
ვერტყვიჭალასა და საღანძილეში 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღების შენობები გაიხსნა.
ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღისთვის ძველი, ამორტიზირებული შენობის ნაცვლად ახლის აგების საჭიროებაზე, „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია რამდენიმე წლის განმავლობაში პერმანენტულად აშუქებდა.
დღეის მდგომარეობით, სასწრაფოდ მისახედია ხუნევში საბავშვო ბაღის შენობა.
ვერტყვიჭალასა და საღანძილეში საბავშვო ბაღების გახსნის ცერემონიალს თვითმმართველობის, სამშენებლო ორგანიზაციის, მშენებლობის დამკვეთის – მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები, ასევე საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები და სპმთპ-ის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი იმყოფებოდნენ.
ვერტყვიჭალისა და საღანძილის საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის 1,5 მლნ ლარი დაიხარჯა.
საღანძილელ ნათია ბლუაშვილს შვილი ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში დაჰყავს.
„ძალიან მიხარია, რომ საღანძილეში, ჩემს სახლთან ახლოს, საბავშვო ბაღი აშენდა და გახსნა. მიჭირდა ხარაგაულში ბავშვის ტრანსპორტირება, თან დღეში ორჯერ მიწევდა ჩასვლა. აქ ბავშვს უფრო ადვილად ვატარებ და ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ჩემს შვილს ხარაგაულიდან საღანძილის საბავშვო ბაღში გადმოვიყვან,“ – ამბობს ნათია ბლუაშვილი.
ოთხი შვილის დედა მაკა ჭინჭარაულის უფროს შვილები სკოლაში ისე მივიდნენ, რომ საბავშვო ბაღში არასოდეს უვლიათ.
„ძალიან რთული იყო ჩემთვის ბავშვების ყოველდღიურად ხარაგაულში ჩაყვანა და ამიტომ უფროსი შვილები ბაღში ვერ ვატარე. მესამე შვილი დღეს პირველად საბავშვო ბაღში მივიყვანე და ძალიან მიხარია. მეოთხე შვილი ჯერ პატარაა და გაისად მასაც აქ მოვიყვან“, – ამბობს მაკა ჭინჭარაული.
„საღანძილის თემში შემავალი სოფლების ბავშვები მიიღებენ იმ სიკეთეებს, რაც საბავშვო ბაღს ახლავს თან და სკოლაში მომზადებულები შევლენ, – ამბობს საღანძილის მაჟორიტარი დეპუტატი დავით კიკნაძე, – დიდვაკეში მცხოვრებ მშობლებს სურთ, რომ შვილები საღანძილის საბავშვო ბაღში ატარონ. მათთვის მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას ვფიქრობთ. ზარან-საღანძილედან თხუთმეტამდე სკოლამდელი ხარაგაულის საბავშვო ბაღში დადის, მომავალ სასწავლო წელს, სავარაუდოდ, ეს ბავშვებიც აქ გააგრძელებენ სწავლას“.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი იმედოვნებს, რომ გაერთიანებაში შემავალი, რიგით 21-ე – საღანძილის საბავშვო ბაღში, მომავალ წელს მეორე ჯგუფის გახსნა იქნება საჭირო.
ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღი 50 წლის წინანდელ, ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებდა. გარდა იმისა, რომ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი არასათანადო პირობებში მიმდინარეობდა, ფართის სიმცირის გამო, ყველა სკოლამდელის მიღებას ვერ ახერხებდნენ. მას შემდეგ, რაც ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღის პრობლემა მოგვარდა, დღის წესრიგში ხუნევის ბაღისთვის ახალი შენობის აგების საკითხი დადგა.
რამდენად არის შესაძლებელი, რომ ხუნევის საბავშვო ბაღის შენობაც მგფ-ის დაფინანსებით აიგოს, – ამ საკითხზე მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორს გიორგი შენგელიასა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს კობა ლურსმანაშვილს მივმართეთ.
„პროგრამა, რომელიც მცირე მოცულობის, 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობას ითვალისწინებდა, 2019 წელს დავიწყეთ, – ამბობს გიორგი შენგელია, – პროგრამა მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და ამისათვის 27,5 მილიონი ლარია გამოყოფილი. 31 საბავშვო ბაღიდან ოთხი უკვე დასრულდა და 27 საბავშვო ბაღის დასრულება, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერიოდულად მოხდება.
სამწუხაროდ, ამ პროგრამისთვის გამოყოფილი თანხები ამოიწურა. სამომავლოდ, გვესმის, რომ ძალიან ბევრია განსახორციელებელი, თუმცა ვაპირებთ შედარებით დიდი ზომის 100-150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების შენობების აშენებას, რაც უკვე დონორული დაფინანსებით განხორციელდება. საქართველოში 25 ასეთი ბაღი აიგება.
პანდემიის გამო პროექტების დაფინანსება და შესაბამისად, მშენებლობა შეფერხდა. ფონდის აქტივობა, პირველ რიგში, უკვე არსებული პროექტების მიმართულებით განხორციელდება“, – ამბობს გიორგი შენგელია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ ხუნევში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა.
„მაჟორიტარ დეპუტატთან, პაატა კვიჟინაძესთან, ერთად ხარაგაულის თვითმმართველობა მაქსიმალურად ვართ მონდომებული, რომ ხუნევში ახალი ბაღი აშენდეს. უახლოეს ხანში მივმართავთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდს და დარწმუნებული ვარ, ხუნევს ახალი საბავშვო ბაღი ექნება.
ამისათვის მიმდინარე წელს უნდა მოვიძიოთ დაფინანსება, შევქმნათ პროექტი და ხარჯთაღრიცხვა. წლის ბოლოს დაზოგილი თანხების ხარჯზე შესაძლებელი იქნება მუნიციპალური განვითარების ფონთან შედეგის მიღწევა. ვფიქრობ, 2022 წელს ხუნევში ახალი საბავშვო ბაღი უნდა ავაშენოთ.
საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, ძირითადად, მუნიციპალური განვითარების ფონდი მუშაობს. 2022 წელი ამ ფონდისთვის ჯერ დაგეგმილი არ არის. ყველაფერი შესაძლებელია მაშინ, როცა იგეგმება“, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი.
თამთა გოგოლაძე
ასევე დაგაინტერესებთ
ხარაგაულის მერი ხუნევის ბაღის ახალ შენობას 2022 წლისთვის გვპირდება
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის