ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობისგან დაფუძნებული ცხრა არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი (ააიპ) ფუნქციონიერებს. ეს ააიპ-ები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.
დავინტერესდით, რას და როგორ შეისყიდიან ბიუჯეტიდან სუბსიდირებული ეს ორგანიზაციები.
ამ სტატიით ხარაგაულის „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებისგან“ 2021 წლის შვიდ თვეში გამარტივებული შესყიდვებით შეძენილი საქონლისა და მომსახურებების შესახებ ინფორმაციას გაგაცნობთ. შემდგომში კი სხვა ააიპებ-ის შესყიდვების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით.
„დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებამ“ 2021 წელს გამარტივებული წესით, ე.წ. „ერთ პირთან მოლაპარაკებით“, საქონლისა და მომსახურების შესასყიდად 76 588 ლარი დახარჯა. აქედან 13 768 ლარი ავტომანქანების ტექნიკურ მომსახურებასა და ავტონაწილების შეძენას მოხმარდა.
„დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებამ“ 2021 წელს ავტოტექმომსახურება მიიღო და ავტონაწილები შეიძინა ინდმეწარმეებისგან – „პეტრე ავალიშვილი“, „კახა მაღლაფერიძე“, „როლანდი ბუაჩიძე“, „ალბერ შერმადინი“; შპს „სერვის ტრანსი“, შპს „თორნიკე“, შპს „თეგეტა თრაქს ენდ ბას“, „ზურაბ ლურსმანაშვილი“.
„დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებამ“ 2021 წელს 6 611 ლარის საკანალიზაციო სისტემების მოწყობილობები, წყლის ავზი, საფარი ფირფიტები და სამშენებლო მასალები ი/მ „მარიამ აბაშიძესგან“ შეიძინა. 682 ლარის საკანალიზაციო სისტემების მოწყობილობები შეისყიდა შპს „ბი ემ სი“-სგან.
ამ გაერთიანებამ 2021 წელს ექვსჯერ დაიქირავა მიწის სათხრელი მოწყობილობები და ოპერატორები, რაშიც, ჯამურად, 3 650 ლარი გადაუხადა ინდმეწარმეებს – „ზურაბ მჭედლიძეს“, „ლევან ლევიძეს“, „პავლე ალავიძეს“, „ვიტალი ლურსმანაშვილსა“ და „ზურაბ ლურსმანაშვილს“.
ხარაგაულის „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებამ“ წელს, გეოლოგიური მომსახურებისთვის, კერძოდ, – ბაზალეთში ჰიდროლოგიური კვლევების ჭაბურღილის მოსანიშნად, ი/მ „ელგუჯა ლაცაბიძე“ 500 ლარად დაიქირავა.
წელსვე, ხეების მოსაჭრელად დაქირავებულ ი/მ „ალექსანდრე ყურავას“ 2 700 ლარი გადაუხადეს.
ამ ორგანიზაციამ ი/მ „გიზო ბუაჩიძესგან“ სოციალურად დაუცველი ოჯახების საშეშე მერქნით მომარაგების მომსახურება 1 300 ლარად შეისყიდა.
ქვიშასაც ერთი და იგივე ინდმეწარმეებისგან ყიდულობენ – ი/მ „გრიგოლ წიქარიშვილისგან“ წელს, ჯამურად, 2 000 ლარის ქვიშა შეისყიდეს, „დავით ჩუბინიძესგან“ – 1 320 ლარის ვულკანური წიდა და პემზა, შპს „ზ. მ“.-სგან – 1 900 ლარის ვულკანური წიდა და პემზა; ი/მ „ვიტალი ხარაძესგან“ – 378 ლარის ხრეში, ქვიშა და ღორღი.
წელს ხარაგაულის „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებამ“ 1 570 ლარის პერსონალური კომპიუტერების პროცესორები და კომპიუტერთან დაკავშირებული მოწყობილობები, ასევე გამარტივებული შესყიდვით, შპს „ოპტიმალისგან“ შეიძინა.
ი/მ „თეონა მესხიშვილისგან“ 4 800 ლარადაა შესყიდული ქუჩის ძაღლების მომსახურება.
სანტექნიკის მოწყობილობების, კაბელების, მავთულების, დენის გამანაწილებლების, ელექტროაპარატურისა და ლითონის ფირფიტებში, ჯამში, შვიდ თვეში 13 540 ლარია გადახდილი.
ხარაგაულის თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში ახალი ოთახებისთვის 2 000 ლარის კარებები და ფანჯრები „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებამ“ ი/მ „ავთანდილ ლურსმანაშვილისგან“ შეიძინა. მათ მონტაჟში კი 300 ლარი ი/მ „კახაბერ ბოგვერაძეს“ გადაუხადეს.
საკანცელარიო ნივთებში, სამუშაო სპეცტანსაცმელსა და ხელსაწყოებში 3 235 ლარია გადახდილი. ინდმეწარმეები – „გიორგი ტაბატაძე“, „სოსო შარიქაძე“, „ავთანდილ ლურსმანაშვილი“, შპს „make to make“ ხარაგაულის „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ მუდმივი მიმწოდებლები არიან.
შპს „ზოოაგროგანვითარებისგან“ „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებამ“ 2 966 ლარის ნერგი შეისყიდა.
„დასუფთავებისა და კეთილმოწყობის“ გაერთიანება, წლებია, ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ძმის, ზურაბ ლურსმანაშვილისგან ავტოტექმომსახურებას და ავტონაწილებს იძენს. ი/მ „ზურაბ ლურსმანაშვილმა“ 2016-2021 წლებში „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებისგან“ 42 162 ლარი მიიღო. აქედან – 2021 წლის 7 თვეში 5 485 ლარი, 2020 წელს – 9 583 ლარი, 2019 წელს – 17 804 ლარი, 2018 წელს – 8 840 ლარი, 2017 წელს – 300 ლარი, 2016 წელს – 150 ლარი.
ი/მ „ზურაბ ლურსმანაშვილი“ ხარაგაულის თვითმმართველობისგან დაფუძნებულ კიდევ ერთ ააიპ-ს „ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს“ ემსახურება. ამ ცენტრმა 2018 წლიდან 2021 წლის ივლისის ჩათვლით გამარტივებული შესყიდვებით მერის ძმისგან 3 600 ლარის მომსახურება შეისყიდა. მათ შორის, 2018 წელს 300 ლარის, 2019 წელს – 1100 ლარის, 2020 წელს – 1699 ლარის, 2021 წელს – 501 ლარის.
2016 წლიდან 2021 წლის ივლისის ჩათვლით ი/მ „ზურაბ ლურსმანაშვილმა“ „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებისა“ და „ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისგან“, ჯამში, 45 762 ლარი მიიღო.
2018-2019 წლებში ი/მ „ზურაბ ლურსმანაშვილს“ 3 860 ლარი საქართველოს პარლამენტის წევრის, კობა ლურსმანაშვილის ბიუროდან, ანუ ცენტრალური ბიუჯეტიდან ჩაერიცხა. იმ წლებში მისი ძმა კობა ლურსმანაშვილი ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი იყო საქართველოს პარლამენტში.
როგორ არჩევენ გამარტივებული შესყიდვების დროს პოტენციურ მომწოდებლებს, – ამ შეკითხვით „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ ადმინისტრაციას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მაშინდელ ხელმძღვანელს მივმართეთ.
ხარაგაულის „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ დირექტორმა ბესიკ კვირიკაშვილმა გვითხრა, რომ „შესყიდვების საკითხებში მასზე მეტად კომპეტენტური შესყიდვების სპეციალისტია“ და მასთან გადაგვამისამართა.
„ბაზრის კვლევას ინვოისებით ვაწარმოებთ, – ამბობს ამ ორგანიზაციის შესყიდვების სპეციალისტი ქეთევან არჯევანიძე, – იმის მიხედვით, თუ რა გვჭირდება, ბაზარზე არსებულ მომწოდებლებს ინვოისებს ვაგზავნინებთ. მათი შერჩევისას ყურადღებას არა მარტო ფასს, არამედ ხარისხსაც ვაქცევთ.
შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციაა, რომ მომწოდებლები ინვოისების მიხედვით შევარჩიოთ. ვცდილობთ, ეს რეკომენდაცია დავიცვათ. უმეტეს შემთხვევებში, ინვოისები სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად არის ატვირთული“.
2021 წლის 7 თვეში ხარაგაულის „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებას“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, გამარტივებული შესყიდვებისთვის მხოლოდ ხუთი ინვოისი აქვს ატვირთული – ვიდეოთვალის, მანქანის სიჩქარეთა ცვლის კოლოფის, დიფერის სატელიტების კომპლექტისა და ხელთათმანების შესაძენად; ასევე ატვირთულია შპს „თეგეტა თრაქს ენდ ბას“-ის ინვოისი, სადაც მანქანის რამდენიმე ნაწილის ფასია მითითებული.
დიფერის სატელიტების კომპლექტის ინვოისი მხოლოდ ი/მ „ზურაბ ლურსმანაშვილს“ აქვს წარდგენილი. საკვირველია, რომ ერთ-ერთ ინვოისზე, რომელზეც მიმწოდებლად ი/მ „გიორგი ტაბატაძეა“ მითითებული, ხელს ზურაბ ლურსმანაშვილი აწერს (?!).
შპს „თეგეტა თრაქს ენდ ბასის“ ინვოისის შესადარებლად სხვა კომპანიის ინვოისი წარდგენილი არ არის.
„ავტომანქანების ტექმომსახურება და ავტონაწილების შეძენა სპეციფიკური საკითხია, – ამბობს ქეთევან არჯევანიძე, – ზესტაფონსა და ქუთაისში ავტომანქანების წაყვანა საკმაოდ ძვირი ჯდება და დიდ დროსაც მოითხოვს.
ჯერ ჩვენი მძღოლები მსჯელობენ, რა აქვს მანქანას დაზიანებული, შემდეგ თუ დიაგნოზის დასმა ვერ შეძლეს, ადგილობრივ ხელოსნებს აკითხავენ. თუ ესენიც ვერ დაგვეხმარენ, მაშინ იძულებულები ვართ, მანქანები ზესტაფონსა და ქუთაისში სადიაგნოსტიკო ცენტრში წავიყვანოთ, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.
მერის ძმას რაც შეეხება, ზურაბ ლურსმანაშვილს ხარაგაულში ყველაზე გამართული ტექმომსახურების ცენტრი აქვს. ასევე გამართული ცენტრი აქვს კახა მაღლაფერიძეს, მაგრამ ის მუდმივად დაკავებულია. კანონდარღვევა არ არის, მერის ძმისგან მომსახურებას რომ ვიღებთ“.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე ამბობს, რომ იმ დროს, როცა მას მანქანის ტექნიკური მომსახურება დასჭირდა, ელექტრონული ხელმოწერა ხარაგაულში მომუშავე მანქანის არც ერთ ხელოსანს არ აღმოაჩნდა, გარდა ზურაბ ლურსმანაშვილისა.
„კანონით მერის ძმასთან ხელშეკრულების დადება არ გვეკრძალებოდა, – ამბობს შმაგი ხიჯაკაძე, – რომ არ დაგიმალოთ, ცოტა უხერხულობას ვგრძნობდი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, ელექტრონული ხელმოწერა სხვა ხელოსნებს არ აღმოაჩნდათ. შემდეგ აღარც მიკითხავს“.
ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მაშინდელი თავმჯდომარე ჟანა ნემსაძე ამბობს, რომ ქუთაისში მანქანის ტექნიკური მომსახურებისთვის ჩასვლას და ავტონაწილების იქ შეძენას, ადგილზე მომსახურება არჩია. ამავე დროს, მისი თქმით, ელექტრონული ხელმოწერა იმ დროს მანქანების ხელოსნებიდან ხარაგაულში მხოლოდ ზურაბ ლურსმანაშვილს ჰქონდა.
ჟანა ნემსაძემაც განაცხადა, რომ „კანონი ხელშეკრულების გაფორმებას არ უკრძალავდა“.
ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობისას კობა ლურსმანაშვილმა თავის ძმასთან 6 ხელშეკრულება გააფორმა. აქედან სამი ხელშეკრულება თავად დეპუტატმა გააფორმა, სამი კი – ბიუროს ხელმძღვანელმა ჟანა ნემსაძემ.
იურისტი ირმა პავლიაშვილი ამბობს, რომ დეპუტატმა თავის ძმასთან ხელშეკრულების გაფორმებით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მე-8 მუხლი – ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები დაარღვია.
ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები.
ურთიერთდამოკიდებულ პირებს სწორედ საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლი განსაზღვრავს. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით, ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან – ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა.
ნინო კაპანაძე
P.S. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა და მოახლოებულ არჩევნებზე მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ კობა ლურსმანაშვილმა ახლახან მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატად ხიდარი-ვარძია-წყალაფორეთის სამაჟორიტარო ოლქში ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე წარუდგინა.
გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნებიდან“ დაბა ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატად ხარაგაულის „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ დირექტორის, ბესიკ კვირიკაშვილის, წარდგენას აპირებენ.
ასევე დაგაინტერესებთ
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი