55 წლის განმავლობაში ადამიანების ჯანმრთელობას დარაჯობდა. ავადმყოფს რომ სჭირდებოდა, ცუდი ამინდი და მანძილი არასდროს აბრკოლებდა. აზა სამანიშვილმა ვარძიის სასოფლო ამბულატორიაში ექთნად მუშაობა 1969 წელს, ქუთაისის სამედიცინო ტექნიკუმის წარჩინებით დამთავრებისთანავე დაიწყო.

„პატარა რომ ვიყავი, დედაჩემი ავად გახდა, – იხსენებს ქალბატონო აზა, – ჩემი მეზობელი ექთანი დედასთან ღამით რამდენჯერმე შორი მანძილიდან მოვიდა და ძალიან დაგვეხმარა. მაშინ ვთქვი, – ვენერა დეიდამ დედა გადამირჩინა და მეც მისი პროფესია უნდა ავირჩიო-მეთქი.

ბავშვთა მომსახურების მედდა ვიყავი და 2024 წლამდე ვიმუშავე. გარკვეული პერიოდი ვარძიაში ექიმი საერთოდ არ გვყავდა და მოსახლეობას მხოლოდ მე ვემსახურებოდი. გასული საუკუნის 80-იანი წლები დიდთოვლობით გამოირჩეოდა. ამხელა სოფელში ფეხით, ზამთარში კი ცხენითაც დავდიოდი. სიძნელეების მიუხედავად, პროფესიისთვის არ მიღალატია. ჩემთვის დღე და ღამე, ზამთარი და ზაფხული არ არსებობდა. ავადმყოფი ბავშვი ამინდის გამოდარებას ხომ ვერ დაელოდებოდა?! ხანდახან ღამით ჩემი მეუღლე და დედამთილი მიმაცილებდნენ ხოლმე პაციენტამდე“.

მომავალი მეუღლე ზესტაფონში სასწავლო პრაქტიკის დროს გაიცნო. საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა რეზო დოლიძემ პრაქტიკანტებს ავადმყოფები გააცნო. მომავალი მეუღლე იმ პალატაში იწვა, სადაც მუშაობის დასრულების შემდეგ თეთრ ხალათს ტოვებდა. ერთ დღესაც, ხალათის ჯიბეში მომავალი მეუღლისგან მოძღვნილი წერილი იპოვა.

„ერთმანეთი შეგვიყვარდა, ძალიან კარგი და კეთილი ადამიანი იყო, – სიყვარულით იხსენებს მეუღლეს ქალბატონი აზა, – ორი ვაჟი გავზარდეთ. ახლა ოთხი შვილიშვილის ბებია ვარ.

მუშაობა რომ დავიწყე, ჩემთან ერთად ჩემი მაზლის ცოლი ნელი ფოფხაძე და აწ გარდაცვლილი ტატიანა სირაძე მუშაობდნენ. ძალიან ბევრი რამ მასწავლეს. მაშინ ვარძიაში ცაგერიდან მოსული ექიმი ელიკო ჭაბუკიანი მუშაობდა. ის საუკეთესო ექიმი იყო. ბავშვთა მომსახურების მედდა ვიყავი და ურთიერთობა მქონდა ხარაგაულის საავადმყოფოს ყველა პედიატრთან – ლოლა გურგენიძესთან, მერი გოგიჩაძესთან, მანანა ტაბატაძესთან… სიყვარულით ვიხსენებ მათთან ურთიერთობის წლებს.

ადრე ექიმების დეფიციტი იყო, ახლა ექთნებიც აღარ გვყავს. იმდენად დაბალია ექთნების შრომის ანაზღაურება, რომ ახალგაზრდები ამ პროფესიას აღარ ირჩევენ.

სოფლის ამბულატორიაში მომუშავე პერსონალს სახელმწიფომ ხელფასი უნდა მოუმატოს. ამბულატორიამ პირველადი დახმარება თუ არ გაუწია ავადმყოფს, მერე მისი მკურნალობა დაგვიანებულია. ტრანსპორტიც უნდა ემსახურებოდეს ამბულატორიას. ადრე სულ ფეხით დავდიოდით. ჩვენი სოფელი მთაგორიანია და გადაადგილება რთულია, განსაკუთრებით ზამთარში. ავადმყოფობამ კი ზამთარი და ზაფხული არ იცის.

ცხოვრებაში მთავარია, სიკეთე აკეთოს ადამიანმა. პაციენტი უნდა გიყვარდეს. სიყვარულის გარეშე ადამიანს სათანადოდ ვერ უმკურნალებ.

ახალგაზრდა მედდებს ვურჩევ, რომ იყვნენ გულისხმიერები, დაუზარელი და თავის საქმის მცოდნეები. არასდროს მიფიქრია, – „იქ ვერ წავალ, შორია, ცუდი ამინდია“. 55 წელი ავადმყოფებს უანგაროდ ვემსახურებოდი. პაციენტთან გასამრჯელოს გამო არასდროს  მივსულვარ და ეს ძალიან მეამაყება“.

დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებთ თავისი საქმის პროფესიონალს, ძვირფას ქალბატონ აზა სამანიშვილს.

თამთა გოგოლაძე