სოფელ ბაზალეთში დასახლების საერთო კრებაზე, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფლის რჩეული მამია ლომსაძე გახდა.
„სოფელში უამრავი პრობლემაა, – ამბობს მამია ლომსაძე, – ვაცნობიერებ ხალხის ნდობას და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოსახლეობის სახელით მოვითხოვ.“
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ მინიჭებული უფლების – დასახლების საერთო კრებაზე სოფლის რჩეულის არჩევის პროცესის ხელშესაწყობად – ა/ო ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო-საქართველო მუშაობს.
იმერეთის თორმეტი მუნიციპალიტეტიდან ამ ორგანიზაციამ საპილოტედ ექვსი სოფელი შეარჩია – ხარაგაულიდან სოფელი ბაზალეთი, წყალტუბოდან – ქვემო ჩუნეში, ხონიდან – ჩაის მეურნეობა, სამტრედიიდან – ბაში, ჭიათურიდან – ბჟინევი, ბაღდათიდან – საიმედო.
დასახლების საერთო კრება მხოლოდ ორგან – ბაზალეთსა და ქვემო ჩუნეში ჩატარდა. ბაღდათის სოფელ საიმედოში კრების ჩატარება იანვარში იგეგმება.
„სამწუხაროდ, ხონში, სამტრედიასა და ჭიათურაში ქვორუმი ვერ შედგა, – ამბობს ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო-საქართველოს წარმომადგენელი მაკა ცერცვაძე, – კანონის თანახმად, კრება უფლებამოსილია მაშინ, თუ მას დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 20% ესწრება.“
საერთო კრების მოწვევა და სოფლის რჩეულის არჩევა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნაა.
„ერთია მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში და მეორეა ის, თუ რამდენად ადექვატური იქნება ხელისუფლების რეაგირება, – ამბობს მაკა ცერცვაძე, – მოსახლეობისგან გამოკვეთილ პრობლემას სოფლის რჩეული გამგეობაში მიიტანს. გამგეობა ვალდებულია, ერთი თვის ვადაში ეს საკითხი საკრებულოს წარუდგინოს. საკრებულომ საკითხი უნდა განიხილოს და ადმინისტრაციული აქტი გამოსცეს.
თუ ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემას ვერ მოაგვარებს, მოსახლეობას დასაბუთებული და არგუმენტირებული პასუხი წერილობით უნდა აცნობონ.
სოფლის რჩეულის ვალდებულებაა გამგეობაში წარდგენილი პრობლემის განხილვაზე მონიტორინგი და სოფლის საერთო კრების დავალებების შესრულება.“
სოფლის რჩეულის ინსტიტუტი რომ გაამართლებს, ამაში ბაზალეთის მაჟორიტარი დეპუტატი ვარლამ ჭიპაშვილი დარწმუნებულია. ის მიიჩნევს, რომ სოფლის რჩეული თვითმმართველობასა და მოსახლეობის შორის ეფექტური კომუნიციკაციის ხელშემწყობი იქნება.
ბაზალეთის სოფლის რჩეული მამია ლომსაძე ამბობს, რომ მოსახლეობის მიერ უკვე დაისვა რამდენიმე პრობლემა. მისი ინფორმაციით, მოსახლეობა ინტერნეტს, სოფელში ნაგვის შემკრები ურნების დადგმას, გაზიფიცირებაზე დეტალურ ინფორმაციას, მდინარე ჩხერიმელაზე საცალფეხო ხიდის ნაცვლად საავტომობილო ხიდის მშენებლობას და საუბნო გზების შეკეთებას ითხოვს.
მამია ლომსაძის ინფორმაციით, ყველა საკითხის მოსაგვარებლად გამგეობას წერილობით ეტაპობრივად მიმართავს.
რამდენად ეფექტური და შედეგიანი აღმოჩნდება სოფლის რჩეულის საქმიანობა, ამას დრო გვიჩვენებს.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი