მუზეუმების საერთაშორისო დღე – 18 მაისი – ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში წიგნის პრეზენტაციით აღინიშნა.
მუზეუმში შეკრებილ საზოგადოებას ტიხროვანი მინანქრის დიდოსტატმა ერმინე მაღრაძემ წიგნი – „ქართულ-ბიზანტიური ტიხროვანი მინანქრის კვლევა“ წარუდგინა და ქართული მინანქრის განვითარების ისტორია გააცნო.
ერმინე მაღრაძე ხარაგაულის საპატიო მოქალაქე, ხელოვნების მუზეუმის თანამშრომელი და საგანძურის განყოფილებაში ძვირფასი მეტალისა და მინის ტექნოლოგ-რესტავრატორია.
კვლევის ინოვაციური მეთოდების საშუალებით ტიხროვანი მინანქრის დაკარგული ტექნოლოგია ერმინე მაღრაძემ საფუძვლიანად შეისწავლა. კვლევით დადგინდა, რომ მინანქრის ფერთა პალიტრაში ძველი ოსტატები იყენებდნენ როგორც უტყვიო, ისე ტყვიის შემცველ ფერად მინებს. ერმინე მაღრაძემ მეფე ვახტანგ VI-ის ტრაქტატში მოცემული დეკორატიული მინის შექმნის რეცეპტები აღადგინა, მოიპოვა მცენარეული და მინერალური მასალები, რომლებსაც უძველეს ქართულ საოქრომჭედლო სახელოსნოებში იყენებდნენ.
საველე-გეოლოგიური სამუშაოებისა და არქეოლოგიური მასალების მიხედვით, მინისგან დამზადებული ნივთები ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულიდან მოყოლებული გვიან შუასაუკუნეებამდე ნამოსახლართა და ნაქალაქართა კულტურულ ფენებში უწყვეტად გვხვდება.
„ბოლო წლებში ახალგაზრდების ინტერესი ტიხრული მინანქრის წარმოების მიმართ საგრძნობლად გაიზარდა, – ამბობს ერმინე მაღრაძე, – ჩვენი ნაშრომი ახალგაზრდებს დაეხმარება, ამ მიმართულებით სწორად განვითარდნენ“.
წიგნის პრეზენტაცია ხარაგაულში მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლის, ეკა შველიძის ორგანიზებით შედგა. მისი თქმით, ბატონი ერმინესგან ტიხროვანი მინანქრის შესახებ მუდმივად სიახლეებს ეცნობიან. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ამ სიახლეებს ხარაგაულელი ახალგაზრდები გულისყურით ისმენენ.
წიგნის პრეზენტაციას ერმინე მაღრაძის მშობლიური მარელისის სკოლის ყოფილი და დღევანდელი სკოლის ხელძღვანელები და მასწავლებლები დაესწრნენ. ერმინე მაღრაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში აღმზრდელმა პედაგოგებმა – გივი გოგოლაძემ, ღუტუ ღონღაძემ, ლამარა ციცქიშვილმა, ზურაბ ფცქიალაძემ განსაკუთრებული როლი ითამაშეს.
ღონისძიებაზე მყოფმა ლამარა ციცქიშვილმა და ზურაბ ფქციალაძემ აღნიშნეს, რომ მარელისის სკოლა ამაყობს აღზრდილებით, რომლებმაც ასახელეს საკუთარი ოჯახები, მშობლიური კუთხე და სკოლა. თუმცა, მათ შორის გამორჩეულია ერმინე მაღრაძე, რომელმაც დაკარგული ტიხრული მინანქრის ტექნოლოგია აღადგინა და მომავალ თაობას ამ ცოდნას გადასცემს.
მარელისის სკოლის დირექტორმა ვერა ოდიკაძემ ჩვენი ქვეყნის ისტორიის მოძიება-შენარჩუნებისთვის საუკეთესო მამულიშვილს, ერმინე მაღრაძეს, მადლობა სკოლის სახელით გადაუხადა და უახლოეს ხანში მისი მარელისში მოსწავლეებთან შეხვედრა ისურვა.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ოფის-მენეჯერ მანანა ტაბაშიძის თქმით, ხარაგაულში ტიხრული მინანქრის შესწავლის მსურველები არიან და ერმინე მაღრაძესთან ამ მიმართულებით ეს ცენტრი თანამშრომლობას დაგეგმავს.
ერმინე მაღრაძემ ღონსიძიებაზე მყოფი ხარაგაულელები წიგნებით დაასაჩუქრა და აღნიშნა, რომ ხარაგაულისთვის სასარგებლო ყველა პროექტის განხორციელებაში სიამოვნებით ჩაერთვება.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
ხარაგაულის მუზეუმმა იუბილე ტიხრული მინანქრის დიდოსტატ ერმილე მაღრაძესთან შეხვედრით აღნიშნა (ვიდეო)
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.