
6-7 წლის ასაკის ბავშვისთვის პირველ კლასში შესვლა ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისია. ამისათვის მას გარკვეულ წინაპირობას საბავშვო ბაღში სწავლა უქმნის.
გასულ წელს, კოვიდპანდემიის გამო, აღსაზრდელებს საბავშვო ბაღში თითქმის არ უვლიათ. ახლა კი ხარაგაულში მოქმედი 26 სკოლიდან 15 სკოლაში სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს.
გაეროს ბავშვთა ფონდმა გამოაქვეყნა კვლევა – „კოვიდ-19-ის გავლენა ბავშვებისა და ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზე“.
ამ კვლევაში აღნიშნულია, რომ ლოქდაუნების და პანდემიით გამოწვეული გადაადგილების შეზღუდვების გამო, ბავშვებმა ცხოვრების მნიშვნელოვანი დრო მეგობრებისგან, საკლასო ოთახებისგან, თამაშისგან შორს გაატარეს, რაც თავად ბავშვობის განუყოფელი ელემენტებია. კოვიდპანდემიის ზემოქმედება მნიშვნელოვანია და ეს აისბერგის მხოლოდ წვერია.
რა დამატებით ძალისხმევას მოითხოვს ბაღგაუვლელი ბავშვის სწავლება პირველ კლასში და როგორ უნდა გავუადვილოთ მათ ონლაინ სწავლებით გამოწვეული სირთულეები, – ამის გასარკვევად დაწყებითი კლასების პედაგოგებსა და ბავშვთა ფსიქოლოგებს დავუკავშირდით.
„ბაზალეთში საბავშვო ბაღი არ არის, ამიტომ სკოლაში უფრო მეტად ბაღგაუვლელი ბავშვები მოდიან, – ამბობს ბაზალეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი ფიქრია ტალახაძე, – ბაღგამოვლილმა ბავშვებმა წიგნთან, თანატოლებსა და პედაგოგთან ურთიერთობა იციან, არჩევენ ფერებს და ციფრებს, ზოგიერთმა ასოებიც კი იცის. ბაღგაუვლელი ბავშვისთვის ამ ყველაფრის სასწავლად ერთი ან ორი თვე მჭირდება.
ონლაინ სწავლება პირველი კლასის მოსწავლისა და მასწავლებლისთვის ძალიან რთულია. საკლასო ოთახში პირველკლასელებს 35-წუთიანი გაკვეთილები უტარდებათ, ონლაინ სწავლების დროს 20-წუთიანი. ამ 20 წუთში მასწავლებელი თითქმის ვერაფერს ვასწრებ.
ვაჩვენებ ვიდეოებს, ვხსნი გაკვეთილს, ვაჩვენებ დაფაზე როგორ ვწერ ასოებს, მაგრამ ბავშვმა ასოები რვეულში უნდა ამოწეროს. როგორი კარგი პედაგოგიც უნდა ვიყო, მოსწავლეს რვეულში ასოების წერას დისტანციურად ვერ ასწავლი.
ამიტომ მთავარი როლი ასეთ დროს მშობელს ენიჭება. თითოეული პირველკლასელის მშობელმა ყველა საქმე უნდა გადადოს და შვილს მეტი ყურადღება დაუთმოს“.
„წლევანდელ პირველკლასელებს სკოლისათვის მზაობის ჯგუფის მეცადინეობები, პრაქტიკულად, გაუცდათ, – ამბობს საერთაშორისო ორგანიზაცია „კივიტას გეორგიკას“ სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტი ოლღა მუსხელიშვილი, – ჩემი აზრით, პირველ კლასში, განსაკუთრებით პირველ სემესტრში, სკოლაში სწავლება თამაშ-თამაშით უნდა წარიმართოს.
კლასში უნდა იყოს სათამაშოები, განსაკუთრებით სამაგიდო თამაშები. ამ თამაშებით შესაძლებელია ასოების, ციფრებისა და ანგარიშის სწავლა.
პირველ სემესტრში არ უნდა იყოს წერითი დავალებები, ბავშვის მოუმზადებელი ხელისთვის ეს დატვირთვაა. აუცილებელია, ამ პერიოდში ვასწავლოთ გაფერადება და ხელი შევუწყოთ წვრილი მოტორიკის განვითარებას.
დარწმუნებული ვარ, მეორე სემესტრიდან ბავშვებს უფრო მეტი მონდომება ექნებათ და უკეთ აითვისებენ სასწავლო მასალას“.
როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი და მშობელი, რომ ონლაინ სწავლა მაქსიმალურად შედეგიანი იყოს დაწყებით კლასებში, – ამ შეკითხვით ფსიქოლოგ მაია ცირამუას მივმართეთ.
„პირველ რიგში იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, როგორ გავხადოთ ეფექტური ონლაინ სწავლება, არამედ იმაზე, რომ ბავშვებს გაკვეთილი საკლასო ოთახში უტარდებოდეთ, – ამბობს მაია ცირამუა, – ამისათვის ძალიან მარტივი გამოსავალი უკვე შემოთავაზებულია, აცრის სახით.
რამდენი ადამიანია აცრილი ხარაგაულში? ან არიან თუ არა აცრილები სკოლაში დასაქმებულები. ახლა უკვე შესაძლებელია ბავშვების აცრა 12 წლიდან.
ჩვენ არ უნდა შევეგუოთ ონლაინ ცხოვრებას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავუბრუნდეთ ჩვეულებრივ, ცოცხალ პროცესებს და ამისათვის აცრაა საჭირო.
ონლაინ სწავლებას აქვს დადებითი მხარეები, თუმცა აქვს გვერდითი ეფექტებიც, რომელსაც ვერანაირად ვერ შეამცირებ, ვერაფრით ვერ გადაფარავ. დღეს სკოლის მოსწავლეებს ცოცხალი კომუნიკაცია უჭირთ. მათთვის ვირტუალური სივრცე გახდა ყველაფერი – კლასი, სამეგობრო წრე.
ამიტომ, ონლაინ სწავლების გაუმჯობესების ნაცვლად, ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ დავუბრუნოთ ბავშვები ცოცხალ პროცესებს“.
თამთა გოგოლაძე
ევროკავშირი მკაცრად გმობს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის
ერთ თვეზე მეტია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის საჯარო სკოლის პროექტმა
ევროპის 24 დიპლომატიური წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს
2025 წლის 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები