ტიხრული მინანქრის თანამედროვე ჯადოქარი, ხარაგაულელი ერმილე მაღრაძე ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში უძველესი ქრისტიანული კულტურით დაინტერესებულ საზოგადოებას შეხვდა. ბატონი ერმილე, სამ ათეულ წელზე მეტია, იღვწის უძველესი ქართული ტიხრული მინანქრის ტექნოლოგიის აღსადგენად. ხარაგაულში გამართულ შეხვედრაზე მან დამსწრეთ წარუდგინა იუნესკოს მხარდაჭერით, ეროვნული მუზეუმის პროექტის ფარგლებში მუხრან მახარაძისგან შექმნილი ფილმი „დაკარგული ტექნოლოგიების კვალდაკვალ – ტიხრული მინანქარი.“ ამ დოკუმენტურ ფილმში აღწერილია ერმილე მაღრაძის მიერ მოკვლეული და აღდგენილი ტექნოლოგია და მისი ძირითადი ასპექტები.
საპატიო სტუმარი შეკრებილთ მუზეუმის დირექტორმა ნინო დიდიძემ და მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერმა ეკა შველიძემ წარუდგინეს.
დოკუმენტური ფილმის ჩვენების შემდეგ ერმილე მაღრაძემ ერის წარსულის ზედმიწევნით კარგად ცოდნის აუცილებლობაზე ისაუბრა: -ნებისმიერი ერი ეყრდნობა თავის წარსულს. იმ ერის მომავალი, რომელსაც ისტორია არ გააჩნია, ძალიან საეჭვოა. ყველამ უნდა იღვაწოს, რომ ისტორიას მოუაროს, მოეფეროს, შეამკოს ის, რაც მის ერს ღირებული გაუკეთებია. ქართველ ერს უამრავი რამ შეუქმნია, რასაც მოსაძიებლად საკმაოდ დიდი შრომა სჭირდება. მოკვლევის შემთხვევაში კი სათანადოდ არ შუქდება და არ მიდის ჩვენს მოსახლეობამდე. ტიხროვანი მინანქრის ხელოვნება ერთ-ერთია მათ შორის, თუკი რამ მნიშვნელოვანი გაგვაჩნია ქართველებს.
ტიხროვანი მინანქრის ტექნოლოგია გახლავთ ძვირფასი მეტალისა (მაღალი ღირსების ოქრო და იშვიათად ვერცხლი) და ფერადი საიუველირო მინის ერთმანეთთან შეთვისება. ტიხროვანი მინანქრის დასამზადებლად საჭირო იყო ძალიან მაღალ დონეზე მოხარშული, მოდუღებული საიუველირო ფერადი მინა. ეს ფერადი მინები ათასნაირ ელფერში დუღდებოდა. ჩვენს წინაპრებს შეეძლოთ დიდი სპექტრით წარმოედგინათ ყველა ფერის სალტა. თუმცა, ძირითადად გვხვდება თორმეტი ბიბლიური ქვის ელფერში დამუშავებული ფერთა პალიტრა. ბიბლიური ქვები უწმინდეს მინერალებად და დიდი ძალების მატარებელ ქვებად ითვლებოდა. ყოველ მინერალს მიეწერება გარკვეული ძალა და მათ წმინდა მამები ეკლესიებში გამოიყენებდნენ სხვადასხვა დადებითი დანიშნულებით. ამ მინერალებით იქმნებოდა ჯვრები, ხატები, საკრაული დანიშნულების ნივთები.
ჯერ კიდევ ადრე ანტიკური პერიოდიდან და შემდეგ გვიან ანტიკურ პერიოდში ჩვენ ვაწყდებით ფერად მინას, რომელიც საქართველოში მაღალ დონეზე მუშავდებოდა მძლავრ სახელოსნოებში.
ჩვ. წ. აღ-ის მეორე-მესამე საუკუნეებიდან საქართველოში გვხვდება ტიხრებს შორის ჩამდნარი მინა, პირველი დეკორატიული ელემენტები.
ასპარუკ პიტიახშის სარკოფაგის გახსნისას ტიხროვანი მინანქრის ორი ნივთია აღმოჩენილი – მისი კუთვნილი ბეჭედი და მისი ხანჯლის ოქროს ქარქაშის შემამკობელი სამშვენი მედალიონი. ტიხრებს შორის ჩამდნარია ლაჟვარდოვანი მინა. ეს არის ერთ-ერთი პირველი ფერადი მინა, რომელიც ქართველმა ოსტატმა აქ, საქართველოში, შექმნა.
ტიხრული მინანქრის ბიზანტიური ნიმუშები მე-8 საუკუნიდან გვხვდება. მე-8 საუკუნეში საქართველოს ბევრ ქალაქში ტიხროვანი მინის გამართული სახელოსნოები მოქმედებდა.
ერმილე მაღრაძემ ქართველ მეცნიერ გურამ აბრამიშვილთან თანამშრომლობით ჩვენამდე მოღწეული ტიხროვანი მინანქრის ნიმუშები შეისწავლა. ოცდაათწლიანი კვლევა-ძიების შედეგად ერმილე მაღრაძემ აღადგინა ტიხროვანი მინანქრის ისტორიული, მივიწყებული ტექნოლოგია, რომელიც მე-15 საუკუნის შემდგომ აღარ გვხვდება.
ტიხროვანი მინანქრის მომზადების უპირველესი პრინციპია ოქროს უთხელესი საფუძვლის დაკავშირება მასზე ვერტიკალურად დამაგრებულ ტიხარზე. დამაგრების პროცესს ჩრვილვითი ოპერაცია ჰქვია.
უძველესი ტექნოლოგიით ერმილე მაღრაძემ დაამზადა მე-12 საუკუნის ხახულის ღვთისმშობლის კარედი ხატის ერთ-ერთი სამშვენი წმინდა სვიმონ კანანელის გამოსახულებით. დღეს ის გამოფენილია ეროვნული მუზეუმის საგანძურის მოქმედ ექსპოზიციაში.
ტიხროვანი მინანქრის დამზადების ტექნოლოგია ერმილე მაღრაძემ აღადგინა ჩვენამდე მოღწეულ ორ ტრაქტატზე დაყრდნობით: 1) მე-11-მე-12 საუკუნეებში მოღვაწე ბენედიქტელი ბერი თეოფილუსის ჩანაწერებით; 2) ქართლის მეფე ვახტანგ მეექვსის ჩანაწერებით – „წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიისა ქმნისა, ჩაწერილი ვახტანგ მეფის მიერ“.
დამსწრეთა თხოვნით ერმილე მაღრაძემ განმარტა, თუ რა განსხვავებაა ტიხროვანი მინანქრის დამზადების ისტორიულ და თანამედროვე ტექნოლოგიებს შორის: –ტიხროვანი მინანქრის ქვაკუთხედია ჰორიზონტალურ უმოკლეს საფუძველზე მირჩილული ტიხარი. ტიხრის ფუნქცია არის ერთი ლოკალური ფერის, ვთქვათ, ყვითლის გამიჯვნა მეორე ფერისგან – ვთქვათ, წითლისგან და ა. შ. ტიხროვანი მინანქრის ისტორიული ტექნოლოგიის შემთხვევაში ფენის სისქე, ტიხროვანი მინანქრის მინანქროვანი მასის ფენა არის მინიმუმ 1,7მმ, 2მმ ან 3 მმ
მე-15 საუკუნეში ტიხროვანი მინანქრის ტექნოლოგია იკარგება, მივიწყებას ეძლევა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეს ხელოვნება დაიკარგა მტრის შემოსევების შედეგად ქვეყნის გაპარტახებისა და დაუძლურების გამო. აქვე ლოგიკური კითხვა ჩნდება – თუკი სხვა რამ კეთდებოდა, – ტაძრები შენდებოდა, კედლები იხატებოდა, ჯვარხატები მზადდებოდა, რაღა მაინცდამაინც ტიხროვანი მინანქრის ტექნოლოგია იკარგება? ერმილე მაღრაძის მოსაზრებით, ტიხროვანი მინანქრის ტექნოლოგია მიივიწყეს არა იმიტომ, რომ სახელოსნოების შენახვისა და დამზადების ფუფუნება აღარ გვქონდა, არამედ დაიკარგა იმიტომ, რომ მოდიდან გადავიდა.
2 მმ-იან ტიხროვან მინანქარს ქურიდან გამოღების შემდეგაც აქვს გარკვეული დეფექტები, ბზარები, ბუშტუკები. ეს ნამდვილი ტიხროვანი მინანქრისთვის ნორმად ითვლებოდა და უნდა ჩაითვალოს აუცილებლად. ეს ბზარი თითქოს უხდება მას, ელვარებს მინა, ცოცხალია, – ამბობს ერმილე მაღრაძე.
მე-15 საუკუნის შუა პერიოდიდან იწყება თანამედროვე საუნივერსიტეტო განათლების კერის აყვავება. ადამიანის აზროვნება, შუა საუკუნეებში მოღვაწე ადამიანებისგან განსხვავებით, იცვლება სამყაროსთან მიმართებაში. მანამდე ადამიანი ღმერთთან ძალიან დიდ მოწიწებაში იმყოფებოდა. მე-15 საუკუნიდან კი გარკვეულად კადნიერდება, ზურგს აქცევს და მატერიალისტი ხდება. ადამიანი ამბობს – „მე ვარ,“ „მე მინდა,“ „ასე უნდა გავაკეთო“ და არა – ღმერთს ასე უნდა. მატერიალიზმი ხელოვნების ნიმუშებშიც ამჩნევს უკვე კვალს. ამ პერიოდიდან იწყება ძვირფასი მინერალების დამუშავების ის მეთოდები, რომლებიც ჩვენს სამკაულებზე დღეს ფიქსირდება.
ჩვენი წინაპრები განსხვავებულად ამუშავებდნენ მინერალს. როგორც მოიპოვებდა ზურმუხის ნატეხს, ოდნავ დაამრგვალებდა, მოეფერებოდა, რომ ხელი არ შეეშალა ღვთაებრივი სამყაროს მიერ შექმნილი ამ სილამაზისთვის და ისე ამაგრებდა ჯვარზე, ხატზე ან საკულტო დანიშნულების სხვა ნივთზე.
ევროპული აზროვნებიდან გამომდინარე ადამიანი ამბობს, მინერალი უნდა იყოს აბსოლუტურად უბზარო, ყოველგვარი ნაკაწრის გარეშე. ამიტომ მე-15 საუკუნიდან კეთდება სხვანაირი მინანქარი – გაცილებით თხელ ფენებში იმიტომ, რომ არ გაჩნდეს ბზარი, ბუშტუკები. ტიხროვანი მინანქრის სისქე გათხელდა 0,5 მმ-0,3 მმ-მდე.
თანამედროვე მინანქარი ვერანაირად ვერ პასუხობს ძველის მოთხოვნებს. როგორც კი თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებულ მინანქარს სისქეს მოუმატებ, ემსგავსებიან პლასტმასებს და სიცოცხლეს კარგავენ. თანამედროვე ევროპული მინანქარი სიცოცხლისუნარიანი მხოლოდ უთხელეს ფენაშია. სწორედ ამით განსხვავდება უძველესი ქართული მინანქრისგან.
ვანის ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხებისას 1966 წელს აღმოაჩინეს რკინის დაფანჯრული კონუსური ფორმის ხუფი. ეს არქეოლოგებს ეგონათ სასაკმევლე სარიტუალო ნივთი, – მასში ცეცხლს დაანთებდნენ, კვამლი ამოვიდოდა და გარკვეულ კულტს ემსახურებოდა. ერმილე მაღრაძემ რომ თეოფილუსისგან აღწერილი რკინის მოსამინანქრებელი ხუფი დაამზადა, მისთვის ნათელი გახდა, რომ ვანის ნაქალაქარის დროს აღმოჩენილი რკინის ხუფი სწორედ ტიხროვანი მინანქრის დამზადებისას ოქროს რჩილვისთვის გამოიყენებოდა.
ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ ამ ნივთმა ჩვენამდე მოაღწია. ეს არის საბუთი, რომ თექვსმეტი საუკუნით ადრე თეოფილუსამდე (მე-11- მე-12 საუკუნის მოღვაწეა), ძველი კოლხები ვანში აკეთებდნენ სარჩილ ოპერაციას ძვირფასი მეტალის დამუშავების დროს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი ჩვენი ერისთვის.
ერმილე მაღრაძე მარელისში დაიბადა და აღიზარდა. მარელისის სკოლის მაშინდელი დირექტორის, გივი გოგოლაძისა და ხატვის მასწავლებლის ღუტუ ღონღაძის რჩევით სწავლა სამხატვრო აკადემიაში გააგრძელა. შეისწავლა ქრისტიანული ხელოვნება. განვლო საკმაოდ რთული და საინტერესო მეცნიერული და შემოქმედებითი გზა. ერმილე მაღრაძე ხელოვნების მუზეუმის თანამშრომელი და საგანძურის განყოფილებაში ძვირფასი მეტალისა და მინის ტექნოლოგ-რესტავრატორია.
„ამ ღონისძიებით თითქოს გავიზარდე, ავმაღლდი – სიამაყით განაცხადა ლამარა ციცქიშვილმა, ერმილე მაღრაძის ისტორიის მასწავლებელმა მარელისის საშუალო სკოლაში, – უდიდეს სიხარულს განვიცდი. ჩემს თვალწინ გაიარა ერმიკოს ბავშვობამ. დღესაც თვალწინ მიდგას მარელისის სკოლაში შემოსული ბუთხუზა, ლამაზი ბიჭი, ულამაზესი დედის გვერდით. ერმიკოს დედა – ეთერ ორჯონიკიძე თავისი პეწით, სილამაზით, კდემამოსილებით გამოირჩეოდა. მან საუკეთესო შვილები აღზარდა. მადლობა ჩვენი სკოლის აღზრდილ ერმილე მაღრაძეს ასეთი წარმატებისთვის და ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმს – მშვენიერი ღონისძიებისთვის.
ერმილე მაღრაძეს გულთბილად მიესალმა და მარელისელი მოსწავლეებისგან დამზადებული ნაკეთობა უსახსოვრა მარელისის საჯარო სკოლის დირექტორმა ვერა ოდიკაძემ. კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ კი აღნიშნა, რომ ერმილე მაღრაძე არის პატარა კუთხის ძალიან დიდი წარმომადგენელი: „მე ბედნიერებითა და სიამაყით ავივსე, როცა მისგან დამზადებული მედალიონი ვიხილე. მე სხვას არ ვიცნობ მისნაირ თავმდაბალ ხელოვანს.“
მუზეუმში ერმილე მაღრაძესთან შეხვედრაზე გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ ქედს იხრის მისი ტიტანური შრომის წინაშე. ხარაგაულში სამომავლოდ „საპატიო ხარაგაულელის“ წოდება დამკვიდრდება. გამგებელმა საზოგადოებას მიმართა, რომ „საპატიო ხარაგაულელის“ წოდებაზე ერთ-ერთ უპირველეს კანდიდატად ერმილე მაღრაძეს განიხილავენ.
მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერმა ეკა შველიძემ იმედი გამოთქვა, რომ ერმილე მაღრაძესთან ხარაგაულელების ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება.
ლაურა გოგოლაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.