ხარაგაულელი თამარ ჩხიკვაძე, რვა თვეა, რაც ბულგარეთის ქალაქ სლივენში, მულტიმედია-რადიოცენტრის ჟურნალისტად მუშაობს.

მან ამის შესაძლებლობა ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისეობრივი პროექტის კონკურსში გამარჯვებით მოიპოვა.

თამარი 2013 წლიდან „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტია. 2015 წელს მან ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია დაამთავრა, 2019 წელს – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

თამარ ჩხიკვაძის ბულგარეთში საქმიანობისა და ცხოვრების შესახებ ბულგარელმა ჟურნალისტმა ნატალი პაშევა-ვასილევამ ინტერნეტ ბლოგზე – „Story Beyond“ წერილი – „თამარი და ბულგარეთი“ გამოაქვეყნა.

გთავაზობთ ამ წერილის თარგმანს:

უმეტეს შემთხვევაში იმ ადგილებს, სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ, ერთ მთლიან მოცემულობად აღვიქვამთ. ბევრი ჩვენგანისთვის წარმოსახვითი სათვალე, რომლითაც ბულგარეთს ვაკვირდებით, ნაცრისფერ ელფერს ფარავს და მხოლოდ პრობლემებზეა ორიენტირებული.

თუმცა ერთი ახალგაზრდა ქართველისთვის ასე ნამდვილად არ არის. ბულგარეთი მისთვის თავგადასავალი, ცნობისმოყვარეობა და დიდი შეხვედრებია.

თამარ ჩხიკვაძე საქართველოდანაა და გაცვლითი პროგრამით ბულგარეთში ერთ წელს გაატარებს. საქართველოს ფარგლებს გარეთ ბულგარეთი მისთვის პირველი ქვეყანაა, სადაც მოგზაურობს.

თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მშობლებსა და ოჯახს  შორდება, რადგან  ის დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქიდანაა და უმაღლესი განათლების მისაღებად რამდენიმე წლის წინ დედაქალაქ თბილისში გაემგზავრა. დაამთავრა ლიტერატურის ფაკულტეტი, წერს ადგილობრივი გაზეთის რედაქციაში და ასწავლის ბავშვებს.

ბულგარეთში მისი პირველი „გაჩერება“ ქალაქი ველიკო ტარნოვოა. გზა დედაქალაქიდან ველიკო-ტარნოვომდე ადვილი გასავლელი არის და თამარიც არ გაურბის კლიშეს, რომ BDZ -ით (ბულგარეთის საერთაშორისო რკინიგზა) მოგზაურობა ყველა უცხოელისთვის გამოწვევაა.

„ბულგარეთში რომ ჩამოვედი, მატარებლით მგზავრობა დამჭირდა. ეს ჩემთვის სრულიად ახალი გამოცდილება იყო, რადგან საქართველოში მოგზაურობისას, უმეტეს შემთხვევაში, დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად სხვადასხვა მატარებელში ასვლა არ გიწევს.

სოფიიდან ველიკო ტარნოვოში რომ გავემგზავრე, ხუთჯერ მომიწია მატარებლის და რკინიგზის სადგურის შეცვლა.  მახსოვს, ძალიან დაბნეული ვიყავი. ბევრ ადამიანს ვკითხე მიმართულების შესახებ, რადგან ვნერვიულობდი. ახლაც ხშირად ასე ვიქცევი.

მახსოვს ერთი მოხუცი ქალბატონი ქალაქ დაბოვოში. რაღაც ვკითხე, მაგრამ ინგლისურად არ საუბრობდა, შემდეგ  ჟესტებით დავიწყეთ საუბარი, ბულგარულად ვუთხარი, რომ „მოხალისე“ ვიყავი და როცა ეს გაიგო, ძალიან გაეხარდა, ჩემ მიმართ ძალიან კეთილი იყო“, – იხსენებს თამარი ბულგარეთში თავის პირველ გამოცდილებას.

მისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ზაფხულის მოგონება ძველ დედაქალაქში – ველიკო ტარნოვოში დარჩება. ეს დრო მან სხვა მოხალისეებთან ერთად გაატარა. თამარის ხედვით, ველიკო ტარნოვო არის ქალაქი, რომელიც ეკუთვნის ახალგაზრდებს, რომლებიც ისტორიას თანამედროვეობის სიახლეებს უკავშირებენ და სამყაროს ამ გზით შეიმეცნებენ. ის მაინცდამაინც ვერ გრძნობს, რომ სახლიდან შორს, სრულიად ახალ ადგილას იმყოფება.

„ბულგარეთსა და საქართველოს შორის ბევრ საერთოს ვხედავ; მაგალითად, არქიტექტურული დეტალების მსგავსებებს. ვგულისხმობ   ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების შენობების არქიტექტურულ დეტალებს, რომლებიც მართლაც ყველგან არის საქართველოში და ბულგარეთშიც. ეს იყო პირველი, რაც შევნიშნე, როცა ჩამოვედი“, – თქვა თამარმა.

ზაფხულზე, ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურება თამარმა მოგზაურობისთვის გამოიყენა. მან პლოვდივში, სოფიაში, ვრაცაში, ვარნაში, ბურგასში, კაზანლაკსა და ტრიავნაში იმოგზაურა. ასევე მოინახულა ბუზლუჯა და შვიდი რილას ტბა. რილას მთებამდე მისაღწევად თამარმა ავტოსტოპით იმოგზაურა, რასაც იგი თავის ერთ-ერთ საუკეთესო გამოცდილებას უწოდებს.

თამარი პატარა დასახლებებსა და ქალაქებში დანგრეულ შენობებზე კი არ აკეთებს აქცენტს, არამედ ხალხზე და ამბობს, რომ სწორედ ეს ადამიანები ქმნიან ჩვენი ქვეყნის სულს.

ზაფხულის დასრულებასთან ერთად თამარისთვის ახალი ცვლილება დაიწყო. ის სლივენში გადავიდა საცხოვრებლად და როგორც ამბობს, ამ პატარა ქალაქში ცხოვრება მისთვის უფრო რთულია.

კორონავირუსის მორიგი ტალღის გამო, ზომები გამკაცრდა, რაც კიდევ უფრო ზღუდავს მის შესაძლებლობას, უკეთ გაიცნოს ქალაქი და აქ მცხოვრები ხალხი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თამარი ქალაქის სოციალური ცხოვრებისა და რიტმის მიღმაა. პირიქით,  მის თვალს არ სცდება აქ მიმდინარე პროცესები.

ერასმუსისა და ევროპის სოლიდარობის კორპუსის გაცვლითი პროგრამით თამარი ახერხებს ჩვენი ქვეყნის უფრო ღრმად შესწავლას და არა მხოლოდ ტურისტის თვალით დანახვას.

„ჩემი პროექტი, ძირითადად, ჟურნალისტიკასა და კომუნიკაციებს უკავშირდება. გვაქვს პატარა ონლაინ რადიოსადგური ქალაქ  სლივენში და ვმუშაობ ჟურნალისტად. ვამზადებთ სტატიებს და ინტერვიუებს საზოგადოებასთან, გარემოს დაცვასა და განათლებასთან  დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე, რაც ადგილობრივი საკითხების  უკეთ შესწავლაში გვეხმარება“, – ამბობს თამარი.

ბუნებრივია, ახსენებს ქალაქ სლივენის ცნობილ რაიონს „ნადეჟდას“ (ეთნიკური ბოშებით დასახლებული რაიონი. მოსახლეობა 40 000-მდე), მაგრამ მისთვის ის არ არის ქალაქის საზოგადოების განმსაზღვრელი იმიჯი (სლივენის ეს ცნობილი დასახლება, გავრცელებული მოსაზრებით, ხანდახან არც თუ ისე უსაფრთხოა უცხოელებისთვის).

„სლივენში ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც ფინანსურად საკმაოდ უჭირთ. ამ ქალაქის ფეისბუქ ჯგუფში „Born in Sliven“, ბევრჯერ მინახავს განცხადებები, როცა ადამიანები ერთმანეთის დასახმარებლად სხვადასხვა მიზეზით ფულს აგროვებენ. იმ მცირე გამოცდილებიდან, რაც აქ შევიძინე, შემიძლია ვთქვა, რომ სლივენში საზოგადოება ერთიანი და მხარდამჭერია. ადამიანები მზად არიან ერთმანეთის დასახმარებლად“, – თქვა ახალგაზრდა ქართველმა.

თამარი თავისუფალ დროს ევროპის სხვა ქვეყნებში მოგზაურობს და ბულგარეთს სიღრმისეულად სწავლობს, მაგრამ ის ჩვენს ქვეყანას ყველა ჩვენგანისგან განსხვავებულად ხედავს. ტურისტის, მაგრამ ასევე იმ ადამიანის თვალით, რომელმაც ერთი წელი გაატარა დედაქალაქის გარეთ, რომელიც აკვირდებოდა, უყურებდა ყოველდღიურ ცხოვრებას, როგორც ის, ვინც მალე წავა.

ალბათ, ამ წუთებშიც რაღაც ატიპიურს აკეთებს ტიპური ტურისტისთვის დამახასიათებელს. მას კიდევ რამდენიმე თვე დარჩა „თავისი ბულგარეთის“ საბოლოო სურათის დასახატად.

ნატალი პაშევა-ვასილევა

2022 წელი, 8 თებერვალი