დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხარაგაულის კინოთეატრში მასწავლებლებმა კონცერტი გამართეს. კინოთეატრის ფოეიში კი, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული პედაგოგების ნახატების, ნაქარგების, ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა მოეწყო.

მერი ღამბაშიძე ოცი წელია, წიფის საჯარო სკოლაში ხელოვნებას ასწავლის. მერი მასწავლებელი ამბობს, რომ ხატვის პროცესში ყოველდღიურობას წყდება და სულ სხვა სამყაროში ინაცვლებს. თავისი განწყობა მას ტილოებზე გადააქვს. ბედნიერია, როდესაც მოსწავლეებში ხატვის მიმართ ინტერესს ხედავს და ასეთ მოსწავლეებთან ცალკე დამატებით მუშაობს.

მარიამ ჭოჭუამ თაბაშირისგან ნაკეთობების დამზადება ოჯახში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ დაიწყო. ის თვითნასწავლია და თაბაშირით შექმნილ ყველა ნივთს შვილის ხსოვნას უძღვნის. მარიამი ნადაბურის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგია.

ერთი წლის წინ აღმოაჩინა წყალაფორეთის სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა ნათია ტაბატაძემ, რომ თოჯინების მოქსოვა შეეძლო. რამდენიმე თვის წინ მან კი აკრილისგან ჩანთების დამზადება დაიწყო. ნათიას უამრავი ადამიანი მისი ნამუშევრების შეძენის მიზნით უკავშირდება.

ინგლისურის პედაგოგი დიანა ბარბაქაძე ულამაზეს ხელნაკეთ ყვავილებს ქმნის. ის ვერტყვიჭალის სკოლის ახალგაზრდა პედაგოგია.

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელმა მარინე ვეფხვაძემ მაკრამე სტუდენტობისას შეისწავლა. ის ამბობს, რომ ქსოვისას საოცარ სიამოვნებას იღებს და თუ ნივთს კონკრეტული პიროვნებისთვის ამზადებს, ცდილობს, დადებითი ენერგია და სიყვარული ჩააქსოვოს.

კინოთეატრის ფოიეში ასევე გამოფენილი იყო მარიამ ქველაძის, თეონა წიქარიშვილის (ნადაბურის სკოლა), ზაირა ხაჩიძის (ვერტყვიჭალის სკოლა), ნათია მუმლაძისა და ლელა ხელაშვილის (საღანძილის სკოლა) ნამუშევრები.

მომღერალმა პედაგოგებმა კოლეგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე ქალაქური და ხალხური სიმღერებით მიულოცეს.

მასწავლებლის საერთაშორისო დღის ამ ფორმით აღნიშვნის ინიციატორი ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურია (მოვალეობის შემსრულებელი ხათუნა ტაბატაძე).

მასწავლებლებს პროფესიული დღე კიცხის სკოლის პედაგოგმა მენტორმა მასწავლებელმა ეკა მელქაძემ, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინე ვეფხვაძემ, განათლების პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლალი სებისკვერაძემ, ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა მიულოცეს.

ღონისძიების ამსახველი ფოტოები იხილეთ ბმულზე.