საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ჩემი იმერეთი“ ქალთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანიც ქალების შრომითი უფლებების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდაა.
„ჩემი ხარაგაულის“ გუნდი პერიოდულად მკითხველებს ევროკავშირის ქვეყნებში დასაქმებული და მცხოვრები ქალების გამოცდილებას უზიარებს. ამ სტატიაში ბულგარეთისა და ბულგარელი ქალების შრომითი უფლებების შესახებ გიამბობთ, – თუ როგორ არის დაცული ამ ქვეყანაში ქალთა შრომითი უფლებები, რა საჭიროებები აქვთ ქალებს და როგორ არეგულირებს კანონი შესაბამის პრობლემებს.
რალიცა მანოლოვა, შვიდი წელია, რაც პლოვდივის უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორია და სტუნდეტებს კორეულ ენას, კულტურასა და ისტორიას ასწავლის. რალიცა გვიამბობს, რომ პირველი ცვლილებები ბულგარეთში მე-19 საუკუნეში დაიწყო, როცა ქალებმა უნივერსიტეტში სწავლისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლებისთვის დაიწყეს ბრძოლა.
1944 წელს ბულგარეთში ქალებმა მიიღეს თანაბარი საარჩევნო უფლება, ხოლო 1945 წელს ანსამბლეაზე პირველი 16 ქალი აირჩიეს დეპუტატად.
„ჩვენი ქვეყნის კანონის თანახმად, ქალებსა და მამაკაცებს აბსოლუტურად თანაბარი შრომითი უფლებები აქვთ, თუმცა ბულგარული ეროვნული სტატისტიკის სამსახურის 2021 წლის მონაცემებით, ქალები 14 %-ით ნაკლებ ფულს გამოიმუშავებენ, ვიდრე კაცები. ერთი მხრივ გვაქვს კანონები, მაგრამ ხანდახან მაინც არის შემთხვევები, როცა ისინი არ განიხილება“, – ამბობს რალიცა.
ყველა ქალს, რომელიც ბავშვს გააჩენს, შეუძლია მიიღოს ერთჯერადი ფულადი დახმარება, თუ მისი ან ოჯახის წლიური შემოსავალი არ აღემატება 4500 ბულგარულ ლევს (დაახლოებით 8000 ლარამდე ქართული ლარია). ასევე, ბულგარეთში დედებისთვის მოქმედებს საგადასახადო შეღავათები, სანამ ბავშვი 18 წლის გახდება.
სახელმწიფოს აქვს მარტოხელა დედებისთვის სამთავრობო პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფს ბავშვებისა და ზოგჯერ თავად დედების განათლებასაც. მარტოხელა დედებს შეუძლიათ მიიღონ საცხოვრებელიც. ასევე, ქვეყანაში მუშაობს მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მარტოხელა დედებსა და მათ შვილებს ფინანსურ დახმარებას, უფასო საკვებს, ტანსაცმელსა და პირველადი მოხმარების ნივთებს სთავაზობს.
ფეხმძიმე ქალებისთვის მშობიარობა ბულგარეთში უფასოა. ხოლო შვილის გაჩენის შემთხვევაში დეკრეტული შვებულებით სარგებლობა 3 წლის განმავლობაში შეუძლიათ. პირველი 2 წელი დეკრეტში მყოფი ქალი დამსაქმებლისგან თავისი ხელფასის 90%-ს იღებს, ხოლო მესამე წელი ანაზღაურებადი არ არის, თუმცა დამსაქმებელი მის სამუშაო ადგილს ინახახავს, ამის გარანტია ქალს სახლემწიფოს მხრიდანაც აქვს.
ზეგანაკვეთური შრომის შემთხვევაშიც ქალისა და მამაკაცის დამატებითი სამუშაო საათებიც ერთნაირად ანაზღაურდება.
რაც შეეხება სექსუალური შევიწროვების ფაქტებს, როგორც რალიცა ამბობს, რა თქმა უნდა, ბულგარეთშიც ქალები სახლში, სამსახურსა ან საზოგადოებრივ ადგილებში განიცდიან სექსუალურ შევიწროებას, თუმცა ამ საკითხზე კომპანიები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც აქტიურად მუშაობენ.
ისინი ქალებს ფსიქოლოგთან კონუსლტაციით, მსხვერპლის სტატუსის მინიჭებით, სამსახურის მოძიებით ეხმარებიან. სახელმწიფო აფინანსებს ქალთა დაცვის ცენტრებს, რომლებიც სექსუალური შევიწროების პრევენციაზე მუშაობენ.
რალიცა მანოლოვას მსგავსად, ბულგარეთში ქალთა შრომით უფლებებზე საუბრობს მარია დარინოვაც, რომელიც თავისი სამსახურის გამოცდილებას გვიზიარებს. მარია 27 წლის არის. ის ორი წელია, რაც მედიამონიტორინგის კომპანიაში A DATA PRO ანალიტიკოსად და ფრანგულ-ინგლისური ენის თარჯიმნად მუშაობს. „არასოდეს მიგრძვნია დისკრიმინაცია ჩემს სამუშაო კომპანიაში, უნივერსიტეტში, ან სკოლაში.
„დამსაქმებლები წყვეტენ, ვინ არის კომპეტენტური, განურჩევლად მისი სქესისა“, – ამბობს მარია. როგორც ის გვიამბობს, მისმა მშობელმა მარიას დაბადებისას სწორედ 3-წლიანი დეკრეტული შვებულებით ისარგებლა, რომლის დროსაც კომპანიამ მისი სამუშაო ადგილი სრულად შეინახა.
მისი თქმით, ბულგარული საზოგადოება, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ პატრიარქალურია, რომელიც ქალის მიმართ არასწორ დამოკიდებულებას ქმნის. ჯერ კიდევ ბევრი ქალი ირჩევს ისეთ პროფესიას, რომელიც თითქოს უფრო ქალისთვის შესაფერისია; „მაგალითად, ჩემს კომპანიაში კოორდინატორებისა და გუნდის ლიდერების უმეტესობა ქალია, პროგრამისტების უმეტესობა კი მამაკაცი.
თუმცა თუ ქალს გულწრფელად სურს პროგრამისტად მუშაობა, გუნდში მისი გაწევრიანება არანაირი პრობლემა არ იქნება“.
ის მიიჩნევს, რომ, როგორც ბულგარეთში, ისევე მთელს მსოფლიოში, ქალებს გაძლიერება სჭირდებათ. დამსაქმებლები უფრო ტოლერანტულად უნდა მიუდგნენ ქალების მენსტრუალური ციკლის საკითხს.
„კარგი იქნება, თუ ქალებს ექნებათ შესაძლებლობა, ციკლის მტკივნეულ დღეებში ნაკლები იმუშაონ ან მეტი შესვენება მიიღონ. კრიტიკულ დღეებში ქალებს უწევთ ტკივილგამაყუჩებლები მიიღონ, რათა თავიანთი სამუშაო ნორმალური ტემპით შეასრულონ და თავი მოაჩვენონ, რომ კარგად არიან. ეს კი მავნებლობაა. ზოგიერთი ქვეყანა ამ პრაქტიკას აქტიურად ნერგავს და კარგი იქნება, თუ ამ მდგომარეობას ბევრი კომპანია უფრო გაგებით მოეკიდება“.
თამარ ჩხიკვაძე ბულგარეთიდან
ფოტოებზე – პლოვდივის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი რალიცა მანოლოვა ჟურნალისტ თამარ ჩხიკვაძესთან ერთად; ფრანგულ-ინგლისური ენის თარჯიმანი მარია დარინოვა.
ამავე თემაზე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.