ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში დღეს, 19 აპრილს, ტიხრული მინანქარის დიდოსტატ,ხარაგაულის საპატიო მოქალაქე ერმილე მაღრაძესთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა ეკა შველიძემ გახსნა. მუზეუმში შედგა მუხრან მახარაძის დოკუმენტური ფილმის – „ოქროდ ქცეული სიბრძნე – თრიალეთის თასი“ პრემიერა. ფილმი მოგვითხრობს თრიალეთის ოქროს თასის ექსპერიმენტული კვლევისა და უძველესი ტექნოლოგიების რეკონსტრუქციის შესახებ, რომელთა საფუძველზე ერმილე მაღრაძემ ბრინჯაოს ხანის უნიკალური ნიმუშის ზუსტი ასლი დაამზადა. ფილმის პრემიერის პარალელურად, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ერმილე მაღრაძის ნამუშევრების ფოტოგამოფენა მოეწყო.
ერმილე მაღრაძემ შუამთის დედათა მონასტრის ღვთისმშობლის, მთავარანგელოზის, ჯვარცმის და სხვა წმინდანთა ტხრული მინანქრის ხატების ასლები შექმნა. რომის პაპის, ბენედიქტე XVI-სთვის სამღვდელმთავრო ჯვარი ერმილე მაღრაძის ხელითაა დამზადებული.
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ერმილე მაღრაძე ახორციელებს პროექტს – „დაკარგული ტექნოლოგიების კვალდაკვალ“. პროექტის ფარგლებში ეროვნული მუზეუმი მივიწყებულ ტექნოლოგიებს – ტიხრულ მინანქარს, ჭედურ ხელოვნებას, ცვარნამისა და ოქრომკერდის ტექნოლოგიას იკვლევენ. ახლო მომავალში ოქრომკერდის დამზადების ტექნოლოგიის გამოკვლევა იგეგმება.
„ხარაგაული ჩემი სამშობლოა, მარელისში დავიბადე და გავიზარდე, – ამბობს ერმილე მაღრაძე, – ბავშვობაში, მარელისის სკოლაში რომ ვსწავლობდი, ხარაგაული ყველაზე დიდი ქალაქი მეგონა. აქედან იწყება დანარჩენ სამყაროსთან ჩემი ურთიერთობა. მინდა, ხარაგაულელებთან თანამშრომლობა გავაგრძელო. დღევანდელი ღონისძიება ახალგაზრდებთან შემდგომი ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურება. მათ ბავშვობიდანვე უნდა შეისისხლხორცონ და ყოველთვის ახსოვდეთ, რომ საქართველოში თითოეულ გოჯ მიწაზე ჩვენი უზარმაზარი კულტურის ნიმუშებია.“
ფილმის პრეზენტაციის შემდეგ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ აღნიშნა, რომ ერმილე მაღრაძის მსგავსი სამშობლოს მოყვარული, პროფესიონალი ადამიანების მხრებზე დგას ჩვენი ქვეყანა. მერმა განაცხადა, რომ თუ ხარაგაულელი ახალგაზრდები ტიხრული მინანქრის დამუშავების შესწავლას მოინდომებენ, ადგილობრივი ხელისუფლება პროექტს დააფინანსებს.
„თქვენ გააცოცხლეთ წინაპრების ხელოვნება, – მიმართა ერმილე მაღრაძეს ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის წინამძღვარმა მამა თომამ (ლაცაბიძე), – ილია ჭავჭავაძის სიტყვები გამახსენდა, – როცა წინაპრებზე ვსაუბრობთ, უნდა ვიფიქროთ, რომ ოდესმე ჩვენც გავხდებით წინაპრებიო. ბატონო ერმილე, თქვენ უკვე ხართ ის პიროვნება, რომელზეც თაობები ისაუბრებენ.“
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ხარაგაულისთვის, – ამბობს ხარაგაულის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე, – ახალგაზრდები გაეცვნენ ერმილე მაღრაძის შემოქმედებას ფილმით, რომელიც მის მიერ ბრინჯაოს ხანის თასის კვლევისა და რეკონსტრუქციის ისტორიას გვამცნობს. ვამაყობ, რომ ასეთი დიდი ხელოვანი ხარაგაულელია.“
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ნინო დიდიძე მოხარულია, რომ 19 აპრილი, ამ მუზეუმის დაბადების დღე, ასე საინტერესოდ აღინიშნა. მისი სურვილია, რომ ერმილე მაღრაძის ნამუშევრების ფოტოები და ფილმი სკოლების მოსწავლეებმა ნახონ.
ერმილე მაღრაძის ნამუშევრების ფოტოების გამოფენა ისტორიულ მუზეუმში ერთ თვეს გასტანს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი