თბილისის მოსწავლეთა სასახლის სტუდია „პიონერფილმი“ პროექტს – „კინოქალაქი სინემა ხარაგაულში“ ახორციელებს.
ამ პროექტს საფუძველი 2014 წელს ჩაეყარა. 2015 წელს კი ხარაგაულის მოსწავლეთა სახლში კინომოყვარულთა წრე ჩამოყალიბდა. ამ წრის მოსწავლეებმა საკუთარი ძალებით გადაღებული ფილმებით იმავე წელს წარმატებას მიაღწიეს. გასულ წელს კი საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვეს ნომინაციაში „საუკეთესო ფილმი ბავშვთა უფლებებზე“.
მოსწავლეთა სახლის დირექტორის მოადგილე მაია ბლუაშვილი ამბობს, რომ ხარაგაულელი ახალგაზრდები და მათი თბილისელი თანატოლები ნაყოფიერად თანამშრომლობენ.
„მიმდინარე კვირის თითოეული დღე დატვირთული და შინაარსიანი იყო, – ამბობს მაია ბლუაშვილი, – ახალგაზრდებმა ერთობლივად გადაიღეს და დაამონტაჟეს ფილმი „რწყილი და ჭიანჭველა“, შეხვდნენ საოპერო მომღერალს ირმა ბერძენიშვილს და ჟურნალისტ ნუგზარ რუხაძეს. მათ რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა ონლაინ მასტერკლასი ,0ჩაუტარა. კინოქალაქ „სინემას“ მონაწილეები საბეში ლიტერატურულ სპექტაკლს „ჩვენი ოტია“ დაესწრენ.
ამ პროექტით ახალგაზრდები კინოხელოვნებას ეზიარებიან, სიახლეებს სწავლობენ. ეს მათი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.
„ამ პროექტმა დამარწმუნა, რომ ახალგაზრდებს მუდმივად ახლის შესწავლისა და გამოცდილების მიღების დიდი სურვილი ამოძრავებთ, – ამბობს მოსწავლეთა სახლის დირექტორი ჰამლეტ ბერაძე, – თბილისელი მოსწავლეები ხარაგაულელი თანატოლების ოჯახებში ცხოვრობენ. ისინი დამეგობრდნენ და ეს ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება.
„კინოქალაქი სინემა ხარაგაულში“ ახალგაზრდებს პროფესიის არჩევაში, საკუთარი შესაძლებლობების გაანალიზებასა და სამომავლო ხედვების განმტკიცებაში ეხმარება“.
მოსწავლეთა სასახლის სტუდია „პიონერფილმის“ ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე ამბობს, რომ 2014 წელს ხარაგაულში გატარებულ ათ დღეს ამ სტუდიის მოსწავლეები დღემდე სიყვარულით იხსენებენ. მისი თქმით, ფილმების გადაღებასთან ერთად მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარაგაულელებისგან მიღებული სითბო და სიყვარულია, რისთვისაც ის ყველას მადლობას უხდის.
ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის კინომოყვარულთა წრის წევრს, არმაზ შავიძეს, ჟურნალისტობა სურს. ამიტომ მისთვის კამერასთან მუშაობის, გადაღებისა და მონტაჟის კუთხით ცოდნის გაღრმავება კარგი შესაძლებლობაა.
პიონერფილმელები მაშო გიგილაშვილი, ანა ქაშიბაძე და ნიკა ზუბაშვილი ამბობენ, რომ მათი ხარაგაულელი თანატოლები ფილმზე მუშაობის ტექნიკას კარგად ფლობენ.
ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის კინომოყვარულთა წრის ხელმძღვანელი თინათინ კიკნაძე პიონერფილმთან თანამშრომლობისას გაზიარებულ გამოცდილებას მომავალი ფილმების გადაღების დროს გამოიყენებს.
დღეს, 29 ივლისს, თბილისელი და ხარაგაულელი ახალგაზრდები ჟურნალისტ ნუგზარ რუხაძეს შეხვდნენ.
„როგორ ხედავთ საკუთარ თავს 15-20 წლის შემდეგ, როგორ შეუწყობთ ხელს საქართველოს განავითარებას, როცა ქვეყნის მართვის სადავეებს გადაიბარებთ“, – ამ თემაზე მსჯელობა შესთავაზა ნუგზარ რუხაძემ ახალგაზრდებს. დისკუსია საინტერესოდ წარიმართა.
„თანამედროვე ახალგაზრდებთან შეხვედრა რთულია, რადგან თქვენ გაცილებით გონიერები და განვითარებულები ხართ, – მიმართა ნუგზარ რუხაძემ პროექტის მონაწილეებს, – დღეს დედაქალაქსა და რეგიონებში მცხოვრებ თითქმის ყველა ახალგაზრდას ხელი მიუწვდება ინფორმაციაზე, ტექნოლოგიებზე. ტექნოლოგიების განვითარებამ კი ყველა დიდ კონკურენციაში ჩაგვრთო.
თქვენ ვერ გაიმართლებთ თავს იმით, რომ სოფელში ცხოვრობთ და რაღაცაზე ხელმისაწვდომობა არ გაქვთ.
თქვენ როლს ამ ცხოვრებაში უნდა შეხედოთ ასე – შეჯიბრში ხართ ჩართულები და არავინ არაფერს გაპატიებთ, რომ რაიმე არ იცით.
მაინტერესებს, რას ფიქრობთ – რას მოუხერხებთ, როგორ განავითარებთ საქართველოს 15-20 წლის შემდეგ, როცა თქვენ იქნებით პასუხისმგებლები ამ ქვეყნის მოვლა-პატრონობაზე. შეძლებთ თუ არა ამ ძალიან რთული ამოცანის შესრულებას. ასეთ მსჯელობაში უნდა ჩაერთოთ საკუთარ თავთან – არ ჩამორჩეთ სიახლეებს, იფიქრეთ იმაზე, თუ ვინ იქნებით ხვალ. ამას ვერავინ გიკარნახებთ.
თუ ისეთები იქნებით ხვალ, როგორებიც ხართ დღეს, ჩათვალეთ, რომ ცხოვრებას ჩამორჩით. დღესაც კი, 80 წლის ასაკში ვფიქრობ, რა ვისწავლო ისეთი ახალი, რომ ფული ვიშოვო და ამ ტექნოლოგიურად გაცოფებულ სამყაროს ალღო ავუღო. მომავალი აქვს გენეტიკას, ფიზიკას, ქიმიას, მათემატიკას, ციფრულ ტექნოლოგიებს. მთავარია, თქვენი გონებრივი თუ ფიზიკური შრომა სასარგებლო იყოს თქვენთვის და ქვეყნისთვის“.
ხვალ, 30 ივლისს, „კინოქალაქი სინემა ხარაგაულში“ საზეიმოდ დაიხურება. ღონისძიებაზე დაგეგმილია ხარაგაულში გადაღებული ფილმის „რწყილი და ჭიანჭველა“ ჩვენება, ასევე ამ პროექტის მონაწილე ახალგაზრდების მიერ დადგმული მინი სპექტაკლის „კოკროჭინა იმერეთი“ გამართვა.
„პიონერფილმისა“ და ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ურთიერთობა მომავალში ბევრ შინაარსიან და ხალისიან დღეს მიითვლის.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: პროექტის – „კინოქალაქი სინემა ხარაგაულში“ – მონაწილეები ჟურნალისტ ნუგზარ რუხაძესთან შეხვედრის შემდეგ
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.