პროექტის „მშობლობა პანდემიის დროს“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ მიერ ვებინარი გაიმართა, რომელიც მოზარდ შვილებთან მშობლების სწორ კომუნიკაციას მიეძღვნა.
მოზარდს როგორ ავუმაღლოთ თვითშეფასება; რამდენად პრობლემაა, როცა მოზარდს შეცდომის დაშვების ეშინია; როგორ უნდა მოვაგვაროთ ეკრანდამოკიდებულების პრობლემა მოზარდებში და როგორ უნდა იურთიერთოს მშობელმა მოზარდ და მცირეწლოვან შვილებთან, – ამ საინტერესო თემებზე ფსიქოლოგი მაია ცირამუა გვესაუბრება:
– როგორ ავუმაღლოთ მოზარდს თვითშეფასება?
– თვითშეფასების ჩამოყალიბება ადამიანში ჩვილობის ასაკიდან იწყება. ბავშვი როცა უკვე მოძრაობას, გარე სამყაროსთან კომუნიკაციას იწყებს, საჭიროა, ის ენდოს საკუთარ თავს.
ხშირად მშობლებს გვაქვს ირაციონალური შიშები,- „არ მიხვიდე“, „ხელი არ მოკიდო“, – ამით ბავშვის თვითშეფასების განვითარებას, გარკვეულწილად, ხელს ვუშლით.
წარმოვიდგინოთ, რომ ბავშვი რაღაცას ეპოტინება – უნდა, რომ ავიდეს. ამ დროს მშობელმა კარგი შუქნიშნის როლი უნდა ითამაშოს. იქ სადაც „წითელია“ – ანუ, საშიშია – გამოჰყავს ბავშვი ამ სიტუაციიდან. თუმცა, სადაც საფრთხე არ არის, მშობელმა ბავშვს თავისუფალი მოძრაობის საშუალება უნდა მისცეს, რომ მან საკუთარი უნარები გამოსცადოს.
აძვრა, დაჯდა, მოკალათდა, – ეს ხშირად დაახლოებით ისეთი ტიპის განცდაა, როგორიც ევერესტის დაპყრობაა; რაც უფრო მეტ ასეთი განცდების შესაძლებლობას ვაძლევთ ბავშვს, ჩვენი კარგი „შუქნიშნობით“, მით უფრო მყარი „მე“ იწყებს ჩამოყალიბებას.
ძალიან ცუდად მუშაობს შენიშვნები, ბავშვთან ურთიერთობის დროს აქცენტი უნდა გავაკეთოთ პოზიტიურზე; ისეთ რამეზე, რაც ბავშვს კარგად გამოსდის.
მოზარდობის ასაკი საკუთარი კომპეტენციების ძიების ასაკია, ანუ „მე ვარ ის, რაც მე შემიძლია“. დაბალი თვითშეფასების მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, არის ის, რომ ბავშვს ძალიან ბევრი ამოცანა აქვს დასახული. ბევრ სფეროში უნდა იყოს წარმატებული – სპორტი, მუსიკა, უცხო ენა – და ბავშვი ამას ემოციურად ვერ უმკლავდება, ვეღარ ახერხებს და ხშირად ამას იმედგაცრუება მოჰყვება. ეს კი თვითშეფასებაზე უარყოფითად აისახება.
თუ თქვენ ხედავთ, რომ მოზარდობის ასაკში თვითშეფასება ძალიან დაბალია, აქვს ძალიან მაღალი შფოთვა, უჭირს რაღაც აქტივობების გაკეთება, რცხვენია, უარს ამბობს აქტივობებში ჩართვაზე, – ამ დროს სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა მნიშვნელოვანია.
– რამდენად პრობლემაა, როცა მოზარდს შეცდომის დაშვების ეშინია?
– ხშირად ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელიც მერე დიდობაშიც მიჰყვებათ ხოლმე და წარუმატებლობის შიშით ცხოვრობენ.
რას გვეუბნება ბავშვის ქცევა? – მას აქვს წარუმატებლობის, კრიტიკის შიში. შესაძლოა, ეს მშობლისგან არ მოდიოდეს, მაგრამ ირგვლივ ასეთი გარემოა. ჩვენ სულ ვეჯიბრებით ერთმანეთს. ეს ხშირად სპეციალისტის სამუშაოა. ძალიან რთულია ამ პრობლემაზე ზოგადად საუბარი. თითოეულ ბავშვს ინდივიდუალური ბიოგრაფია აქვს და მიდგომებიც ინდივიდუალური სჭირდება.
ხშირად ბავშვი იმდენად უნარიანია, რომ ერთი წაკითხვით სწავლობს, მაგრამ ის ათჯერ კითხულობს და ამდენივეჯერ ჰყვება. ამ საქციელით ის საკუთარ თავში შიშის ჩახშობას ცდილობს. იმდენად ეშინია კრიტიკისა და დამცირების, რომ მისთვის მეცადინეობა აუცილებელ რიტუალადაა ქცეული.
შესანიშნავი შედარებაა და საკმაოდ აქტუალური: როდესაც დედას ჩვილი უჭირავს, ან ძუძუს აწოვებს, ჩვილი უყურებს დედის სახეს, როგორც სარკეს. ამ სარკეში ბავშვი საკუთარ თავს ეძებს, მაგრამ ხშირად საკუთარი თავის ნაცვლად ხედავს მშობლის შიშებს, ტკივილებს, სურვილებს და ზუსტად აი, ამ პროცესში შეიძლება, მან დაკარგოს თავისი ჭეშმარიტი „მე“ და დაიწყოს იმ პროგრამის შესრულება, რასაც მშობელი უკვეთავს თავის შვილს. ხშირ შემთხვევეში შეიძლება შეკვეთის „ავტორი“ მშობელი არ იყოს, მაგრამ სამყარო აკეთებს ამას.
– მოზარდი როცა მიჯაჭვულია ელექტრონულ მოწყობილობებს, ასეთ დროს როგორი შეიძლება იყოს მშობლის კომუნიკაცია, შედეგის მისაღებად?
– ონლაინ სივრცე, ისე, როგორც არასდროს, ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გახდა. „ონლაინ“ არის მეგობართან კავშირი, შეხვედრებში მონაწილეობა, სწავლაც კი. ამიტომ ეკრანდამოკიდებულება, გარკვეულწილად, ცხოვრების ნორმად იქცა.
ეკრანდამოკიდებულება ბავშვის ცხოვრებაში ზედმეტადაა შემოჭრილი და როცა ამის გამო გარკვეული პრობლემები იჩენს თავს, ტელეფონის წართმევა, ინტერნეტის გათიშვა, ან კომპიუტერის გამორთვა ფუჭად დახარჯული დროა.
ამ დროს შეთანხმებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ბავშვთან იმაზე ერთად საუბარს, თუ რა რისკებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული; არა ნოტაციების კითხვით, არა მუქარით, არამედ ძალიან საქმიანი და თანამშრომლობითი საუბრით.
ინტერნეტდამოკიდებულება, როგორც ვიცით, დიდ საფრთხეებთან არის დაკავშირებული. ამიტომ 8 წლის ასაკიდან აუცილებელია ბავშვის ინფორმირებულობა ამ საფრთხეების შესახებ.
ბავშვებს არ უყვართ დაკისრებული და თავსმოხვეული ვალდებულებები. მათ უყვართ მინიჭებული პასუხისმგებლობები, წესები, რომლებიც მათთან ერთად თანაბარ სიტუაციებში შეთანხმებისა და მისი აზრის გათვალისწინებით შემუშავდა.
გამოსავალი არის ისევ და ისევ ბავშვთან გულწრფელ დიალოგში, მის მოსმენაში, მისი ტკივილების საჭიროებების გაგებაში, რისკებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებაში და გარკვეული ალტერნატივების შეთავაზებებში.
– როგორი უნდა იყოს მოზარდის დამოკიდებულება უმცროს და-ძმებთან და როგორი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს მშობელს?
– უმცროსი და-ძმის გაჩენის შემდეგ ბავშვი პირველობისა და „ერთადერთობის გვირგვინს“ კარგავს. ეს მასში დიდ განცდებს იწვევს. ამ შემთხვევაშიც, მისთვის გასაგები ენით საუბარი ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია.
„შენ უფროსი ხარ და დაუთმე“, „მეტი მოგეთხოვება“ – ეს საკმაოდ დიდი ტვირთია ბავშვისთვის და დედმამიშვილებს შორის ურთიერთობას აფუჭებს. დაუშვებელია შვილების შედარება, და აუცილებელია, ჩვენი თითოეული ქცევის კონტროლი დედმამიშვილებთან ურთიერთობის დროს.
ბავშვი როდესაც მოდის და რაღაცას გვეკითხება, ჩვენ კი ამ დროს ძალიან დაკავებულები ვართ და ყურადღებას ვერ ვაქცევთ – „კარგი, რა, მაცადე“- აი, ეს თითქოს ერთი შეხედვით უწყინარი „კომუნიკაცია“, ბავშვმა შეიძლება წაიკითხოს, როგორც მისდამი უსიყვარულობა.
ხშირაც მშობლები უსამართლო „მოსამართლეები“ვართ. „სამართალი“ უმცროსის მხარესაა გადაწეული და ეს კონფლიქტს აღვივებს.
ხშირად დედმამიშვილები ერთმანეთის მიმართ ცუდ სიტყვებს იყენებენ. ამაში დიდი გავლენა საზოგადოებას აქვს. ბავშვი რასაც ხედავს, როგორც ურთიერთობენ მოზრდილები, ოჯახის წევრები ერთმანეთთან, სწორედ იმასვე იმეორებს. ჩვენ ბავშვებისთვის როლური მოდელები ვართ. ეს არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ.
თამთა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი