გარკვეული პერიოდით, „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში მუშაობდა.
თამარ ჩხიკვაძე ბულგარეთში გატარებულ ერთ წელს აფასებს:
-ყოველი ძიების დასაწყისი ხშირ შემთხვევაში ახალი თავგადასავლის მიზეზი ხდება ხოლმე. ასე აღმოვჩნდი სრულიად მოულოდნელად ბულგარეთში, შავი ზღვის გაღმა მდებარე ქვეყანაში, რომელიც ვერც კი გავიაზრე ისე სწრაფად გახდა საკუთარი სახლი.
ყველაფერი მაისის ერთ საღამოს გვიან ღამით ტეელფონზე „InoChange“-ის ზარით დაიწყო.
ბულგარეთში გატარებულ ერთ წელზე ან დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო ან კი საერთოდ ვერაფერი ვთქვა, რადგან ის რაც განსაკუთრებულად გვიყვარს ან გვეძვირფასება მასზე ხმამაღლა საუბარი არც თუ ისე მარტივია.
ბულგარული ერთი წელი, ევროპის სოლიდარობის კორპუსის გაცვლითი პროექტის ფარგლებში, ადგილობრივ ორგანიზაციასთან ერთად ონლაინ რადიოში გავატარე. მთელი ამ დროის განმავლობაში ჟურნალისტური მასალების მომზადებამ სოციალურ, საგანმანათლებლო, გარემოსდაცვით, კულტურულ თუ სამეურნო საკითხებზე, საინტერესო და მრავალფეროვანი გამოცდილება მომცა.
გავიაზრე, რომ ყოველი დღე ახალ ადამიანებთან და ახალ გამოწვევებთან შეხვედრას ნიშნავს.
12 თვის განმავლობაში არაერთი საინტერესო იდეაც განვახორციელეთ. სხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით გავმართეთ გარემოსდაცვითი ბანაკი ბავშვებისთვის, შევუერთდი საზაფხულო ფესტივალის საორგანიზაციო გუნდს, ვმოხალისეობდი მუსიკალური ფესტივალისა და სპორტული შეჯიბრებების საორგანიზაციო გუნდში, რომელიც ღია ცის ქვეშ, ბულგარეთის დაცულ ტერიტორიებზე გაიმართა.
ჩავწერეთ რადიო-ინტერვიუების სერია საგანმანათლებლო საკითხებზე, ჩავატარეთ ტრენინგები ადგილობრივ სკოლებში მედია-წიგნიერების შესახებ, ადგილობრივ მოხალისეებთან ერთად მონაწილეობას ვიღებდით არაფორმალური განათლების აქტივობებში.
შემაჯამებელი პროექტის სახით მოვამზადეთ ფოტო-გამოფენა ბულგარეთის შესახებ და პოდკასტი ბულგარულ-ქართულ ურთიერთობებსა და კულტურაზე.
ბულგარულ დღეებზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩვენი ტრადიციული კერძების საღამოები და დღეები, როცა ერთმანეთს საკუთარი ქვეყნის კულტურის ნაწილს ვუზიარებდით.
სამწუხაროდ, პანდემიამ აქაც, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ბევრი გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალა, თუმცა ამ შემთხვევაშიც ალტერნატიული გზების პოვნა მოვახერხეთ.
ვფიქრობ, გაცვლითი პროგრამა ახალგაზრდების ცხოვრებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ეს გზა ახალი სამყაროს და საკუთარი თავის აღმოჩენის შესაძლებლობას გაძლევს. სწავლობ პრობლემებთან გამკლავებას, დამოუკიდებლად ცხოვრებას, საკუთარი ფინანსების მართვასა და უცხო კულტურაში ადაპტირებას. სიღრმისეულად იუმჯობესებ უცხო ენის სასაუბრო დონეს, მოგზაურობ უზომოდ ბევრს და ხვდები სხვადასხვა ეროვნების ადამიანს, რომლებიც შენი მეგობრები და ძალიან ძვირფასი მოგონებების ნაწილი ხდებიან.
გაცვლითი პროექტის ფარგლებში ბულგარეთში გატარებულიერთი წელი მუდმივად იქნება ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პერიოდი, რომელზე ფიქრი თან მასევდიანებს, მახარებს და თან უზარმაზარ მუხტს მაძლევს ახალი აღმოჩენების, მოგზაურობისა და თავგადასავლებისკენ.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
ქალთა შრომა ბულგარეთში – ქალებს მთელ მსოფლიოში გაძლიერება სჭირდებათ
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში