საჯარო და კერძო საბავშვო ბაღებმა საქართველოში 28 ნოემბრიდან გამოცხადებული შეზღუდვების შემდეგ ფუნქციონირება შეაჩერეს.
თვეებია საბავშვო ბაღებში ბავშვების ჟრიამულის ხმა აღარ ისმის. ძალიან უჭირთ ბავშვებსაც და მათ მშობლებსაც. მშობლები ითვალისწინებენ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას, მაგრამ აღნიშნავენ, რომ თუ სკოლები გაიხსნა და ეს არ ქმნის საფრთხეს, მაშინ არც საბავშვო ბაღების გახსნა დაამძიმებს ეპიდსუტუაციას.
„საჯარო სამსახურში ვმუშაობ და ჩემი სამსახურში ყოფნა აუცილებელია. იმის გამო, რომ მცირეწლოვან შვილს ვერ ვტოვებ, მიწევენ ანგარიშს და საქმიანობას დისტანციური რეჟიმით ვაგრძელებ,“- ამბობს თამუნა გიორგობიანი, – მაქსიმალურად ვცდილობ, შვილს ყურადღება არ მოვაკლო. თამაშობს უფროს ძმებთან, მაგრამ თავის ტოლებთან ურთიერთობას, ვფიქრობ, ვერავინ შეუცვლის.
არ ვიცი რამდენად ბევრის მომცემია, მაგრამ კვირაში ორჯერ აღმზრდელი დისტანციურად გვერთვება და ბავშვებს სხვადასხვა აქტივობებს აკეთებინებს. მეც ხშირად ვუკითხავ ზღაპრებს, ვასწავლი ლექსებს. უკვე ჩემთვისაც დისკომფორტია ამდენი ხნით სახლში ყოფნა და დისტანციურად მუშაობა“.
ნინო მღებრიშვილის ორი შვილი საბავშვო ბაღი აღსაზრდელია. ნინოს სამსახურში სიარული უწევს, ამიტომ შვილებს ტოვებს მეუღლესთან, რომელიც სახლიდან მუშაობს. ოჯახი, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ძიძის აყვანას ვერ ახერხებს. ნინო თვლის, რომ სკოლების გახსნის პარალელურად საბავშვო ბაღებიც უნდა ამოქმედებულიყო.
„მესმის, რომ შეზღუდვა ეპიდვითარების დასასტაბილურებლად არის მიღებული, მაგრამ რატომ ფიქრობენ, რომ თითქოს საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სკოლის მოსწავლეებზე ნაკლებად ზარალდებიან, – ამბობს ნინო მღებრიშვილი, – სახლში ჩაკეტვით პატარები კიდევ უფრო მეტ სტრესს იღებენ. ვცდილობთ შვილებს მეტი დრო დავუთმოთ – დაგვყავს სოფელში, რათა გარემო გამოიცვალონ. ვაძლევთ უფლებას, რომ ეზოში ჩავიდნენ და სხვა ბავშვებთან ითამაშონ, რადგან ვირუსის გადაცემის რისკი ღია სივრცეში ნაკლებია“.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების სასწავლო პროგრამების კოორდინატორის, თამარ ავალიშვილის თქმით, თუ საბავშვო ბაღებში სწავლა პირველი მარტიდან არ განახლდა, სასკოლო მზაობის ბავშვებისთვის შეიძლება გაიხსნას ჯგუფები, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა.
„ის ბავშვები, რომლებიც წელს სკოლაში მიდიან, ყველაზე მეტად დაზარალდნენ, – ამბობს თამარ ავალიშვილი, – წინა წელი ისე გავიდა, რომ სასკოლო მზაობის პროგრამა ვერ გაიარეს. წელს ხომ საერთოდ ვერაფერი მოვასწარით. სამი თვე დარჩა სწავლის დასრულებამდე. გვინდა, რომ ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენოთ და მათ ალტერნატიული სასწავლო ფორმა შევთავაზოთ.
თუ მარტიდან არ დაიწყება საბავშვო ბაღებში სწავლა, მხოლოდ სასკოლო მზაობის ბავშვებისთვის მაინც უნდა გავხსნათ ჯგუფები. ჩვენ ყოველ წელს ძალიან კარგად მომზადებულ ბავშვებს ვუშვებთ სკოლაში“.
თამარ ავალიშვილი ამბობს, რომ ბავშვებს ძალიან მოენატრათ საბავშვო ბაღში სიარული. მათთვისაც გაუსაძლისია ის სიჩუმე, რომელმაც უკვე თვეებია ბავშვების ჟრიამული ჩაანაცვლა.
„მე, როგორც ამ სფეროს მეთოდისტი, ვგრძნობ, რომ ბავშვებში ურთიერთობების დეფიციტი გაჩნდა, – ამბობს თამარ ავალიშვილი, – მათი ემოციური სფერო გახდა ძნელად სამართავი. ბავშვებში გაღიზიანება იგრძნობა. ახლა მათ ყველაზე მეტად მშობლების ყურადღება სჭირდებათ. ყველა საქმე უნდა გადავდოთ და ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ. აღმზრდელებმა შეძლებისდაგვარად გაართვეს თავი დისტანციურ სწავლებას – ბავშვებს ძალიან საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.“
ლიკა ხიჯაკაძე
ასევე დაგაინტერესებთ:
ბავშვის სოციალურ-ემოციური ქცევის განვითარება ვიდეო გაკვეთილებით შეუძლებელია – ოლგა მუსხელიშვილი
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება აღსაზრდელების მისაღებად ემზადება
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი