ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე ე. წ. ღია ესტრადის შენობაში შესვლა სახიფათოა. გასულ კვირაში რამდენიმე ადგილას ჭერი ჩამოვარდა.
კულტურის კერად გამიზნული, დღეს უპატრონოდ მიტოვებული ეს სივრცე შემთხვევითი „სტუმრების“ ბუნაგად ქცეულა. შენობის შესასვლელ კარებებზე, უსაფრთხოების მიზნით, გასულ კვირაში რკინის გისოსები დაამაგრეს.
„ღია ესტრადა“ 2015 წლის 17 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც მის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ბიუჯეტიდან 449 999 ლარი დაიხარჯა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაშინდელმა გამგებელმა, დღეს უკვე პარლამენტარმა კობა ლურსმანაშვილმა მიღება-ჩაბარების აქტით ჩაიბარა.
გაწეული სამშენებლო სამუშაოების ხარვეზებზე საუბარი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ქეთევან ზუმბაძემ 2016 წლის თებერვალში დაიწყო. დეპუტატი აღნიშნავდა, რომ სახურავიდან რამდენიმე ადგილას წყალი ჩამოდიოდა; ჭერი და კედლები მთლიანად სველი იყო; იატაკი, პროექტით გათვალისწინებული გალაქვის ნაცვლად, წითლად შეიღება; ნაძვის მასალისგან დამზადებული სკამებიდან კი ხის წებოვანი ნივთიერება გამოდიოდა; საგრიმიორო ოთახებში წვიმის წყალი ჩამოდიოდა.
„უდიდესი შეცდომა დაუშვეს, როცა პროექტში შენობის გადახურვა არ გაითვალისწინეს, – ამბობს ქეთევან ზუმბაძე, – აჯობებდა, თუ შენობა ისევ ღია დარჩებოდა და კედლებს არ ამოქოლავდნენ. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე კედლები დასველდა.
კარგად მახსოვს, რომ ყოფილი გამგებელი კობა ლურსმანაშვილი ჩემს შენიშვნებს დასცინოდა. ღია ესტრადის დასათვალიერებლად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ლურსმანაშვილთან და გამგეობის კონტროლის ჯგუფის მაშინდელ თავმჯდომარესთან, არჩილ ლურსმანაშვილთან, ერთად მივედი.
იატაკზე, ალაგ-ალაგ, წყლის გუბეები იდგა. სახურავიდან ჩამოსული წყალი მთლიანად ცვლიდა შეღებილი ფასადისა და კედლების ფერს. მთელი კარკასი დაჟანგულიყო. რამდენად მოსაწონია, რომ კედლები და ფანჯრები ერთი და იმავე მასალისგან, – მინამაგნეზიტისგანაა.“
ქეთევან ზუმბაძე იხსენებს, რომ 2016 წლის აპრილში სცენის იატაკი მოხვეწეს და გალაქეს. ხელმეორედ გალაქეს სკამები. ჭერი და საგრიმიორო ოთახების კედლები თავიდან შეღებეს. ამ სამუშაოებიდან ერთი თვის შემდეგ „ხარაგაულდასუფთავებისა“ და „ხარაგაულკეთილმოწყობის“ თანამშრომლებმა ჩამოვარდნილი ჭერი შეაკეთეს და ფანჯრები ხელახლა შეადუღეს.
გასული წლის ნოემბერში ქეთევან ზუმბაძემ შენობა ისევ მოინახულა. ის გვიამბობს, რომ შენობის უკანა მხრეს ჩამოვარდნილ კარებსა და მემორიალის მხრიდან დაზიანებულ კედლებს ფოტოები გადაუღო და მუნიციპალიტეტის ახალარჩეულ გამგებელს, ნიკო თოფურიძეს, რეაგირებისთვის გადაუგზავნა.
„იმის მიუხედავად, რომ რეაბილიტირებულ შენობაზე უამრავი ხარვეზი მისი ჩაბარებიდან ძალიან მოკლე დროში გამოვლინდა, შენობა, მოვლა-პატრონობისთვის, რომელიმე ორგანიზაციას უნდა გადასცემოდა. ამით თავიდან ავიცილებდით შენობაში უნებართვოდ შესვლას, – ამბობს ქეთევან ზუმბაძე, – ღია ესტრადის უპატრონოდ მიტოვება ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობაა.
დახერხილი სკამებისა და მინებჩამსხვრეული ფანჯრების გამო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მას შემდეგ შეწუხდნენ, რაც იქ, 29 მარტს, პარლამენტარი ნიკანორ მელია მივიყვანე. მათ მხოლოდ ამის შემდეგ განაცხადეს, რომ ეს ვანდალიზმია.“
ღია ესტრადის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ტენდერში გამარჯვებულმა შპს „სენსონმა“ მოამზადა. ორგანიზაციამ ტენდერით ნაკისრი ვალდებულებები 13 310 ლარად შეასრულა.
შპს „სენსონის“ დირექტორი მალხაზ ფარეიშვილი იხსენებს, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაშინდელი გამგებელი შენობისთვის სახურავის გამოცვლაზე ვერ დაითანხმა. მისივე თქმით, თანხის სიმცირის გამო პროექტიდან ბევრი რამ ამოიღეს.
„ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხას ვერ გავცდებოდით, – ამბობს მალხაზ ფარეიშვილი, – პროექტში მითითებულია, რომ სახურავი ანტიკოროზიული და თბოგამძლე ხსნარებით უნდა შეღებილიყო, დაჟანგებული ადგილები დამუშავებულიყო. მინდა გითხრათ, რომ მაგ ფართის შენობის დაპროექტებას ასე მცირე თანხა არ ყოფნის, მაგრამ ყველაფერი მაქსიმალურად გავითვალისწინეთ.“
გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, მალხაზ ფხალაძის, ინფორმაციით, სახურავის შეკეთება იმიტომ არ დაუკვეთეს, რომ შენობის წინასწარი დათვალიერების შედეგად წყლის ჩამოსვლის კვალი არ აღინიშნებოდა. მისივე თქმით, გამოკითხეს ღია ესტრადაზე სხვადასხვა დროს გამართული ღონისძიებების ორგანიზატორები და სახურავიდან წყლის ჩამოსვლის ფაქტი ვერც მათ გაიხსენეს.
„მახსოვს, რომ დიდი კამათი გვქონდა დამპროექტებელთან, – ცოცხალი, მუშა პროცესი იყო, – ამბობს მალხაზ ფხალაძე, – სხვა პროექტების მიმართ ამდენი შენიშვნა და დავა არ გვქონია. დამპროექტებელმა შენიშვნები გაითვალისწინა და ყველა დოკუმენტაცია ჩაგვაბარა.
რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოებს, პირადად რამდენჯერმე მოვინახულე. ვნახე ჩაბარების შემდეგ, ყველაფერი რიგზე იყო. მინამაგნეზიტი დანესტიანდა, დამძიმდა და კონსტრუქციაც ჩამოაგდო. კონტროლის ჯგუფის წევრი არ ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობას გავურბივარ. იმის გათვალისწინებით, რომ წვიმიან ამინდებში ღონისძიებების ჩატარებას ხელი ეშლებოდა, შენობა გვერდებიდან დაიხურა.
ძალიან ვწუხარ იმის გამო, რაც მოხდა. შენობა რომ რომელიმე ორგანიზაციას მოვლა-პატრონობისთვის გადაცემოდა, ყურადღებას მიაქცევდნენ, – კარებებისა და ფანჯრების დალეწვას ვერავინ გაბედავდა. კედელი რატომ უნდა დაამტვრიო, რატომ უნდა დახერხო სკამები. ეს ხომ თითოეული ხარაგაულელის ქონებაა. ჩემი აზრით, ადამიანთა ჯგუფმა შენობა მიზანმიმართულად დააზიანა.“
ღია ესტრადის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „ჰესპია მურმა“ შეასრულა. ორგანიზაციის დირექტორი კარლო კოპალიანი ამბობს, რომ პროექტით გათვალისწინებული ყველა სამუშაო შეასრულა და ამის დასტურად შპს „მშენტექექსის“ საექსპერტო დასკვნას იშველიებს.
„ობიექტის ჩაბარების შემდეგ ორჯერ ვიყავით ხარაგაულში, – ამბობს კარლო კოპალიანი, – ერთხელ სცენა ხელახლა გავაკეთეთ, შემდეგ წვიმის გამო დაზიანებული ჭერი შევაკეთეთ. ჭერი სახურავიდან ჩამოსულმა წყალმა გააფუჭა. ჭერსა და სახურავს შორის სიცარიელეა და ჰაერი მოძრაობს.
კედლები და კარ-ფანჯარა რომ მინამაგნეზიტით გაკეთდა, შიგნით სითბო დაგროვდა, რამაც კედლები დაასველა. ეს არ არის ჩემი ბრალი. რაც პროექტში ეწერა, ის გავაკეთე. ყველაზე მთავარია, რომ შენობის რკინის კონსტრუქციები და სახურავი შესაცვლელია. პროექტში არ ეწერა, მაგრამ როგორც შევძელით, ჩამოღუნული კონსტრუქცია გავასწორეთ.“
ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოს შემსრულებელი ვალდებულია, ორი წლის მანძილზე ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზები საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას. აღნიშნული არ გულისხმობს დაზიანების აღდგენას, თუ ის გარეშე ძალის ზემოქმედებითაა გამოწვეული.
„რეაბილიტაციის პროცესში ორჯერ მოიპარეს საპირფარეშოს ონკანები და უნიტაზები, – იხსენებს კარლო კოპალიანი, – მაშინვე რომ მიეღოთ ზომები და ქურდები დაესაჯათ, განმეორებით იქ შესვლას ვერავინ გაბედავდა. შენობას რომ პატრონი ჰყოლოდა, სახურავის ღარებსაც ამოასუფთავებდა. 55 წლის ვარ, 30 წელია მშენებლობებზე ვმუშაობ და არ მახოვს, საკუთარ ქონებას სადმე ასე მოქცეოდნენ.“
„უმთავრესი შეცდომა დაპროექტებისას არის დაშვებული, – ამბობს მშენებელი ემზარი ორთოიძე, – შენობის სახურავი უნდა შეცვლილიყო. 25 წელია, მშენებლობაზე ვმუშაობ და ეს საქმე კარგად ვიცი. მინამაგნეზიტი, რითაც შენობის კედლები და ფანჯრები გაკეთდა, საუკეთესოა, მაგრამ ჭერზე საჰაეროები და გამწოვები უნდა გაკეთებულიყო, მითუმეტეს, ამხელა ფართის მქონე შენობაში. “
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ რეაბილიტირებულ შენობაში გასულ წელს რამდენიმე ღონისძიებას დაესწრო და დაზიანებები არ შეუნიშნავს.
„კულტურისა და დასვენების პარკში მარტის ბოლოს უმძიმესი მდგომარეობა დამხვდა, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – კედლები და სკამები დამტვრეული იყო, მინები – დამსხვრეული. შეიძლება ვიდაოთ იმაზე, თუ რამდენად ხარისხიანად გაკეთდა პროექტი, მაგრამ ფაქტია, რომ არაკეთილმოსურნე ადამიანებმა შენობა შეგნებულად დააზიანეს.
ვიზიარებ პოზიციას, რომ სახურავი თავიდანვე უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და პროექტში ვერ გაითვალისწინეს. მიმაჩნია, რომ ობიექტი უნდა ჩაბარებოდა რომელიმე ორგანიზაციას, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებდა შენობის მოვლა-პატრონობაზე.“
რეაბილიტირებული შენობა კონტროლის ჯგუფმა ჩაიბარა. ჯგუფს არჩილ ლურსმანაშვილი ხელმძღვანელობდა. ის იმავდროულად გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი გახლდათ. მიღება-ჩაბარების აქტში წერია, რომ კომისიის მიერ დარღვევები არ დაფიქსირებულა.
არჩილ ლურსმანაშვილი განმარტავს, რომ შენობა ჩაბარების დროს და 2016 წელს ნორმალურ მდგომარეობაში იყო. ის ამბობს, რომ შენობა გარე ზემოქმედებით დაზიანდა. რაც შეეხება შენობის რომელიმე ორგანიზაციისთვის გადაცემის საკითხს, არჩილ ლურსმანაშვილის განმარტებით, ეს საკითხი მუნიციპალიტეტის გამგებელს უნდა გადაეწყვიტა.
„არ ვიცი, ხელმძღვანელობის გადასაწყვეტი იყო. მე სამსახურის უფროსი ვიყავი და მაგას ვერ ვწყვეტდი,“ – ამბობს არჩილ ლურსმანაშვილი.
„ჩემი იმერეთის“ რედაქცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაშინდელ გამგებელს და დღეს ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატს, პარლამენტარ კობა ლურსმანაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, შენობის რეაბილიტაციის არც ერთ ეტაპზე კანონით დადგენილი პროცედურები არ დარღვეულა.
„შენობა ჩავიბარეთ ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – რაც შეეხება მარტის ბოლოს მომხდარ ვანდალურ აქტებს, ეს პირველი შემთხვევა არ არის. ღია ესტრადის მიმდებარედ სველი წერტილები ორჯერ გაიძარცვა. როცა გამგებელი ვიყავი, ამის შესახებ საჯაროდ განვაცხადე.
დღემდე შენობის ძარცვა გრძელდება. რატომ მაინც და მაინც ღია ესტრადაზე ხდება ასე? ჩვენ ხარაგაულში სხვა ობიექტებიც გავაკეთეთ. ვიღაცის პოლიტიკურ ინტერესშია, რომ ეს დაზიანებები ხდებოდეს და შემდეგ ამაზე ილაპარაკონ.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გადავეცით რომელიმე ორგანიზაციას შენობა, გეტყვით, რომ ობიექტზე, ჩაბარების შემდეგ, გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა. მშენებელმა ხარვეზები გამოასწორა, ხოლო შემდგომ პერიოდში მე დეპუტატობის კანდიდატად დამასახელეს და თანამდებობიდან გადავდექი. როგორ წარიმართა შენობის გადაცემის პროცედურები, არ ვიცი.
შენობაში რამდენიმე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა და იქ ყველაფერი რიგზე იყო. თუ ვინმეს უნდა ახლა, რომ მაშინდელი თანამდებობის პირების ბრალეულობა გამოკვეთოს, მაშინ მე პირდაპირ მივაშვერ თითს და ვიტყვი, – ვანდალიზმს სპეციალურად აწყობენ, პოლიტიკური თემა რომ არ ჩამოვიდეს დღის წესრიგიდან.
ნებისმიერი ახალი ობიექტი ან თუნდაც ძველი, უნდა დავამტვრიოთ, სულ რომ არ ჰყავდეს დარაჯი?! ამიტომ პრინციპული მნიშვნელობა აქვს გამოვლინდეს, ვინ ჩაიდინა ეს სამარცხვინო დანაშაული.“
პოლიციას ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში რეაბილიტირებული შენობის დაზიანების შესახებ ინფორმაცია საკრებულოს წევრმა ვარლამ ჭიპაშვილმა მიაწოდა. მისი შეტყობინების შემდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქონების ან ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
თემაზე მუშაობისას გამოიკვეთა შეკითხვები, რომლებზეც პასუხები ბუნდოვანია:
– რატომ არ დაუკვეთა მუნიციპალიტეტმა სახურავის შეცვლა დამპროექტებელს; ხოლო თუ თანხა არასაკმარისი იყო, რატომ არ მოხმარდა მხოლოდ იმ სამუშაოების ხარისხიანად შესრულებას, რისთვისაც თანხა საკმარისი იქნებოდა;
– რატომ არ გადასცა მუნიციპალიტეტმა შენობა, მოვლა-პატრონობისთვის, რომელიმე ორგანიზაციას 2015 წლის დეკემბრიდან 2017 წლის მარტის ვანდალურ ფაქტამდე;
– ობიექტზე ხარვეზების აღმოსაფხვრელად სამუშაოები 2016 წლის აპრილსა და მაისში ჩატარდა. მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი კობა ლურსმანაშვილი დეპუტატობის კანდიდატად 2016 წლის 18 ივლისს დასახელდა. ის თანამდებობიდან 9 აგვისტოს გადადგა; რატომ ვერ მოაგვარა ეს საკითხი ამ დრომდე ადგილობრივმა ხელისუფლებამ.
ხელისუფლების წარმომადგენელთა არგუმენტია, რომ საექსპერტო დასკვნა დადებითია და ექსპერტის შეფასებით სამშენებლო სამუშაოების ხარისხი ტექნიკურ ნორმებთან და წესებთან შესაბამისობაშია.
ექსპერტი სამუშაოების შემსრულებელმა კომპანია შპს „ჰესპია მურმა“ დაიქირავა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლებისა და 2015 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში წერია, რომ სასურველია, საექსპერტო მომსახურება თავად მუნიციპალიტეტმა შეისყიდოს ტენდერით, რაც გაზრდის მშენებელისა და საექსპერტო ფირმის პასუხისმგებლობას მუნიციპალიტეტის მიმართ. სამწუხაროდ, აუდიტის დასკვნა, წინა წლების მსგავსად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ამ შემთხვევაშიც, უგულვებელყო.
დაველოდოთ, რას დაადგენს გამოძიება – შენობა განზრახ დაზიანების გამოა სავალალო მდგომარეობაში თუ შეცდომები დაპროექტება-რეაბილიტაციის დროსაა დაშვებული.
ნინო კაპანაძე
თამთა გოგოლაძის ფოტოები
ამავე თემაზე
„ღია ესტრადის“ დასუფთავება თუ კორუფციული მტკიცებულებების გაქრობა
ხარაგაულის მერის ძმამ ბიუჯეტიდან, გამარტივებული შესყიდვებით, 49622 ლარი მიიღო
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი