ბოლო დღეებია, საზოგადოებაში აქტიურად საუბრობენ სკოლაში უფასო კვების პროგრამის დანერგვასთან დაკავშირებით.

საერთაშორისო პრაქტიკა მოწმობს, რომ სკოლებში უფასო კვება აპრობირებული მეთოდია. მაგალითად, ესტონეთის სკოლებში კვება როგორც ცენტრალური, ასევე, მუნიციპალური მმართველობისგან ფინანსდება.

იქ ბავშვები ყოველდღიურად იღებენ ბოსტნეულს, კვირაში სულ მცირე სამჯერ – ხილს, ორჯერ კი – ხორცს. აკრძალულია ისეთი საჭმელი, რომელიც ძალიან დიდი ოდენობით ცხიმში იწვება.

კვლევებით დგინდება, რომ თუ ბავშვს შია, მას სხვა საკითხზე კონცენტრაციის მოხდენა უჭირს. ეს ერთ-ერთ იმ მთავარ ფაქტორადაა დასახელებული, რაც სკოლებში განათლების დაბალ დონეს განსაზღვრავს.

ჩვენ დავინტერესდით, რა ხდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებში. აღმოჩნდა, რომ აქ საგანგაშო მდგომარეობაა. მოსწავლეთა დიდ ნაწილს მთელი დღის განმავლობაში შიმშილი უწევს. ეს მათ სწავლისუნარიანობაზე უარყოფითად მოქმედებს.

„სახელმწიფო თუ გამოძებნის ხარჯებს, რომ ბავშვებს ერთჯერადად მაინც მიეწოდოს სრულფასოვანი საკვები, ჩემი აზრით, ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, – ამბობს ზვარის საჯარო სკოლის დირექტორი ნატო შათირიშვილი, – ბავშვების ნაწილს საკვების შეძენის საშუალება არ აქვს, ნაწილი კი ისეთ პროდუქტებს ყიდულობს, რომელიც მათი ჯანმრთელობისთვის მავნებელია.

სკოლაში კვების ობიექტი არ გვაქვს. ჩვენთან ახლოს არის მაღაზია. ზოგადად, ჩვენს რეალობაში პროდუქციის ვარგისიანობაზე მკაცრი კონტროლი არ არსებობს, განსაკუთრებით სოფლის მაღაზიებში. აქ არც სანიტარული ნორმებია დაცული და არც ვადები. აქედან გამომდინარე, ბავშვებს უვარგისი პროდუქტის მიღება უწევთ.

ვაშლევის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთინო ლურსმანაშვილი აღნიშნავს, რომ კვების პრობლემა მათ სკოლაშიც მწვავედ დგას. ახლოს არც მაღაზიაა, რომ ბავშვებმა საკვები პროდუქტი  შეიძინონ.

„ბავშვებს ვთხოვ ხოლმე, რომ დილით ისაუზმონ, ან საკვები სახლიდან წამოიღონ. საჭმელი, ძირითადად, დაბალი კლასის მოსწავლეებს მოაქვთ. უფროსკლასელებს მთელი დღის განმავლობაში მშიერი ყოფნა უწევთ და ამას შეგუებული არიან. ზოგჯერ ტკბილეული მოაქვთ ხოლმე.

მოსწავლე რომ სამ საათამდე სკოლაშია, მას სრულფასოვანი კვება სჭირდება. საერთო ჯამში, ეს დიდი პრობლემაა. სკოლაში უფასო კვების პროგრამა თუ დაინერგება, ოჯახებისთვის ეს დიდი შეღავათი იქნება“, – ამბობს ქეთინო ლურსმანაშვილი.

„ბავშვების ნაწილს საკვები სახლიდან კონტეინერებით მოაქვთ, ნაწილს კი მშობლები აწოდებენ დასვენებაზე, – ამბობს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის უფროსი სპეცმასწავლებელი ლია ფურცელაძე, – უფროსკლასელებთან პრობლემა იქმნება. ისინი მაღაზიაში საჭმლის შესაძენად გასვლის ნებართვას ითხოვენ ხოლმე. მორიგე მასწავლებელი მათ გარეთ არ უშვებს.

პრობლემები იქმნება, მაგრამ საგანგაშო არ არის. უფასო კვების პროგრამის ამოქმედება ძალიან კარგი და დიდი საქმე იქნება. იმდენი სოციალურად დაუცველი გვყავს, რომ ეს ნამდვილად საჭიროა და თუკი შემოიღებენ, – მივესალმები“.

ამ საკითხს არასამთავრობო ორგანიზაციებიც ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ ამაზე სახელმწიფომ სერიოზულად უნდა იფიქროს.

ბავშვთა უფლებადამცველი და ა/ო „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი თავის ფეისბუქგვერდზე წერს:

„სკოლაში ბავშვებისთვის უფასო კვება სწორი დაპირებაა. ვინც ბავშვთა უფლებებზე ვმუშაობთ, ამაზე შეთანხმებული ვართ.

მაგალითად, ტეხასის საჯარო სკოლაში იყო უფასო კვების პროგრამა და მხოლოდ იმ ბავშვებს ჰქონდა ვაუჩერი, ვისაც სჭირდებოდა. ოღონდ სხვა ბავშვი ვერ ხვდებოდა რომ მეორეს ვაუჩერი ჰქონდა (დანარჩენი ბავშვების მშობლები ანგარიშზე ვუდებდით და ერთნაირად ყიდულობდნენ).

პანდემიის დროს სკოლების დახურვისას, მთავრობა ამ ბავშვების კვებაზე ისე ნერვიულობდა, რამდენიმე კვირა ისევ სკოლა გასცემდა მათ მშობლებზე ბავშვის საკვებს – სახლში რომ მიეტანათ ბავშვებისთვის.

უბრალოდ, სწორი და აუცილებელია ამის გაკეთება; თან – მთელ საქართველოში“.

ლიკა ხიჯაკაძე