ოთარ აბაშიძის სახელობის ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლის – „დარისპანის გასაჭირი“ – სატელევიზო გადაღება ხვალ დასრულდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პროექტისთვის „დარისპანის გასაჭირი“ თეატრმცოდნე ნერონ აბულაძემ შეარჩია.

პროექტის მიზანია რეგიონული თეატრების სპექტაკლების ტელევერსიების მომზადება, მათი სატელევიზიო ბადეში განთავსება და ოქროს ფონდში შენახვა.

„გასულ წელს ხარაგაულის სახალხო თეატრის „დარისპანის გასაჭირი“ იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე ვნახე და ძალიან მომეწონა, – ამბობს ნერონ აბულაძე, –  სატელევიზიო ვერსიებისთვის, ძირითადად, სახელმწიფო თეატრებს ვარჩევთ, თუმცა სხვადასხვა ფესტივალებზე წარმოდგენილმა სახალხო თეატრებმა დაამტკიცეს, რომ მაღალი ხარისხის სპექტაკლებით გამოირჩევიან. ასეთია ხარაგაულის თეატრი, რომელთან თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ.“

რეჟისორი ირინე ჩხეიძე სპექტაკლის ტელევერსიის გადაღებას ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

„პროფესიულ დონეზე ხარაგაულის თეატრის სპექტაკლს პირველად იღებენ, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – ეს სპექტაკლი ისტორიაში სამუდამოდ დარჩება. ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ.“

ხარაგაულელთა „დარისპანის გასაჭირის“ ტელეპრემიერა აჭარის ტელევიზიით, სავარაუდოდ, 20-დან 25 ივლისამდე შედგება.

ფოტოზე: „დარისპანის გასაჭირის“ ტელეგადაღება ხარაგაულის კინოთეატრში