განათლების კოალიცია და ორგანიზაცია „ღია სივრცე კავკასია,“ ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, 2021 წლის 1 აგვისტოდან ახორციელებს პროექტს „რეგიონული ნდობის ჯგუფები სკოლების დეპოლიტიზებისთვის“.

ამ პროექტის მიზანია ზოგადი განათლების სისტემის დეპოლიტიზების მხარდაჭერისთვის რეგიონული ნდობის ჯგუფების ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანების ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდას, პოლიტიკური გავლენებისგან დაცვას და მათი რესურსების არამართლზომიერი გამოყენების პრევენციას.

„წლებია, ფონდი და ჩვენი პარტნიორები ვსაუბრობთ საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის არამართლზომიერ გამოყენებაზე, მათ შორის, სკოლის პედაგოგებსა თუ დირექტორებზე ზეწოლაზე, პოლიტიკურ კამპანიაში მათი ჩართვის პრობლემებზე.

პროექტის მხარდაჭერით გვსურს, ჩვენი პარტნიორების დახმარებით ხელი შევუწყოთ ამ ცუდი პრაქტიკის აღმოფხვრას და ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნების დაცვას, სადაც ცალსახად ნათქვამია, რომ სკოლისა და სასკოლო საზოგადოების გამოყენება სხვადასხვა გზითა და მეთოდით პოლიტიკური აგიტაციისა თუ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მიზნით დაუშვებელია“, – ამბობს ღია საზოგადოების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი.

განათლების კოალიციამ საქართველოს ყველა რეგიონში შექმნა ნდობის ჯგუფები, რომლებიც ადგილებზე, რეგიონების მიხედვით ახდენენ კონკრეტული ფაქტების იდენტიფიცირებას.

„განათლების კოალიციამ ცოტა ხნის წინ დაასრულა მუშაობა სასკოლო განათლების ისტორიის კვლევაზე, – ამბობს ამ ორგანიზაციის დირექტორი გიორგი ჭანტურია, – კვლევაში გამოიკვეთა, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ხელისუფლება მასწავლებლებსა და სკოლების ადმინისტრაციულ პერსონალს,  ყოველთვის იყენებდა, როგორც ელექტორატს და მათზე ზეწოლას ახორციელებდა. ასე იყო „მოქალაქეთა კავშირისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში და ასეა დღესაც.

2012 წელს დაიწყო დეპოლიტიზების მიმართულებით მუშაობა და ეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება იყო. თუმცა მას შემდეგ, რაც მმართველ პარტიას ამომრჩეველთა მობილიზების კუთხით პრობლემა შეექმნა,  ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა კვლავ დაიწყო.

სკოლების დეპოლიტიზაციის თემაზე შარშან გამოვაქვეყნეთ კვლევა. წელს უკვე დავიწყეთ ნდობის ჯგუფების ჩამოყალიბება, რეგიონებში შევკრიბეთ 100-ზე მეტი მოხალისე, რომლებიც კონკრეტული ფაქტების მოძიებაზე მუშაობენ.

ჩვენი მიზანი არის არა კონკრეტული ფაქტის გახმაურება და მასწავლისთვის პრობლემის შექმნა, არამედ – პირიქით, გვინდა გავაძლიეროთ მასწავლებელი, რომ მან თავი დაცულად იგრძნოს. თითოეულმა პედაგოგმა უნდა გააცნობიეროს, რომ ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ იქნება მისი უფროსი ან რაიმე საქმიანობის დამკვეთი, მისი სურვილის წინააღმდეგ.

სკოლების დეპოლიტიზების საკითხს მხოლოდ ერთი რომელიმე ორგანიზაცია ვერ მოაგვარებს. ამიტომ ვთანამშრომლობთ სხვა სადამკვირვებლო მისიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველის ოფისთან. სწორედ ასეთ საზოგადოებრივ მოძრაობას ექნება შანსი, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას“, – ამბობს გიორგი ჭანტურია.

„ნდობის ჯგუფის ძირითადი მოვალეობაა პედაგოგების ინფორმირება, თუ როგორ უნდა დაიცვათ თავი პოლიტიკური გავლენებისგან, – ამბობს ნდობის ჯგუფის კოორდინატორი ზემო იმერეთში ნათია ბარბაქაძე.

ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სკოლებში შესვლასა და ტრენინგ სემინარების ჩატარებას ვერ ვახერხებთ. ამიტომ ყველა მუნიციპალიტეტის მოცვა ამ ეტაპზე გვიჭირთ. ვცდილობთ, პედაგოგებს ინდივიდუალურად ან სოციალური ქსელებით დავუკავშირდეთ და ამ საკითხებზე ვესაუბროთ. პროექტი ახალია და მთავარი გამოწვევა ჩვენთვის პედაგოგებისა და ამ სისტემაში დასაქმებულთა ნდობის მოპოვებაა“.

თამთა გოგოლაძე

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:

რას შეცვლის „ახალი სკოლის მოდელი“ სასკოლო ცხოვრებაში 

„ონლაინ სწავლების გაუმჯობესების ნაცვლად ვიფიქროთ, როგორ დავუბრუნოთ ბავშვები ცოცხალ პროცესებს“ – მაია ცირამუა 

„უფასო კვების პროგრამის დანერგვა საქართველოს სკოლებში აუცილებელია“- ანა არგანაშვილი

ზრდასრულთა განათლების ცენტრი დასაქმებას უწყობს ხელს