ხარაგაულის სოფლები ულამაზესი ხედებითა და ბუნებრივი რესურსით, დიდი ხანია, მიგრაციის პრობლემის წინაშე დგას.

წინაპართა მიწა-წყლიდან ტენდენციად ქცეული აყრა კვლავ ინტენსიურად გრძელდება. ამას თავისი გამომწვევი მიზეზები აქვს. უმთავრესი კი სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებასთანაა დაკავშირებული. სოფლიდან წასული ადამიანები ზაფხულზე, დასასვენებლადაც კი არ უბრუნდებიან მამა-პაპისეულ კარ-მიდამოს.

ამ ფონზე, 39 წლის მანანა ბარამიძე, მეუღლესთან – ფილიპ მახაჩთან და შვილთან -ნიკოლასთან ერთად, გერმანიიდან ჩამოვიდა და სოფელ მარელისში მიტოვებული სახლი შეიძინა.

2002 წელი იყო, როდესაც მანანა AuPair-ის პროგრამით გერმანიაში წავიდა. ერთი წელი ქალაქ ფრაიბურგში, გერმანულ ოჯახში ცხოვრობდა და პარალელურად, გერმანული ენის კურსებს გადიოდა.

ერთი წლის შემდეგ ფრაიბურგის უნივერსიტეტში გამოცდები ჩააბარა და სწავლა სოციოლოგია, კულტურათმცოდნეობა და გენდერული მეცნიერებების სპეციალობით განაგრძო. აქვე დაამთავრა ასპირანტურაც და უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად დაიწყო მუშაობა.

ფრაიბურგის უნივერსიტეტში გაიცნო მომავალი მეუღლე, ჩეხი ფილიპ მახაჩი, რომელიც გერმანიაში ერაზმუს+ პროგრამით იყო ჩასული და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა.

ექვსი წლის წინ წყვილი საცხოვრებლად გადავიდა ბერლინში, სადაც მანანა ბავშვთა დაცვის საკითხებზე მუშაობდა. ბერლინში შეეძინათ ნიკოლასი, რომელიც დღეს 5 წლისაა.

მანანა ბარამიძე გერმანიიდან საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა და მეგობრებიც ჩამოჰყავდა. მათთვის საქართველოს ფლორისა და ფაუნის გასაცნობად საუკეთესო ადგილი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი იყო. ხარაგაულის მხრიდან ეროვნულ პარკში შესასვლელი სოფელ მარელისიდანაა. მარელისი მანანას დედულეთია. დედა, ფიქრია მაღრაძე, წარმოშობით მარელისიდანაა და ბავშვობაში ზაფხულობით ხშირად ისვენებდა აქ, ბიძასთან.

„მარელისი ბავშვობიდან ღრმად ჩამებეჭდა მეხსიერებაში, – ამბობს მანანა ბარამიძე, – თუმცა, როდესაც ბუნების მსოფლიო ფონდმა (WWF) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი დაცულ ტერიტორიად აქცია, ამ სოფლის მიმართ ინტერესი გამიძლიერდა. საქართველოს, დაცული ტერიტორიების განვითარებისა და ტურიზმის გაძლიერების კუთხით, დიდი პოტენციალი აქვს, რაც რეალიზებული უნდა იყოს.

ათი წლის წინ მოვინახულე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკი გერმანელ მეგობრებთან ერთად. მათ შორის იყო მეტყევე ცოლ-ქმარიც. ჩემი გერმანელი მეგობრები აქაური ბუნებით აღფრთოვანდნენ. იმ დროს აქ იყო ახალი კოტეჯები და შესაბამისად, – კეთილმოწყობილიც. რამდენიმე წლის წინ მეუღლესთან და შვილთან ერთად ვიყავი ამ კოტეჯებში და გული მეტკინა. ყველაფერი მოუწესრიგებელი დამხვდა.

ხშირად ვსაუბრობდი მეუღლესთან, რომ საქართველოში შესაძლებელი იყო სახლი შეგვეძინა, სადაც ზაფხულობით დავისვენებდით. გარდა დასვენებისა, დავრგავდით ხეებს, გავწმენდდით მინდორს. გავიგე, რომ მარელისში ძველი სახლი იყიდებოდა. ეს ჩვენი იდეის ხორცშესხმისთვის კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა“.

ამჟამად ეს ოჯახი მარელისში ცხოვრობს. 5 წლის ნიკოლასი მარელისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დადის. მას ქართული ენა ესმის, რადგან დედა ყოველთვის ქართულად ესაუბრება. ფილიპს სურს, ნიკოლასმა ქართულთან ერთად, ჩეხური ენაც ისწავლოს. ნიკოლასი მარელისელ თანატოლებს უკვე დაუმეგობრდა და სახლში სტუმრადაც კი მიიწვია.

ოჯახმა მარელისში სახლი და გარემო გაამშვენიერა, მაგრამ სრულფასოვანი სახის მისაღებად ჯერ კიდევ აქვთ სამუშაო. სურდათ, სახლში ყველაფერი ნატურალური ყოფილიყო და ქიმიკატები არაფერს შერეოდა.

„ჩვენს აქ ცხოვრებას დაბრუნებას ვერ დავარქმევ. ჩვენ ახლა ექსპერიმენტს ვატარებთ, – ცდის ფაზაში ვართ. ვნახოთ, რა გამოგვივა. გრძელვადიან პერსპექტივაში გვსურს სათავგადასავლო, საოჯახო ეკოტურიზმის მხრივ გავაკეთოთ რაღაც, მაგრამ არა ფართომასშტაბიანი; უფრო – პატარა, ოჯახებისთვის, – ტურისტი რომ ჩამოვიდეს საქართველოში და ერთი კვირა ამ კონკრეტულ ადგილას დარჩეს.

საქართველოში ჩქარი ტურიზმია განვითარებული. ეს არაჯანსაღია ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის. ტურისტი რომ ჩამოდის, ერთ-ორ ფოტოს გადაიღებს და ფიქრობს, რომ საქართველო გაიცნო, ეს აბსურდია. ძალიან მინდა ამის საპირისპირო მიდგომა ჩამოყალიბდეს ჩვენთან და იმედია, ამ მიმართულებით ჩვენი მოლოდინები გამართლდება“.

მარელისში ცხოვრება მოსწონთ, მაგრამ მწვავედ აღიქვამენ იმ პრობლემებს, რომელიც ადგილობრივების ცხოვრების გაუმჯობესებას აფერხებს. ფილიპი, როგორც საქართველოს გულშემატკივარი, ამ პრობლემებისადმი კრიტიკულადაა განწყობილი; მაგალითად, საბავშვო ბაღი, რომელიც ბავშვის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, კეთილმოუწყობელია. მას არ აქვს შემოსაზღვრული ეზო, რის გამოც ბავშვები ჰაერზე ვერ გამოჰყავთ.

„ჩემი შვილი მარელისის საბავშვო ბაღში დადის, რადგან ბავშვს სოციალური ურთიერთობა სჭირდება. გული გვეტკინა იქ არსებული მდგომარეობის გამო.

ბაღის ფართობი მაქსიმუმ 18 კვადრატული მეტრია, მაშინ როდესაც იქ 18 ბავშვია რეგისტრირებული. თან ბავშვები ეზოშიც ვერ გამოჰყავთ. 5 წლის განმავლობაში ბაღში არაფერი გაკეთებულა, იატაკიც კი არ შეღებილა. სათამაშოები მოძველდა და გაიცვითა.

ქალბატონ თამარ მაისურაძეს მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან ერთი აღმზრდელის მუშაობა 18 ბავშვთან, დამერწმუნებით, რთულია. ფილიპი ამბობს ხოლმე, რომ ევროპის მოქალაქეები გადასახადებს ვიხდით, რომელიც ევროპულ ფონდებში მიდის და  რომლითაც სხვადასხვა პროექტების დაფინანსება ხდება საქართველოში, რატომ არ იდება ინვესტიცია მსგავს პროექტებში?!

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც მწვავედ აღვიქვამთ არის ის, რომ ბუნების მსოფლიო ფონდისგან (WWF) გაკეთებული კოტეჯები მოუწესრიგებელია. ორი წლის წინ აქ ჩვენი ჩეხი მეგობარი იმყოფებოდა. რეინჯერებმა არც ერთი ენა არ იცოდნენ. მცდარი ინფორმაცია მიაწოდეს – ტყე არის მშრალი და შეგიძლია წახვიდეო, მაგრამ ის კინაღამ ტალახში ჩაიხრჩო.

არ ვიცი, როგორ გააღწია ბორჯომამდე. ხიდები არ ფუნქციონირებს, მეტყევეებს არ აქვთ საინფორმაციო მასალა არც ერთ ენაზე.

ჩემი მეუღლე ამ ყველაფერს ხედავს და უკვირს, ქვეყანას რომ ამხელა რესურსი აქვს და მას არ იყენებს“.

მანანას ქართული სოფლების დაცლის უმთავრეს მიზეზად სოფლის განვითარების სტრატეგიის არარსებობა მიაჩნია. ის სოფლის მოსახლეობას ორგანიზებული სამოქალაქო აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„რთულია, რაიმე უთხრა ადამინს, რომელიც მშობლიურ მიწა-წყალს ობიექტური მიზეზებით ტოვებს. სახელმწიფომ გარკვეული პროგრამები უნდა შესთავაზოს, რომ ადამიანს სოფელში დარჩენის მოტივაცია გაუჩნდეს. ასეთ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ძნელია თავი გადაირჩინო.

თუმცა, სანამ სოფელს დატოვებს ადამიანი, მაქსიმალურად ყველაფერი უნდა სცადოს. ცხოვრების გასაუმჯობესებლად მოქალაქეებმა უნდა ვიზრუნოთ, რისთვისაც მეტად ორგანიზებულობა, ჩვენი უფლებების ცოდნა და ერთიანობაა საჭირო. სოფელს მოქალაქეები ვაშენებთ“.

ლიკა ხიჯაკაძე

ფოტოზე: მანანა ბარამიძე მეუღლესთან,  ფილიპ მახაჩთან ერთად. პატარა ნიკოლასმა ფოტოს გადაღება არ ისურვა