სტუდენტობა ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ეტაპია. სტუდენტობის წლებში ახალგაზრდა პროფესიულ ცოდნასა და უნარებს იძენს, დამოუკიდებლად ცხოვრებასა და პასუხისმგებლობას სწავლობს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 21 საშუალო სკოლის 136 კურსდამთავრებულიდან 75 სტუდენტი გახდა. მათგან სახელმწიფო გრანტი 19-მა ახალგაზრდამ მოიპოვა.

რატომ და როგორ აირჩიეს მომავალი პროფესია, რას ნიშნავს მათთვის სტუდენტობა, ვისი და რისი დამსახურებით მოიპოვეს საუკეთესო შედეგი, როგორ ქვეყანაში ცხოვრება სურთ და როგორია მათი სამომავლო მიზნები, – ამ შეკითხვებით 100%-იანი და 70%-იანი გრანტის მფლობელ რამდენიმე პირველკურსელს მივმართეთ.

მარიამ დევდარიანი თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკულტეტზე 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა. ის ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის კურსდამთავრებულია. ამ ფაკულტეტზე ჩაბარება მარიამმა იმიტომ გადაწყვიტა, რომ რამდენიმე სფეროს აერთიანებს. სასურველ პროფესიასაც მალე აირჩევს.

„აბიტურიენტობის დაწყებიდან მაღალი შედეგების მიღება დავისახე მიზნად, – ამბობს მარიამი, – ძალიან დამეხმარენ ჩემი მასწავლებლები, რომლებმაც მომცეს ცოდნა და ამავე დროს მორალურად მამხნევებდნენ. ოჯახის წევრები ყოველთვის მხარს მიჭერდნენ. თუმცა, საბოლოო შედეგი ჩემი შრომითა და მცდელობით მოვიპოვე.

სტუდენტობისგან პიროვნულ, გონებრივ და ინტელექტუალურ განვითარებას ველოდები. იმედი მაქვს, უნივერსიტეტი ამის შესაძლებლობას მომცემს. ჩემი მთავარი მიზანია, სასურველ პროფესიაში უმაღლესი ცოდნა მივიღო და მაქსიმალურად განვვითარდე“.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გვანცა წიქარიშვილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა. ის ამბობს, რომ პროფესია დამოუკიდებლად აირჩია.

გვანცასთვის მომავალი პროფესია გამოწვევებთან და სირთულეებთან ასოცირდება. მას კი სირთულეებთან შეჭიდება და მათი დაძლევა უყვარს.

„საერთაშორისო ურთიერთობები ქვეყნებს შორის ურთიერთობებს მოიცავს. მინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი, ძლიერი და უფრო განვითარებული, – ამბობს გვანცა, – სტუდენტობა განათლების დონის გაღრმავებას, პიროვნულ ზრდას, ახალ ადამიანებთან ურთიერთობებს და მათთან ერთად საინტერესო მოგონებების შექმნას ნიშნავს. ჩემგან მიღწეული შედეგი მასწავლებლების დამსახურებაა. თუმცა, რომ არ მეშრომა, არაფერი გამოვიდოდა. ადამიანი მიზანს მხოლოდ შრომით მიაღწევს.

გამოცდებზე რომ გავდიოდი, ჩემი მიზანი ასპროცენტიანი გრანტის მოპოვება იყო.

სტუდენტობისგან ველოდები ძალიან დიდი ცოდნისა და გამოცდილების მიღებას. ვფიქრობ, უმაღლეს სასწავლებელში ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლებს გავატარებ. ახლო მომავალში ჩემი მიზანი სტიპენდიის მოპოვებაა“.

მარიამ ბერაძე, ბორის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. მან 70%-იანი გრანტი მოიპოვა.

მომავალი პროფესიით მარიამი ბავშვობიდან დაინტერესდა, როცა ექიმი დედის საქმიანობას აკვირდებოდა. ექიმობის სურვილი პანდემიის დროს გაუძლიერდა, რადგან ექიმების ვალდებულება და პასუხისმგებლობა ამ დროს უფრო მეტად გამოჩნდა.

მარიამი დიდ მადლობას უხდის ბორის სკოლის მასწავლებლებსა და ოჯახის წევრებს, რომელთაც მის წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით.

„მთავარი, ზოგადად, ნებისმიერ პროცესში არის ის, რომ იყო მიზანდასახული, გიყვარდეს საქმე, რასაც აკეთებ და შენი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინო, – ამბობს მარიამი, – სტუდენტობა ცხოვრების ახალი ეტაპია. ახალ გარემოში, უცხო ადამიანებთან ურთიერთობები მომიწევს. ჩემი უნარების საუკეთესოდ წარმოჩენა უნდა შევძლო, მეტი ვისწავლო და აღმოვაჩინო. ოჯახს ვპირდები, შემდგომი წარმატებებითაც გავახარებ და სიმაყეს ვაგრძნობინებ.

მინდა, რომ ჩემი საქმის პროფესიონალი გავხდე და ადამიანებს დავეხმარო. მედიცინა ემსახურება იმას, რომ ჩვენი საზოგადოება ჯანმრთელი, ჯანსაღი და კეთილდღეობით სავსე იყოს.

მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც ახალგაზრდებს არასდროს მოუნდებათ ემიგრაციაში წასვლა, სადაც მოსახლეობა იქნება ბედნიერი, უზრუნველყოფილი და განვითარებული, პროფესიონალები იქნებიან დაფასებული და აღიარებული.

მომავალში, სავარაუდოდ, სწავლას ენდოკრინოლოგიის მიმართულებით გავაგრძელებ. მინდა ვიყო ჩემი საქმის პროფესიონალი, დავეხმარო ადამიანებს, ხელი შევუწყო ჩვენს ქვეყანაში სამედიცინო სფეროს განვითარებასა და პოპულარიზაციას“.

ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის კურსდამთავრებული მარიამ გურგენიძე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტზე 70%-იანი გრანტით ჩაირიცხა. ინგლისური ენის შესწავლა ყოველთვის აინტერესებდა.

„მასწავლებელებმა შემაყვარეს ჩემი მომავალი პროფესია და შთამაგონეს, რომ ამ გზას გავყოლოდი, – ამბობს მარიამი, – ჩემთვის სტუდენტობა ახალ ემოციებს ნიშნავს. შევაბიჯებ უცხო გარემოში და ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყება. ბევრს ვიმუშავებ საკუთარ თავზე. ახალ გამოწვევებს შევეჭიდები. მინდა, სტიპენდია მოვიპოვო, გაცვლით პროგრამებში ჩავერთო.

მინდა ვცხოვრობდე ისეთ ქვეყანაში, სადაც თავისუფალი და ბედნიერი ადამიანები იქნებიან.

შოთა ზვიადაძე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტი 70%-იანი დაფინანსებით გახდა. შოთა კიცხის სკოლის კურსდამთავრებულია.

ის მადლობას უხდის ბებოს, რომელმაც ადრეულ ასაკში კარგი ცოდნა მისცა, მასწავლებლებს და სკოლის დირექტორს, რომლებმაც მის განათლებაში წვლილი შეიტანეს.

„ტურიზმი საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადია და ვიფიქრე, თუ ამ სპეციალობას ავირჩევდი, ბევრად უფრო წამადგებოდა და დიდი შესაძლებლობები მექნებოდა, – ამბობს შოთა, – მომავალი პროფესია ჩემი მასწავლებლის, ელისო არჯევანიძის რეკომენდაციით ავირჩიე და ვფიქრობ, კარგი გადაწყვეტილება მივიღე.

სტუდენტობა, პირველ რიგში, დიდი პასუხისმგებლობაა. ახალ გამოწვევებს უნდა შევეჭიდო. ახლა ჩემი მიზანია, მაქსიმალური ცოდნა მივიღო. შემდეგ კი ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით ქვეყნის განვითარებაში წვლილი შევიტანო. მინდა საქართველო თავისუფალი, ერთიანი და დამოუკიდებელი იყოს.

სიდონია ორლოვს სამართლის პროფესია დიდი ხანია მოსწონს. ის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე 70%-იანი გრანტით ჩაირიცხა. სიდონია ამბობს, რომ სტუდენტობა – ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო და ამაღელვებელი სტატუსი – საკუთარი შრომითა და მონდომებით მოიპოვა.

„აბიტურიენტობისას ოჯახის წვერები, მასწავლებლები, მეგობრები ყოველთვის მამხნევებდნენ – ამბობს სიდონია, – დიდი მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. სტუდენტობისგან ველოდები იმას, რომ საკუთარ თავს უკეთ შევიცნობ, გავხდები წარმატებული პროფესიონალი.

მინდა ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც პირველ რიგში, სამართალი იქნება სამართლიანი“.

ნინო კაპანაძე