„თეატრალური იმერეთი – 2018“ უკვე ისტორიის კუთვნილებაა. ფესტივალი, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება – ასე აფასებენ მას თეატრმცოდნეები და კრიტიკოსები. მეორე წელია, რაც ფესტივალში უცხოეთის თეატრები მონაწილეობენ. ამჯერად ქუთაისს აზერბაიჯანისა და პოლონეთის თეატრალური დასები სტუმრობდნენ.
ფესტივალში იმერეთში მოქმედი ყველა სახელმწიფო და სახალხო თეატრია ჩართული.
ფესტივალს აფასებდა კომპეტენტური ჟიური ნერონ აბულაძისა და დოდოშკა ხურცილავას ხელმძღვანელობით. 22 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრის სცენაზე 18 სპექტაკლი იქნა ნაჩვენები. ფესტივალის „თეატრალური იმერეთი 2018“ საუკეთესო სპექტაკლად საჩხერის სახალხო თეატრის სპექტაკლი „მეფე ლირი“ დასახელდა.
სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები 8 ივნისს საზეიმო ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ.
ჟიურის გადაწყვეტილებით ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის სპექტაკლში „ორნი“ ხარაგაულის სახალხო თეატრის მსახიობი ირინე ჩხეიძე დაჯილდოვდა.
„ირინე, საოცრად ამაყი ვარ, რომ მეც იმ ხარაგაულის შვილი ვარ, სადაც შენნაირი ადამიანები ცხოვრობენ და საქმიანობენ. საოცარი სიღრმე გადმოეცით სპექტაკლში, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობას ასახავს. კიდევ ერთხელ დამტკიცდა თქვენი უზადო ნიჭიერება. მადლობა სულიერი სიამოვნებისათვის,“ – ასე შეაფასა მაყურებელმა გოჩა გიორგიძემ ხარაგაულის სახალხო თეატრის მიერ იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე ნაჩვენები სპექტაკლი.
თავად ირინე ჩხეიძე ამ დიდ წარმატებას მთელი დასის გამარჯვებად მიიჩნევს. „უბედნიერესი ადამიანი ვარ. ეს არის არა მხოლოდ ჩემი, არამედ მთელი დასის წარმატება. მარტო ვერაფერს შევძლებდი – ამბობს ირინე ჩხეიძე, – სპექტაკლი ძალიან კარგად მიიღო მაყურებელმა როგორც ხარაგაულში, ასევე ქუთაისში. სრულიად უცხო ადამიანები მხვდებოდნენ ქუთაისში, მათ შორის უმრავლესობა ახალგაზრდები, და მეუბნებოდნენ, რომ ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლი განსაკუთრებულად მოეწონათ.
დიდი სტიმული და ძალა მომცა იმან, რომ სპეციალურად ხარაგაულის თეატრის სპექტაკლისთვის თბილისიდან ჩამოვიდნენ ცნობილი თეატრმცოდნეები და კრიტიკოსები ლაშა ჩხარტიშვილი და ლელა ოჩიაური.
სპექტაკლის წარმატება მსახიობ ვასიკო კიკნაძის დიდი დამსახურებაა. ის სცენაზე შესანიშნავი პარტნიორია. მის გვერდით მსახიობი თავს თავისუფლად გრძნობ, ნებისმიერი სიტუაციიდან გამოგიყვანს და ბოლომდე ენდობი.
ძალიან ვნერვულობდი იმიტომ, რომ საკმაოდ რთული სპექტაკლია. დრამატურგ მაკა კუკულავას სცენარი იყო საინტერესო და აქტუალური. არაჩვეულებრივი სახეები შექმნეს ლია და გიორგი ჭიპაშვილებმა. პიესა სხვა ტექსტით გავაცოცხლეთ და ამ ტექსტის შემუშავებაში მამუკა ჭიპაშვილი დაგვეხმარა.
სპექტაკლისთვის ტექნომუსიკოსმა ანუშკა ჩხეიძემ სპეციალურად დაწერა მუსიკა, რომელიც სპექტაკლს ძალიან მოუხდა. ბრწყინვალე იყო მხატვარ გაიოზ შუბითიძის სცენიური მხატვრობა. უდიდესი მადლობა ოპერატორებსა და გამნათებლებს, იმ ადამიანებს, რომლებიც სცენის მიღმა დგანან. მათი დამსახურებაა, რომ სპექტაკლი უხარვეზოდ მიმდინარეობდა.“
თეატრალური ფესტივალისა და ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლის „ორნი“ შეფასება ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარეს, თეატრმცოდნე ნერონ აბულაძეს ვთხოვეთ.
-იმერეთის თეატრალური ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული პროექტია არა მარტო დასავლეთ საქართველოს თეატრებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, – აღნიშნა „ჩემი იმერეთის“ რედაქციასთან საუბარში ნერონ აბულაძემ, – განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ამ ფესტივალს რეგიონული თეატრებისათვის.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალს, ბოლო ორი წელია, აქვს საერთაშორისო სტატუსი. ეს იმის წინაპირობაა, რომ მომავალში ფესტივალზე საერთაშორისო ინსტიტუციების ჩართულობა გაიზრდება. ეს აუცილებელია ჩვენი კულტურის მსოფლიო კულტურებთან ინტეგრაციისთვის, რაც ჩვენი სახელწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
წლევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილი რეპერტუარის ნაწილი იყო საინტერესო, ნაწილი – ძალიან საინტერესო, ნაწილი – სამწუხაროდ, ვერ პასუხობდა იმ მხატვრულ მოთხოვნებს, რასაც თანამედროვე მაყურებელი აყენებს თეატრების წინაშე. ბოლო ხუთი წელია, ფესტივალის ჟიურის წევრი ვარ და გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ზოგი თეატრი მუდმივად ვითარდება და დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს წინ.
თუმცა არიან თეატრები, რომლებიც კარგ შედეგს აჩვენებდნენ გასულ წლებში და ახლა ნელ-ნელა რეგრესისკენ მიდიან. ამას აქვს თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები. პირველი ის, რომ რეგიონებში არ არიან პროფესიონალი კადრები – განსაკუთრებით სახალხო თეატრებში; მეორე ის, რომ ყველა თეატრს არ აქვს თანაბარი ფინანსური შესაძლებლობა და რესურსი, რომ სპექტაკლი მაღალ მხატვრულ დონეზე წარმოადგინოს. ჩვენ ვესაუბრეთ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს და იმედს გამოვთქვამ, რომ მომდევნო ფესტივალისთვის უკეთესი ხელშეწყობა და შესაბამისად, შედეგებიც უფრო მაღალი გვექნება.
რაც შეეხება ხარაგაულის სახალხო თეატრს, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში ხარაგაულის თეატრის მიერ წარმოდგენილი სპექტაკლები გამოირჩევა დადგმისა და შესრულების ძალიან მაღალი მხატვრული ხარისხით. ეს გამოიხატება კონკრეტულად სხვადასხვა შეფასებებში და იმაში, რომ პროქტ „ტელესპექტაკლის“ ფარგლებში ჩვენ ხარაგაულის თეატრის ორი სპექტაკლი გადავიღეთ. ეს ერთადერთი პრეცედენტი იყო რაიონული თეატრების ისტორიაში.
სპექტაკლები – „დარისპანის გასაჭირი“ და „თანამდევი სული“ აბსოლუტურად პასუხობდნენ და შეიძლება აღემატებოდნენ კიდეც სხვადასხვა სახელმწიფო თეატრებში განხორციელებულ სპექტაკლებს დადგმით, ძალიან კარგი გემოვნებიანი მხატვრული კულტურითა და შესრულების მაღალი ხარისხით.
რაც შეეხება სპექტაკლს „ორნი,“ ჟიურის ყველა წევრმა სპექტაკლის დასრულებისთანავე აღნიშნა, რომ ირინე ჩხეიძის მიერ შესრულებული როლი იყო საუკეთესო. ჟიურის წევრებს ალტერნატივაც კი არ განგვიხილავს. ეს ირინე ჩხეიძის მაღალმხატვრულ ოსტატობასა და პროფესიონალიზმზე მიუთითებს.
მინდა გითხრათ, რომ ბევრ სახელმწიფო თეატრს შეშურდებოდა მსგავსი არტისტული შესაძლებლობის მქონე მსახიობის ყოლა თავის დასში, როგორიც არის ირინე ჩხეიძე. ის გრანდიოზული და დიდი მნიშვნელობის საქმეს აკეთებს რეგიონში ხარაგაულის სახალხო თეატრის დასთან ერთად. ვიმედოვნებ, რომ მომდევნო საიუბილეო ფესტივალზე ხარაგაულის თეატრი მაყურებლის წინაშე კვლავ ღირსეულად წარდგება.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი