აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, პროექტის „ტელესპექტაკლები“ ფარგლებში, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რიგით მესამე სპექტაკლის სატელევიზიო ვერსია გადაიღო. სპექტაკლების „დარისპანის გასაჭირისა“ და „თანამდევი სულის“ შემდეგ „ორნი“ აჭარის ტელევიზიის „ოქროს ფონდში“ დაიდებს ბინას.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პროექტს „ტელესპექტაკლები“, მერვე წელია, ახორციელებს. 2016 წელს ამ პროექტის ფარგლებში დავით კლდიაშვილის ნაწარმოების მიხედვით დადგმული „დარისპანის გასაჭირი“ ჩაიწერა, ხოლო 2017 წელს – ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „თანამდევი სული“.
დრამატურგ მაკა კუკულავას პიესის მიხედვით რეჟისორ ირინე ჩხეიძისგან დადგმული სპექტაკლის „ორნი“ პრემიერა ხარაგაულში 2018 წელს გაიმართა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ სპექტაკლში თამაშისთვის ირინე ჩხეიძე „იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე“ ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაჯილდოვდა.
„ძალიან ძნელია, ტელემაყურებელთან მიიტანო ის განცდა, რომელიც დარბაზში მყოფ მაყურებელს შეგიძლია გადასცე, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – დარბაზი ცოცხალი ორგანიზმია და მაყურებლისგან რეაქციას უშუალოდ გრძნობ. ტელესპექტაკლის ჩაწერას განსაკუთრებით დიდი ძალისხმევა სჭირდება. ემოცია უფრო მძაფრი უნდა იყოს, რომ ტელემაყურებელმა შეიგრძნოს.
სპექტაკლს ნაწილ-ნაწილ იღებენ და მაქსიმალურად უნდა ეცადო, რომ ერთი ფრაგმენტიდან მეორე სცენამდე ემოციური ჯაჭვი გააგრძელო. სპექტაკლში ასე არ ხდება – ემოცია იბადება, კულმინაციას აღწევს და შემდეგ ქრება. ვიდეოგადაღების დროს ემოცია მუდმივად უნდა მართო.
ტელევიზიამ ჩემი რეჟისორობით დადგმული, ხარაგაულის სახალხო თეატრის უკვე მესამე სპექტაკლი ჩაწერა. ეს ძალიან საამაყოა და იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც ჩემს გვერდით დგანან.
ჩვენი დასი ერთი გუნდია და 120 წლის თეატრის ტრადიციებს ვაგრძელებთ. მიხარია, რომ ხარაგაულის თეატრისთვის ეს 120 წელი უწყვეტი რიტმია და ბედნიერებაა, როცა ამ ისტორიის ორგანული ნაწილი ხარ.
აჭარის ტელევიზიის გადამღებმა ჯგუფმა გამოითქვა სურვილი, რომ ჩვენი მეოთხე სპექტაკლი „იმერული რექვიემიც“ ჩაწეროს. თუმცა, რთული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მსახიობების ერთად შეკრებას ვერიდებით. ამ სპექტაკლში ცხრა მსახიობი ვმონაწილეობთ.
ჩვენს თეატრს ჰყავდა კორიფეები – თამაზ კიკნაძე, ოთარ აბაშიძე, ივანე (ბიჭიკო) აბაშიძე. მათი მონაწილეობით დადგმული სპექტაკლების ჩანაწერები არ გვაქვს; ან თუ არსებობს, – ძალიან ცუდი ხარისხით და მხოლოდ თითო ფრაგმენტი. ახლა მაღალი ხარისხით ჩაწერილი სამი სპექტაკლი შეემატება ჩვენი თეატრის ისტორიას. ეს სპექტაკლები შთამომავლობას დარჩება“.
„პროექტის „ტელესპექტაკლები“ მიზანია, რეგიონულ თეატრებში დადგმული საუკეთესო სპექტაკლები გადავიღოთ და ტელემაყურებელს ვაჩვენოთ, – ამბობს ამ პროექტის პროდიუსერი, თეატრთმცოდნე ნერონ აბულაძე, – რაც მთავარია, შევქმნათ არქივი, რომ სამომავლოდ კრიტიკოსებს, მკვლევარებს თუ ახალგაზრდებს ჰქონდეთ წვდომა რეგიონებში მიმდინარე შემოქმედებით პროცესებზე.
მოგეხსენებათ, თეატრი მოკვდავი ხელოვნებაა. ამიტომ, კარგი იქნება, რომ ის ფირზე შევინახოთ და ათწლეულების შემდეგ განმეორებით ნახვის შესაძლებლობა გვქონდეს.
პროექტის „ტელესპექტაკლები“ ფარგლებში აქცენტს, ძირითადად, პროფესიულ სახელმწიფო თეატრებზე ვაკეთებთ. ერთადერთი პრეცენდენტია ხარაგაულის სახალხო თეატრი, რომელსაც „სახელმწიფო თეატრის“ სტატუსი არ აქვს, მაგრამ მაღალმხატვრულობითა და შესრულების დონით პროფესიულ თეატრებს ნამდვილად არ ჩამოუვარდება.
ვაპირებთ, რომ უახლოეს მომავალში ხარაგაულის სახალხო თეატრის რიგით მეოთხე სპექტაკლი გადავიღოთ.
სპექტაკლი „ორნი“ ძალიან საინტერესო დრამატურგიული ნამუშევარია. თეატრალები მეტაფორებით, სიმბოლიზმის ენაზე საუბრობენ – ზოგადად, ოჯახის ცნება შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც სახელმწიფოს მინიმოდელი.
ამ სპექტაკლში ერთი საყურადღებო ფრაზაა – „მქონდა არჩევანი, მაგრამ არ მქონდა თავისუფლება. ახლა მაქვს თავისუფლება, მაგრამ არა მაქვს არჩევანი“. აი, ეს ფრაზაა ამ კონკრეტული პიესის მთელი იდეური მიმართულება, რომელიც შეგვიძლია ჩვენს ქვეყანას დავუკავშიროთ.
ეს სპექტაკლი არ უნდა აღვიქვათ მხოლოდ ცოლ-ქმრის ურთიერთობა; ეს არის ერთგვარი მეტაფორა იმისა, რაც ქვეყანაში ხდება. ძალიან მიხარია და მივესალმები რეჟისორის ოპტიმიზმს, როცა, საბოლოოდ, დანგრევის პირას მისული ოჯახი ერთად რჩება. ჩვენს ქვეყანასაც სულიერება და ერთად ყოფნა თუ გადაარჩენს. სხვა შემთხვევაში, დასაღუპად განწირული იქნება ისევე, როგორც ამ სპექტაკლის ფინალი შეიძლებოდა, რომ სხვაგვარად დამთავრებულიყო.
ფრიად საინტერესოა ირინე ჩხეიძისა და ვასილ კიკნაძის სამსახიობო ნამუშევარი. ვფიქრობ, ამ სპექტაკლს ჩვენს ტელესივრცეში ბევრი მაყურებელი ეყოლება“, – ამბობს თეატრთმცოდნე ნერონ აბულაძე.
ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლს „ორნი“ აჭარის ტელევიზიის გადაცემაში „ტელესპექტაკლები“ ნოემბერში იხილავს. ეს გადაცემა ყოველ კვირა დღეს 22:45 სთ-დან გადის.
სპექტაკლში მთავარ როლებს ასრულებენ ირინე ჩხეიძე და ვასილ კიკნაძე, ეპიზოდურ როლებში არიან ლია ჭიპაშვილი და გიორგი ჭიპაშვილი. სპექტაკლის მხატვარია გაიოზ შუბითიძე, მუსიკალური გამფორმებელი – ტექნომუსიკოსი ანა ჩხეიძე.
თამთა გოგოლაძე
ამავე თემაზე:
ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლი „თანამდევი სული“ „ოქროს ფონდში“ დაიდებს ბინას
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.