ოთარ აბაშიძის სახელობის ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლი „თანამდევი სული“ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტის „ტელესპექტაკლები“ ფარგლებში გადაიღეს.
„თანამდევი სული“ 2007 წელს რეჟისორმა და სცენარის ავტორმა ირინე ჩხეიძემ დადგა და ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.
პროექტი „ტელესპექტაკლები“, მეოთხე წელია, ხორციელდება და რეგიონის თეატრებში დადგმული სპექტაკლების ტელევერსიების შექმნას, ტელევიზიის საეთერო ბადეში მათ განთავსებას, ასევე – დამოუკიდებელი ტელესპექტაკლების გადაღებას ითვალისწინებს. აჭარის ტელევიზიამ ამ პროექტით მივიწყებული ჟანრი აღადგინა და „თანამდევი სული“ რიგით 79-ე ჩაწერილი სპექტაკლია.
აჭარის ტელევიზიის პროექტის „ტელესპექტაკლები“ პროდიუსერმა, თეატრთმცოდნე ნერონ აბულაძემ ხარაგაულის სახალხო თეატრი იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლით „დარისპანის გასაჭირი“ გაიცნო.
-იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე ჟიურის წევრი გახლდით, – იხსენებს ნერონ აბულაძე, – გულწრფელად რომ გითხრათ, ძირითადად სახელმწიფო სტატუსის მქონე თეატრებში დადგმულ სპექტაკლებს ვიწერთ, მაგრამ „დარისპანის გასაჭირი“ იმდენად მაღალი მხატვრული ხარისხის სპექტაკლი იყო, არაფრით ჩამოუვარდებოდა, პირიქით, – სახელმწიფო თეატრების რეპერტუარზე გაცილებით უკეთესი სპექტაკლია.
ამიტომ გადავწყვიტეთ და პროექტის „ტელესპექტაკლები“ ფარგლებში ჩავწერეთ. „თანამდევი სული“ ხარაგაულის სახალხო თეატრის რიგით მეორე სპექტაკლია, რომელსაც ასევე ჩავწერთ.
კარგი თეატრალური დასია. წელს ილიას საიუბილეო წელია და ეს სპექტაკლი აუცილებლად უნდა მივაწოდოთ ახალგაზრდებს. ჩასაწერი სპექტაკლების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმია ეროვნულობა, ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული სპექტაკლები.
„დარისპანის გასაჭირი“ და „თანამდევი სული“ ქართული კლასიკური მწერლობის საუკეთესო მემკვიდრეობაა.
გადაღებული სპექტაკლები აჭარის ტელევიზიის „ოქროს ფონდში“ განთავსდება. შემდგომ წლებში თეატრთმცოდნე კრიტიკოსი რომ დაინტერესდება ამ პერიოდის თეატრალური ცხოვრებით რეგიონებში, შეუძლია მიაკითხოს არქივს და გაეცნოს, როგორი თეატრალური ცხოვრება გვქონდა.
რეგიონებზე იმიტომ ვაკეთებთ აქცენტს, რომ რეგიონულ თეატრებს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ. პოპულარიზაცია უნდა გავუწიოთ მათ შემოქმედებას.
ძალიან მიხარია, რომ ხარაგაულში ვართ და სამომავლოდაც გავაგრძელებთ ურთიერთობას ხარაგაულის სახალხო თეატრთან, რადგან ყველა მონაცემით, პროფესიული თვალსაზრისით, ეს თეატრი პასუხობს იმ ძირითად კრიტერიუმს, რასაც ვემყარებით კონკრეტულ თეატრში სპექტაკლის ჩასაწერად.
ირინე ჩხეიძე, რეჟისორი: -„ტელესპექტაკლი“ აჭარის ტელევიზიის საუკეთესო ამ პროექტია. ძალიან სასიხარულო და საამაყოა, რომ ჩვენი თეატრის უკვე მეორე სპექტაკლი იწერება. ვიმედოვნებ, რომ აჭარის ტელევიზიის ეთერში „თანამდევი სულიც“ ისეთივე რეიტინგული იქნება, როგორც „დარისპანის გასაჭირი“. მთელი საქართველოს მაყურებელი, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც ნახავენ. სპექტაკლის სრულ ჩანაწერს ჩვენც გადმოგვცემენ. ჩვენი პროექტის „თეატრი სკოლისათვის“ ფარგლებში, სპექტაკლს „თანამდევი სული“ დისკებზე გადავიტანთ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 26-ვე სკოლას გადავცემთ საჩუქრად ხარაგაულის თეატრისგან.
ჩვენ უკვე გვაქვს გამოცდილება, – სპექტაკლის ჩაწერა საკმაოდ რთული და შრომატევადია. ისეთი მგრძნობიარე აპარატურით იწერენ, რომ ნებისმიერი ზედმეტი ხმაურისას, – მატარებელი გაივლის თუ ხმაურიანი მანქანა ქუჩაში, თავიდან უნდა დავიწყოთ ჩაწერა. გარდა ამისა, შესვენებების გარეშე, რამდენჯერმე მოგვიწევს სპექტაკლის თამაში.
ვასილ კიკნაძე, მსახიობი: -„თანამდევი სულის“ თემა ზოგადსაკაცობრიოა. „ტელესპექტაკლებში“ მონაწილეობა ხარაგაულის თეატრის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ამ სპექტაკლს მთელი საქართველო გაიცნობს და ილიას ჭეშმარიტ ფასეულობებს კიდევ ერთხელ ეზიარებიან. ჩანაწერი „ოქროს ფონდში“ შეინახება.
ნერონ აბულაძის ინფორმაციით, ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლი „თანამდევი სული“ აჭარის ტელევიზიის ეთერით 30 სექტემბერს, 18:30 სთ-ზე გავა და წლის განმავლობაში მინიმუმ რვაჯერ განმეორდება.
ლაურა გოგოლაძე
შოთა ლომიძის ფოტოები
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.