რამდენად უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის ის არასასურსათო პროდუქცია, რომელსაც სისტემატურად მოვიხმართ.

არასასურსათო პროდუქციის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლის ზოგადი მდგომარეობის მიმოხილვასა და გამოწვევების განხილვას უკავშირდებოდა დღეს ხარაგაულში გამართული შეხვედრა.

ეს შეხვედრა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ იყო ორგანიზებული. ორგანიზაცია, სხვა საკითხებთან ერთად, 2010 წლიდან მომხმარებელთა უფლებების დაცვის სისტემის შექმნის ხელშეწყობისთვის მუშაობს. 

„არასასურსათო პროდუქციასთან შეიძლება დაკავშირებული იყოს მექანიკური, ელექტრული, ჰიგიენური თუ ქიმიური საფრთხე. ბევრი პროდუქტი სხვადასხვა ქიმიურ მასალას, საღებავს ან ისეთ დანამატს შეიცავს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია. თუ ნივთიერების შემცველობა დაშვებულ ზღვარს აჭარბებს, ეს უკვე საფრთხეა“, – ამბობს მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორი ვახტანგ კობალაძე.  

საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების კონტროლს არასასურსათო პროდუქციიდან ავტომობილები, ტრანსპორტი, სამშენებლო ლიფტები, საბაგიროები, სამშენებლო მასალები, შენობები, სანთებელები და მედიკამენტები ექვემდებარება.

თუმცა, ჯერჯერობით, საქართველოში არ არსებობს მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც ბაზარზე სათამაშოების, მანქანა-დანადგარი მოწყობილობების, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, საყოფაცხოვრებო ქიმიის შემცველობას შეისწავლის და დარღვევების შემთხვევაში პროდუქციას ქსელიდან ამოიღებს. 

ვახტანგ კობალაძის განცხადებით, ასოცირების შეთანხმების თანახმად, 2021-2022 წლისთვის დაგეგმილია ნორმატიული აქტების მიღება, რომლის საფუძველზეც არასასურსათო პროდუქციის გარკვეული ნაწილი სახელმწიფო კონტროლს საბაჟოზე და ქვეყნის შიგნითაც დაექვემდებარება. 

„გარანტიას ვერ ვხედავთ, რომ ეს აქტები აუცილებლად ამოქმედდება, რადგან ვალდებულებების „გადავადების“ ბევრი შემთხვევა გვაქვს, – ამბობს ვახტანგ კობალაძე.

მისივე ინფორმაციით, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა 2016 წლიდან სხვადასხვა არასასურსათო პროდუქციის ნიმუშები შეისყიდა და მათი ლაბორატორიული შემოწმება დაიწყო.

44 შემოწმებული სათამაშოდან 21 მათგანი ბავშვის ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდა. მათში ლაბორატორიულად აღმოაჩინეს ნივთიერება ფტალატები, რომელიც პლასტმასის დამარბილებელია. მისი შემცველობა ევროკავშირში დაწესებულ ნორმებს ბევრად აღემატებოდა. ფტალატები განსაკუთრებით საშიშია, რადგან ბავშვის რეპროდუქციული სისტემის განვითარებას აფერხებს და თირკმელებს აზიანებს. 

ასევე შემოწმდა კოსმეტიკა და პარფიუმერია. ხუთ ნიმუშში აღმოჩნდა პარაბინები და ფორმალდეჰიდი, რომელთა ზღვრული შემცველობა დაშვებულ ზღვარს ბევრად აჭარბებდა. ეს ნივთიერებები აზიანებს ადამიანის ენდოკრინულ სისტემას, ნერვულ და იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს სიმსივნისა და ასთმის განვითარებას; იწვევს სუნთქვის გართულებას, კანისა და თვალების გაღიზიანებას.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ყველაზე სავალალო შედეგი ბიჟუტერიის შემოწმებისას დაფიქსირდა. 29 ნიმუშიდან 12 მათგანში ტყვია ან კადმიუმი, ან ორივე ერთად აღმოჩნდა. ამ ნივთიერებებს ადამიანის ტვინის, თირკმელების, ღვიძლის, გულსისხლძარღვთა და რეპროდუქციული სისტემის დაზიანება შეუძლია. 

ვახტანგ კობალაძემ შეხვედრაზე მოწვეულ ხარაგაულელებს ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის გამოცდილებაც გაუზიარა. ევროკავშირში უკვე არსებობს შესაბამისი სტრუქტურა და ვებგვერდი, რომელიც ბაზარზე შემოსულ არასასურსათო პროდუქციას ამოწმებს და ქსელიდან იღებს. ამ შემოწმების საფუძველზე გამოვლინდა მავნე ნივთიერების შემცველობა თმის ხნაში, ბავშვთა სათამაშო გასაბერ ბუშტებში – ე.წ. „ტყლარწში“.

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი არასასურსათო პროდუქციის გამოკვლევის შედეგებს მაღაზიებსა და სახელმწიფო უწყებებს აწვდის. თუმცა მთავრობას საფრთხისშემცველი პროდუქციის ბაზრიდან ამოღება არავისთვის დაუვალებია. 

„ეს ხდება იმიტომ, რომ დარღვევების უმრავლესობა ჩვენთან დარღვევად არ ითვლება და ეს პარადოქსულია“, – ამბობს ვახტანგ კობალაძე. 

მისივე თქმით, სანამ დაავადება დაგვემართება, ჯანმრთელობის დაცვას მანამდე უნდა ვეცადოთ. ნებისმიერი პროდუქცია, რომელიც მაღაზიაში იყიდება, უვნებელი უნდა იყოს და ეს ადამიანის ელემენტარული უფლებაა. 

ვახტანგ კობალაძის განმარტებით, პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებელია საზოგადოების გაერთიანება, რომ ხელისუფლებამ შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს.

დაინტერესებულ პირებს არასასურსათო პროდუქციის შესახებ ახალი კვლევებისა და მონაცემების გაცნობა სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამს ფარგლებში შექმნილ ვებგვერდზე momxmarebeli.ge შეგიძლიათ.

თამარ ჩხიკვაძე