ეკა შველიძე – აქტიური მოქალაქე, პიროვნება, რომელიც უსამართლობის წინააღმდეგ ხმას ყოველთვის იმაღლებს და საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.

2008 წელს, როცა ეკა შველიძემ ხარაგაულში მაღალი თანამდებობის პირი უკანონო ქმედებაში საჯაროდ ამხილა, ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

როგორ აფასებს დღევანდელობას, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველო ცივილიზებული სამყაროს – ევროკავშირის ნაწილი გახდეს, – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ეკა შველიძეს ვესაუბრეთ.

– ქალბატონო ეკა, 1988 წლიდან მოყოლებული, როცა საქართველოში ეროვნული მოძრაობა დაიწყო, თქვენ ყველა პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პროცესში ხართ ჩართული. როგორ აფასებთ განვლილ 32 წელს – პროგრესს ხედავთ, თუ ფიქრობთ, რომ სირთულეებმა, წინსვლა შეაფერხ?

– ეროვნული მოძრაობა ისეთი ენთუზიაზმით, რწმენით, სიყვარულითა და პატრიოტული შემართებით დაიწყო, რომ შემდგომ მოვლენების ცუდად განვითარებას ვერავინ წარმოიდგენდა. არჩეული პრეზიდენტი – ზვიად გამსახურდია „პუტჩისტებმა“ რუსული აგენტურის ხელშეწყობით დაამხეს და საშინელი ბედი არგუნეს. პრეზიდენტს ქვეყნისთვის სასიკეთო კანონების მიღება არ დასცალდა.

მახსოვს, „პუტჩის“ შემდეგ ხარაგაულის კინოთეატრში საზოგადოება შეიკრიბა და პრეზიდენტის საწინააღმდეგო განცხადებები კეთდებოდა. მე მაშინ გავბედე და ვთქვი, რომ სისხლით მოსული ხელისუფლება ხალხის ნების გამომხატველი ვერ იქნებოდა.

მას შემდეგ თითქოს ერთ წრეზე ვტრიალებთ. უკეთეს მდგომარეობაში უნდა ვიყოთ, მაგრამ ვფიქრობ, ბევრი მცდარი ნაბიჯი გადაიდგა და შეცდომების გამოსწორება ადვილი არ არის.

რა არის ის ნიშა, რომელიც ზუსტ ადგილს და ფუნქციას განუსაზღვრავს ჩვენს ქვეყანას მსოფლიოში

– საქართველო უნდა დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში, საითკენაც მუდმივად მივისწრაფვოდით. ჩვენი ცხოვრების წესი – ტოლერანტობა, სტუმართმოყვარეობა, საკუთარი მიწა-წყლის სიყვარული გამოგვარჩევს. მსოფლიოში ძალიან ცოტაა ერი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში თავისი წარმოშობის ადგილზე ცხოვრობს.

ევროპისგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ. კანონმორჩილება, წესრიგი, საერთო საქმისადმი ზრუნვა და ერთგულება გვაკლია. ევროპის ნებისმიერ პატარა ქალაქში თვალში მოგხვდებათ, თუ როგორი რუდუნებით, სიყვარულით უვლიან საერთო ქონებას – ქუჩებს, სადარბაზოებს, ტროტუარებს, მდინარის კალაპოტებს.

ამავდროულად, ევროპის დაინტერესება ნამდვილად შეგვიძლია ჩვენი კულტურით, ტრადიციებით, შემოქმედებით – იმით, რითაც ყოველთვის ვამაყობთ.

– ქალბატონო ეკა, ხარაგაულში სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის აქტიური იყო – არ ეგუებოდა უსამართლობას, საკუთარ პოზიციას გამოთქვამდა. დღეს ეს აქტიურობა ნაკლებადაა.

– ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ხარაგაულში ყველა დროში პროგრესულად მოაზროვნე, განათლებული საზოგადოება ცხოვრობდა – სიახლეების მხარდამჭერი და აქტიური. ხარაგაულელები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ერთ-ერთი პირველები ეხმიანებოდნენ. ხარაგაულის თეატრის ისტორიას რომ ვიკვლევდი, აღმოვაჩინე, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შემდეგ მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი საღამო ხარაგაულში გაიმართა. ხარაგაულელები ყოველთვის გრძნობდნენ ქვეყნის მაჯისცემას.

დღეს თითქოს ხალხი დაკნინდა, მჩქეფარე ცხოვრება, კრიტიკული აზროვნება მინავლდა და ყველაფერი მდორე გახდა. ამის გამომწვევი მიზეზების დასახელება მიჭირს…

– ხარაგაულის სკოლებში ახალგაზრდები იღებენ ძალიან კარგ განათლებას, შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში ეუფლებიან პროფესიებს და სამწუხაროდ, ხარაგაულში აღარ ბრუნდებიან.

– ახალგაზრდები ხარაგაულში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ვერ ახდენენ. არ არის ხარაგაულში მათი მოთხოვნების განხორციელებისთვის შესაბამისი პირობები. ბოლო პერიოდში ბევრი რამ კეთდება – შენდება საბავშვო ბაღები, უმჯობესდება ინფრასტრუქტურა, მაგრამ სოფლები იცლება. ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, გლეხი მიწას დაშორდა. ახლახან, საღანძილეში, 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი გავხსენით. მეეჭვება, რომ უახლოეს მომავალში იქ ამდენი ბავშვი გაჩნდეს. ხარაგაულში ახალგაზრდები საკუთარ თავს ვერ პოულობენ და ამიტომ დედაქალაქში ცხოვრებას ამჯობინებენ.

– თქვენ ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის შექმნაში მონაწილეობდით. როგორ დაიწყო ეს პროცესი?

– 1978 წელს გადაწყდა, რომ ხარაგაულში გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების ექსპოზიცია მოწყობილიყო. იქ, სადაც ახლა მუზეუმია, რაიკომი ფუნქციონირებდა. მუზეუმს თავიდან ორი ოთახი დაუთმეს. თავად შენობა 1928 წელსაა აგებული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

1983 წლის 19 აპრილს ხარაგაულის მუზეუმმა პირველი დამთვალიერებელი მიიღო. წლების განმავლობაში ვაგროვებდით ექსპონატებს, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებს, სოფლებშიც დავდიოდით. ზოგი ნივთებს გვჩუქნიდა, ზოგისგან – ვყიდულობდით.

დღეს ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი ფასდაუდებელი სიმდიდრის მფლობელია. ხელოვნების ქურუმმა ლევან ცუცირიძემ და ცნობილმა ქართველმა მხატვრებმა, გრაფიკოსებმა, მოქანდაკეებმა   თანამედროვე ხელოვნების უნიკალური შედევრები გადმოგვცეს. საქართველოში ასეთი ექსპონატები ბევრ მუზეუმს არ აქვს. ხარაგაულში უნდა შეიქმნას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რომელიც ჩვენი სავიზიტო ბარათი იქნება. ეს ყველაფერი მხატვარ ლევან ცუცქირიძის ოჯახის დამსახურებაა.

– ქალბატონო ეკა, თქვენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბრძანდებით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“. რა განწყობით მოხვედით პოლიტიკაში, როცა კენჭს იყრიდით თვითმმართველობის არჩევნებში და თქვენი მოლოდინები რამდენად გამართლდა?

– პოლიტიკური ცხოვრება მძიმე აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ყველა იდეა და დანაპირები ვერ შევასრულეთ. ბევრი ხელისშემშლელი მიზეზია. ვინ გათვლიდა, რომ პანდემია იქნებოდა და თავს ასეთი უბედურება დაგვატყდებოდა?! დიდი გამოწვევების წინაშე დავდექით როგორც ეკონომიურად, ისე ჯანმრთელობისა და ადამიანური ურთიერთობების მხრით.

ცოდვა გამხელილი სჯობს, და აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც წარმოგვედგინა. ახლა დარწმუნებული ვარ, ჩვენამდე ვინც იყო ხელისუფლებაში, მათაც სურდათ, რომ უკეთესი შედეგებისთვის მიეღწიათ. მერიასთან ერთად ვინდომებთ და ვცდილობთ, თუმცა მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა, ალბათ…

– ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე მეტი ქალია. რისი შეცვლა შეძელით დეპუტატმა ქალებმა?

– საკრებულოს თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის ბრძოლის შედეგია, რომ საკრებულოში ჩვენი პარტიიდან რვა ქალია. ქალს უდიდესი როლი აქვს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ქალი მამაკაცზე მეტად ფრთხილი და დაკვირვებულია. ის საერთო საქმეს, როგორც საკუთარი ოჯახისას, ისე უყურებს.

ხარაგაულის საკრებულოს წევრი ქალი დეპუტატები არასდროს ყოფილან „მდუმარე უმრავლესობაში“. ხშირად ვიყავით კრიტიკულები. მაჟორიტარი დეპუტატი ქალები მუდმივად იბრძვიან იმისთვის, რომ მათ თემში რაც შეიძლება მეტი პროექტი განხორციელდეს. თურმე ამისთვისაც უნდა იბრძოლო და ეს ადვილი საქმე არ ყოფილა. ისინი თავიანთ პროფესიაშიც წარმატებულები არიან.

არ ვიცი, მომავალში ვიქნები თუ არა საკრებულოს წევრი – ამას პარტია გადაწყვეტს. თუმცა, უფრო აქტიური დეპუტატი რომ ვიქნები, ეს ზუსტად ვიცი.ახლა ისეთ ასაკში ვარ, რომ მეტად უნდა ვიბრძოლო საზოგადოების კეთილდღეობისთვის და არა – საკუთარი თავისთვის.

პარტიული ინტერესისთვის შეურაცხყოფა არავის უნდა მივაყენოთ. ხარაგაულში საქმის კეთებისთვის კი მეტად უნდა ვიბრძოლოთ და ვიმუშაოთ. ჩემი დევიზია – ნაკლები პარტიულობა და ხარაგაულის მეტი სიყვარული.

ნინო კაპანაძე