ამ წუთებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები მორიგი აქციისთვის ემზადებიან.

გუშინ, მას შემდეგ, რაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში პოლიციამ „რიონის ხეობის მცველების“ კარვები დაშალა, ადგილობრივები საპროტესტო აქციებს გუმათის დასახლებაში გეგმავენ.

კარვების დაშლის საფუძვლად პოლიციამ მდინარე რიონის ადიდების რისკი დაასახელა. თუმცა, აქციის მონაწილეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი პოლიციის ამ გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად მიიჩნევენ.

საპროტესტო გამოსვლები ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გასული წლის გაზაფხულიდან დაიწყო. „ნამახვანის ჰესების კასკადის“ მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში კარვები 168 დღის განმავლობაში იყო გაშლილი. საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ჰესის მშენებლობის შეჩერებას, მშენებელი თურქული კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას და ამ კომპანიის რიონის ხეობიდან გასვლას მოითხოვენ.

ამ მოთხოვნების მიუხედავად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2020 წლის 28 თებერვალს  შპს „ენკა რინიუებლზისთვის“ მდინარე რიონზე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობისთვის დადებითი დასკვნა გასცა.

ნამოხვანის ჰესების კასკადი წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში მდინარე რიონზე ორ ჰესს მოიცავს – ტვიში ჰესი 100 მგვტ სიმძლავრით და ნამოხვანი-ჟონეთის ჰესი – 333 მგვტ სიმძლავრით.

„მწვანე ალტერნატივას“ დირექტორი მანანა ქოჩლაძე „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში ამბობს, რომ

  • ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტი დაახლოებით 170-ჯერ ნაკლები სიმძლავრის მიწისძვრაზეა გათვლილი, ვიდრე მოხდა რაჭაში 1991 წელს;
  • ტერიტორიების დატბორვის შედეგად ლეჩხუმში მოსალოდნელია კლიმატის შეცვლა. ამის გამო, შესაძლოა, ქართული ჯიშის ვაზის – ცოლიკოურისა და უსახელოურის მიკროზონის ყურძნისა და ღვინის ხარისხი დავკარგოთ;
  • ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტის ავტორები ის კომპანიები არიან, რომელთა მიერ შეფასებული და აშენებული შუახევი ჰესის გვირაბი გახსნიდან ორ თვეში ჩამოინგრა.

„2020 წლის 9 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ სასურველია შეიქმნას სახელმწიფო კომისია, სადაც ეკონომისტები, ენერგეტიკოსები, ბუნებადამცველები, ადგილობრივი მოსახლეობა და უცხოელი ექსპერტები ერთად განიხილავენ ნამახვანჰესის ბედს, – ამბობს მანანა ქოჩლაძე, – გუშინ კი დავინახეთ, რომ მთავრობა არც თანმიმდევრულია და არც იმისკენაა მოწოდებული, რომ სიტუაცია მოსახლეობის შეშფოთების გარეშე მოაგვაროს.

წესით ახლა უნდა გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი და მორატორიუმი გამოაცხადოს. შემდეგ მთავრობის წევრები უნდა დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად. რასაც ჩვენ ახლა ნამოხვანში ვხედავთ, ეს კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა. ნამახვანჰესის პრობლემამ გამოააშკარავა, რომ საქართველო ავტოკრატიული ქვეყანა გახდა.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, მეტი ადამიანი მივიდეს აქციაზე, რადგან ნამახვანჰესის პრობლემა ყველას გვეხება.“

ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისთვის“ დამფუძნებელი ხათუნა მანჯავიძე დიდი ჰესების მშენებლობას გაუმართლებლად მიიჩნევს. ის ამბობს, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ელექტროენერგიის წარმოებისთვის მზის, ქარის, გეოთერმული წყლებისა და ბიოგაზის ელექტროსადგურებს იყენებენ.

„ევროპის ქვეყნები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დიდმა ჰესებმა ეკოსისტემები დააზარალა, – ამბობს ხთუნა მანჯავიძე, – გერმანიაში მოსახლეობის 90% მზის ელექტროსადგურებით სარგებლობს.

ნუ ვიფიქრებთ, რომ ნამოხვანი ხარაგაულიდან შორსაა. ნამახვანჰესის მშენებლობით საფრთხე გვემუქრება ყველას, მაგრამ, სამწუხაროდ, ხალხი გაყუჩებულია. ახლა საბრძოლო ნამდვილად არის ნამოხვანში“.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე

საზოგადოებრივი ორგანიზაციები რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან

ნამახვანჰესის აშენებით 3 500 წლოვანი ქალაქი ჩაიძირება – ზაალ გორგიძე

ხარაგაულელები „რიონის ხეობის მცველების“ მხარდასაჭერად

„ალბათ „ენკამ“ პოლიციის პრივატიზაციაც გააკეთა“ – ვახუშტი მენაბდე