ღორეშაში კონკურსის „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ ფარგლებში დასახლების საერთო კრება გაიმართა. სტუდენტური კონკურსი
არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქესა“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, უკვე მესამე წელია, ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებისა და ახალგაზრდებში თვითმმართველობის იდეის პოპულარიზაციის მიზნით ტარდება.
დასახლების საერთო კრების მოწვევამდე სტუდენტურმა ჯგუფმა ნინო გვასალიას, გვანცა სალიას, ზურაბ თაბუკაშვილისა და შოთა ლომიძის შემადგენლობით, ღორეშაში არსებული პრობლემებიდან, ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობით, სამი მთავარი პრობლემა გამოკვეთა.
ღორეშელებმა დასახლების საერთო კრებაზე საკუთარი სოფლის პრობლემებზე ისაუბრეს. კრების რჩეულად გოჩა კოპაძე აირჩიეს.
გოჩა კოპაძე ამბობს და კრებაზე გამოიკვეთა, რომ ღორეშელებისათვის მნიშვნელოვანია კვადოურის უბნის სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და სასაფლაოს შემოღობვა, სპორტული დარბაზის სპორტული ინვენტარით მომარაგება, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და შინმოუსვლელთა მემორიალების მიმდებარე სკვერების რეაბილიტაცია.
ღორეშის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი ნანა ბუაჩიძე წუხს, რომ სოფლის მოსახლეობას ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება, ამიტომ ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიან.
„ასეთი შეხვედრები მოსახლეობის ინფორმირებულობისათვის აუცილებელია, – ამბობს ქალბატონი ნანა, – ღორეშაში ძალიან გონიერი და ნიჭიერი ახალგაზრდები ცხოვრობენ. მათთვის აუცილებელია გასართობი, შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებები. სოფელში სპორტული დარბაზი კეთილმოეწყო, მაგრამ მასში არანაირი ინვენტარი არ არის. ჩემი აზრით, ეს სერიოზული პრობლემაა“.
გამგებლის წარმომადგენელი ღორეშის ადმინისტრაციულ ერთეულში გურამ კურტანიძე დასახლების საერთო კრების მსგავს შეხვედრებს სოფელში პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელ პირობად მიიჩნევს, რადგან სწორედ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, სოფელში პირველ რიგში რისი გაკეთებაა პრიორიტეტული.
ნინო გვასალიას ჯგუფი პროექტის „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ 2016 წლის გამარჯვებულია. შარშან მათ ქალაქ ზუგდიდის პრობლემები შეისწავლეს და ქალაქის გამგეობას მათი გადაჭრის გეგმა შესთავაზეს. მიღწეული წარმატებისთვის კი, კონკურსის ფარგლებში, პოლონეთსა და გერმანიაში სასწავლო ტურით დაჯილდოვდნენ.
„პროექტის პირველ ეტაპზე მოვიარეთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი – ღორეშა, ბაზალეთი, კიცხი და ვერტყვიჭალა – ამბობს ჯგუფის ლიდერი ნინო გვასალია, – მოსახლეობას გავესაუბრეთ და მათ პრობლემებს გავეცანით. მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოსახლეობის საერთო კრება ღორეშაში ჩაგვეტარებინა და მათთვის პრიორიტეტული პრობლემების გადაჭრაში დავხმარებოდით. მოსახლეობამ სამი უმთავრესი პრობლემა გამოკვეთა. შევადგინეთ კრების ოქმი, სადაც მათი პრობლემებია ასახული“.
31 მაისს „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ ჯგუფის წევრები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელ ნიკოლოზ თოფურიძეს შეხვდნენ და დასახლების საერთო კრების ოქმი წარუდგინეს.
ნიკოლოზ თოფურიძემ განაცხადა, რომ „ღორეშის მოსახლეობისგან დასმული პრობლემების შესწავლა შესაბამის სამსახურებს დაევალებათ: „ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი გაარკვევს, თუ რა სახის სპორტული ინვენტარი სჭირდებათ ღორეშელ ახალგაზრდებს და აუცილებლად შევიძენთ. ღორეშაში არსებული სკვერების მოვლა-პატრონობა ააიპ „ხარაგაულკეთილმოწყობას“ დაევალება. რაც შეეხება, კვადოურის უბნის სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას, სხვა სოფლებში გზები ბევრად უფრო სავალალო მდგომარეობაშია. ამ ეტაპზე, ჩვენ სასაფლაომდე მისასვლელი გზების გაკეთებას არ ვგეგმავთ. საქართველოს მთავრობის გეგმაა, რომ სამ წელიწადში ყველა სოფელში ცენტრალური გზები მობეტონდეს,“ – ამბობს ხარაგაულის გამგებელი ნიკოლოზ თოფურიძე.
სტუდენტური ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ პროექტით მათი ვალდებულება იყო, სოფლის მოსახლეობის პრობლემები ადგილობრივ ხელისუფლებამდე მიეტანათ.
თამთა გოგოლაძე
შოთა ლომიძის ფოტოები
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი