ხარაგაულის ახალარჩეული მერი კობა ლურსმანაშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 24 ნოემბრიდან შეუდგა. რა გეგმები აქვს, რამდენად არის მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები, – ამ და ჩვენი მკითხველებისგან მოწოდებულ სხვა შეკითხვებზე კობა ლურსმანაშვილს ვესაუბრეთ.

მიუხედავად იმისა, რომ გზების რეაბილიტაცია ხელისუფლების პრიორიტეტია, ხარაგაულში სასოფლო გზები ჯერ კიდევ მისახედია.

ლეღვნელი ლია სარალიძე გვწერს, რომ ქვიანთის უბანში კომუნისტების შემდეგ წესიერი გზა არ ღირსებიათ. ზვარელი მაია ტაბატაძე, ბეჟათუბნელი გურამ კაკიაშვილი, დეისელი ლევან ლეჟავა, ღუდუმექეთელი მამუკა მეიფარიანი და სხვები სასოფლო გზების კეთილმოწყობას ითხოვენ.

ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ გასულ წლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული პრობლემები მეტ-ნაკლებად აღმოფხვრილია. მათ შორის, ათი გაჭიანურებული პროექტის მშენებელი ორგანიზაცია ტენდერით გამოვლენილია და გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხუთ გაჭიანურებულ პროექტზე ტენდერები უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ოთხ ახალ, მოსახლეობისგან მოთხოვნად პროექტზე, ტენდერი გამოცხადებულია.

კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ 6 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის პრიორიტეტია და იმედოვნებს, რომ მაქსიმალურად დიდ თანხას წამოიღებენ ხარაგაულისთვის, თუ ხელისშემშლელი არ აღმოჩნდა სამინისტროს პრინციპი – ვინც მეტს ითვისებს, მეტი შეხვდება.

„გასულ წლებში ჩავარდნილი პროექტების ფონზე ჩვენ მოგვიწევს დავასაბუთოთ და დავამტკიცოთ, რომ მერია ორგანიზებულად იმუშავებს; იქნება იმის გარანტიები, რომ ხარაგაულისთვის გამოყოფილ თანხებს ავითვისებთ და პროექტები არ ჩავარდება, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – მერიაში მომუშავე გუნდმა ხარაგაულის გამგებლად ჩემი მუშაობის პერიოდში (2013-2016 წლებში) შეძლო და ამ გამოწვევას უპასუხა. მას შემდეგ დიდი საკადრო ცვლილებები არ ყოფილა, გარდა იმ მიმართულებებისა, სადაც პრობლემები გაჩნდა – ეს იყო ზედამხედველობა, კეთილმოწყობა-ინფრასტრუქტურა, ქონების მართვა.

სიტუაციამ მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ კადრები, რომლებიც აქ მუშაობენ, მათი კვალიფიკაციის მიხედვით, გადასახედია. თუმცა, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების უფროსებმა, კარგა ხანია, თანამდებობები დატოვეს. ქონების მართვის სამსახურის უფროსს განცხადება დაწერილი აქვს და უფლებამოსილება ნოემბრის ბოლოს შეუწყდება.

ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად განკუთვნილი იმ ფინანსების კონტროლი, რომელიც ჩვენამდე მოდის და რომელზე ზედამხედველობასაც პირდაპირი წესით ხარაგაულის მერია არ ახორციელებს“.

 

მოსალოდნელია თუ არა საკადრო ცვლილებები

ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი მერიის სამსახურებში საკადრო ცვლილებებს აპირებს. ორი მოადგილის ნაცვლად სამი მოადგილე ეყოლება, – ერთი მოადგილე ინფრასტრუქტურას უხელმძღვანელებს, მეორე – ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებებს, პირველ მოადგილეს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხების მართვა დაევალება.

კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ მისი გამგებლობის პერიოდში სამი მოადგილით მუშაობა ეფექტური იყო და „ამაზე იმდროინდელი ციფრები მეტყველებს. ზოგიერთი თანამშრომლის გამოცდილება და კვალიფიკაცია, შესაძლებელია, სხვაგან უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე იქ, სადაც ახლა არიან. ამიტომ არ გამოვრიცხავ თანამშრომელთა შიდა გადაადგილებას; მათ შორის – სამსახურის ხელმძღვანელების ცვლილებას“.

პირველი მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე 27 ნოემბრიდან ვარლამ ჭიპაშვილი დაინიშნა; 7 დეკემბრიდან მერის თანაშემწედ – ჟანა ნემსაძე. მერიის ახალი სტრუქტურა საკრებულოს დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში წარედგინება.

მერიის სამსახურების „გადახალისების“ პროცესი, სავარაუდოდ, 2,5-3 თვე გაგრძელდება, – საკრებულოს თანხმობიდან მინიმუმ ერთთვიანი ვადა თანამშრომელთა გასაფრთხილებლად დასჭირდებათ, ხოლო შემდგომ კონკრეტულ თანამდებობებზე კონკურსები გამოცხადდება.

კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ „თანამდებობებზე დანიშვნის დროს პრიორიტეტი სანდოობას, პროფესიონალიზმს, გამოცდილებასა და მუშაობის შედეგებს მიენიჭება. თუ საკრებულო მერიის რომელიმე თანამშრომელს ან მაღალი თანამდებობის პირს უარყოფითად აფასებს და ამაზე რეაგირება არ ხდება, ეს არის კატასტროფა.

პროფესიონალური კუთხით მიდგომები ასევე უნდა გამკაცრდეს და დაიხვეწოს ააიპ-ებში. უნდა გაიზომოს იქ დასაქმებული ადამიანების კვალიფიციურობა და კონკრეტულ თანამდებობებთან შესაბამისობა. თანაბრობის პრინციპი და ობიექტურობა დაცული იქნება. შესაძლებელია, მერიის კადრი კონკრეტულ პროფილურ მიმართულებას ვერ აკმაყოფილებდეს, მაგრამ ააიპ-ში პროდუქტიული იყოს. შევეცდებით, თვითონ მათ დავანახოთ, რამდენად მზად არიან, აწიონ ის ტვირთი, რასაც ჩვენ მათგან ვითხოვთ“.

 

მოსახლეობა სოფლებში გაზიფიცირების დაჩქარებას ითხოვს

„გაზი ყველა სოფელში როდის იქნება“, – კითხულობს „ჩემი ხარაგაულის“ მკითხველი თამუნა ვეფხვაძე. „ლახუნდარაში თუ იგეგმება გაზიფიცირება“, – აინტერესებს მაია გოგიშვილს. „ახალარჩეული მერი დიდვაკეში გაზიფიცირების საკითხს როგორ მოაგვარებს? მხოლოდ სიმართლე უნდა გვიპასუხოს“, – ამბობს თეიმურაზ ბერაძე. „გაზის შემოყვანა ღორეშაში დაგეგმილია თუ არა, – აინტერესებს ნანა მეტრეველს.

ამასთან დაკავშირებით კობა ლურსმანაშვილი განმარტავს, რომ პარლამენტში მისი საქმიანობის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით წელიწადში გაზიფიცირებისთვის გამოყოფილი თანხა 20 მლნ ლარიდან 50 მლნ ლარამდე გაიზარდა და დღეს კიდევ მეტადაა გაზრდილი.

ვარძიაში ცენტრალური გაზსადენის მშენებლობა სრულდება, ფარცხნალში, კიცხსა და ლაშეში მომხმარებელთა ჩართვის პროცესია დაწყებული. მთავრობის განკარგულებით, 2020-2023 წლების გაზიფიცირების გეგმაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან 6 სოფელია განსაზღვრული – ღარიხევი, ქროლი, წიფი, ღუდუმექეთი, ლაშის იგორეთი და კიცხის იგორეთი.

კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ ამ მოცემულობით დაკმაყოფილებას არ აპირებს და პარლამენტარ პაატა კვიჟინაძესთან ერთად სხვა სოფლებზე ზრუნვასაც გეგმავს.

„თუმცა, გაზიფიცირება ნახტომისებურად ვერ მოხდება, სოფლის პირად მისული გაზიფიცირების შესაძლებლობა ვერ დაკონსერვდება; ანუ, პირველ რიგში ის სოფლები გაზიფიცირდება, სადამდეც ბუნებრივი აირის მაგისტრალი მიყვანილია.

მაქსიმალურად ყურადღებას დავუთმობთ, რომ ჩხერიმელას ხეობა – საღანძილედან წიფის ჩათვლით, ასევე ღორეშისა და ძირულას ხეობის მიმართულებით სოფლები იყოს გაზიფიცირებული. თუმცა ეს ერთ და ორ წელიწადში ვერ მოხერხდება, არა თანხების უქონლობის, არამედ პროფესიონალი კადრების დეფიციტის გამო“, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი.

 

როგორ უნდა დაუბრუნდნენ ახალგაზრდები ხარაგაულს

„ხარაგაულის მერი როგორ შეუწყობს ხელს, რომ ახალგაზრდობა რაიონს დაუბრუნდეს და არსებობის საშუალება სხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში არ ეძებოს? თვითმმართველობას რისი გაკეთება შეუძლია მუდმივი სამუშაო ადგილების გასაჩენად“? – აინტერესებს „ჩემი ხარაგაულის“ მკითხველს ია კამკამიძეს.

– თვითმმართველობას ბიზნესზე ხელისშეწყობა შეუძლია, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – ხარაგაულში ბიზნესჯგუფი შემოვიდა ქროლში არსებულ ბუნებრივ რესურსზე ლიცენზიის მისაღებად და მინის საწარმოს ასამოქმედებლად. ასეთი კომპანიები მუნიციპალიტეტისთვის ფინანსურად მომგებიანია და რაც მთავარია, ხანგრძლივად დასაქმების შესაძლებლობას აჩენს.

სამწუხაროდ, ეს პროცესი სატყეო სააგენტომ  შეაჩერა, რადგან ტერიტორიის ნაწილი – ბუჩქნარი – მათია. ასეთ შემთხვევებში თვითმმართველობის დამოკიდებულება გადამწყვეტი უნდა იყოს. ქროლში მინის საწარმოს ამოქმედების თემას სააგენტოსთან, სამინისტროსთან და მთავრობასთან ერთად განვიხილავთ.

სწორედ ასეთი პროექტები მოგვცემენ იმის შესაძლებლობას, რომ ადამიანებს მდგრადი სამსახური გაუჩნდეთ. თუ სტაბილურობის განცდა არ აქვს, ისე ადამიანი ხარაგაულში ვერ გაჩერდება.

ჩვენს საჯარო სამსახურებში, წლებია, კვალიფიციური კადრები მუშაობენ. ნელ-ნელა საჭიროა, რომ მათი ცოდნა ახალგაზრდებს გადაეცეთ. 2,5-3 თვეში რომ კონკურსებს გამოვაცხადებთ, ახალი კადრების მოზიდვა იქნება შესაძლებელი. მივესალმები ჩვენს საჯარო სამსახურებში ახალგაზრდების დასაქმებას.

 

წყალმომარაგება სოფლებში

„ღორეშის პირველ უბანში ისეთი წყლით მარაგიანი ჭა ამოთხარეს, წყლის ნაკადი მილებს ხეთქავს. მილების ცვლამ დაგვღალა“, – გვწერს ნინო ვეფხვაძე.

„გზა, წყალი, დენი, გაზი ყველა სოფელს. დააბრუნეთ ხალხი სოფლებში. დაიქცევა ასე ქვეყანა. რასაც კარგს გააკეთებთ, არ დაიკარგება“, – გვწერს ლევან კიკნაძე.

ხარაგაულის, საღანძილისა და დიდვაკის მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის ლეღვნის წყალსადენის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება სოფლებს, ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ „ამ მიმართულებით მასშტაბური აზროვნებაა საჭირო, 600-800 ან 4 ათას მეტრიანი წყლის სადენ მილებზე აწყობილი კუსტარული სისტემების მოწყობის ნაცვლად.

„უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ როგორც პატარა ხარაგაულში ვაკეთებთ წყლის დიდ რეზერვუარებს და ვქმნით რესურსს, რომ მოსახლეობას წყალი ცენტრალიზებულად მივაწოდოთ, ასეთივე შეიძლება საქარიქედის, ხიდრის მიმართულებით გაკეთდეს. ერთი ასეთი წყლის ცენტრალიზებული სისტემა კიცხის ზონის მოსახლეობას დააკმაყოფილებდა.

ასევე შეგვიძლია ვიფიქროთ ღორეშის, წიფის, ასევე სხვა მიმართულებებითაც. მომხრე ვარ, რომ გაუმჯობესებული, გლობალური, – რაც მთავარია, თანამედროვე სისტემები გავაკეთოთ და ამისთვის მეტი თანხები დავხარჯოთ“.

 

როდის ეღირსებათ ხარაგაულელ ბავშვებს ნორმალური გასართობი პარკი?

ამ შეკითხვაზე კობა ლურსმანაშვილი გვპასუხობს, რომ ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის კეთილმოწყობა, შესაძლებელია, მომავალ წელს მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით მოხერხდეს.

მისივე ინფორმაციით, მგფ-თან უკვე შეთანხმებულია ბაზალეთის ხიდიდან ცენტრალურ საავტომობილო გზამდე არსებული ერთ კილომეტრამდე სიგრძის ავარიული გზის რეაბილიტაცია.

ხარაგაულის მერი გზის დარჩენილი მონაკვეთის აღდგენას, – ხარაგაულის ავტოსადგურიდან ბაზალეთის შესახვევამდე, – 2021 წლისთვის ან მგფ-დან, ან მუნიციპალიტეტის შიდა შესაძლებლობებით, ან დამატებით სხვა რომელიმე ფონდიდან აპირებს.

 

რა იქნება ხარაგაულის 2021 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები

პირველ რიგში, ჯანდაცვა და სოციალური პროგრამები – ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ ამ მიმართულებით, ჯამურად, არანაკლებ ერთი მილიონი ლარი უნდა გაიხარჯოს. აქ იგულისხმება არა მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოქალაქეზე გასაცემი ერთჯერადი შემწეობის თანხა, არამედ ოპერაციების თანადაფინანსება, მძიმე საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად პროგრამები და ა.შ.

კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ მოქალაქეებზე გასაცემი თანხების ზედა ზღვრები უნდა გაიზარდოს და ამ მიმართულებით თანხები ბიუჯეტში მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული.

ხარაგაულის მერი ამბობს, რომ სამსახურების ხელმძღვანელებთან ახალგაზრდობის ინტერესების შესაბამისი კარგი იდეების დაფინანსებას აპირებს, შესაძლოა, – კონკურსის ფორმით.

მთაგორიანი და მწირმიწიანი ხარაგაულის სოფლებში მცხოვრები ფერმერები, სოფლის მეურნეობის განსავითარებლად, ზოგიერთ შემთხვევებში, სახელმწიფო პროგრამებში ჩართვას ვერ ახერხებენ; მაგალითად, ნიადაგის გამოკვლევა უჭირთ. სწორედ ამიტომ, კობა ლურსმანაშვილს მიაჩნია, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანხა უნდა იყოს გათვალისწინებული იმ ფერმერების მხარდასაჭერად, რომლებსაც სახელმწიფო პროგრამებში ჩასართავად გაძლიერება სჭირდებათ.

 

რამდენად გაითვალისწინებენ აუდიტის რეკომენდაციებს

კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ სწორი პოლიტიკის გასატარებლად სახელმწიფო აუდიტისა და შიდა აუდიტის რეკომენდაციებს გააანალიზებენ.

შეისყიდის თუ არა მუნიციპალიტეტი ამ დრომდე სუბსიდიით დაფინანსებულ მომსახურებებს, – რაც უკეთესი ხარისხისა და თანხის დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა, – ამ შეკითხვაზე ხარაგაულის მერს ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვს. ამის მიზეზად კი შემჭიდროვებულ ვადებს ასახელებს.

თუმცა, ამბობს, რომ „სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს მაქსიმალური კომფორტი სჭირდებათ, ეს მომსახურება მუნიციპალიტეტის მასშტაბით უნდა გაფართოვდეს და პანდემიის პირობებში მომსახურების ფორმები გარდაიქმნას. როგორ და რა სახით მოხდება ეს, გაწეული ხარჯებისა და მიღებული შედეგების დათვლით, ასევე – „სათნოების სახლის“ გუნდის მუშაობის ეფექტურობის გაანალიზებით გადაწყვეტენ.

 

კობა ლურსმანაშვილი პარლამენტიდან „ამბოხებული“ ისევ მარიონეტად დაუბრუნდა ხარაგაულს?

აინტერესებს O.Q. First-ს.

– პარლამენტიდან თვითმმართველობაში დამატებითი ცოდნითა და გამოცდილებით დაბრუნება, ვფიქრობ, ბევრად უკეთესია, ვიდრე ქუჩიდან რომ შემოსულიყო ვიღაც, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რა უნდა გააკეთოს, – გვპასუხობს კობა ლურსმანაშვილი, – მერობის პრეტენზიების მქონე ასი კანდიდატიდან, შესაძლოა, 95-მა ვერ გიპასუხოს, საერთოდ რა არის თვითმმართველობა.

მიმაჩნია, რომ თვითმმართველობაში ყოფნა – ეს არ არის ის, რასაც მე უნდა მოვერიდო. თვითმმართველობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ამიტომ აქ ყოფნა საკმაოდ დიდი პატივია, განსაკუთრებით – არჩეული მერის პოზიციაზე, – რას უწუნებს, არ ვიცი, ეს მოქალაქე. მარიონეტობას რაში ხედავს.

მარიონეტობა იყო მაშინ, როცა ეს პოზიცია დანიშვნითი იყო, – უნდოდათ მოხსნიდნენ, უნდოდათ – დატოვებდნენ. თანამდებობაზე მყოფ ადამიანებს, როგორც სურდათ, ისე ათამაშებდნენ.

დღეს არჩეული მერი არის სრულიად თავისუფალი. იგი პასუხს აგებს ამომრჩევლებისა და ასევე – არჩეული საკრებულოს წინაშე. მას ინიციატივიანობა გამოარჩევს და ამის შესაძლებლობები ყოველთვის აქვს.

ამბიცია მაქვს, რომ ხარაგაული ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუნიციპალიტეტიგავხადო. რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავუბრუნდეთ წარმატებულთა რიგებს.

„მარიონეტი“ ვიქნები, – ვეშლები, ეტყობა, ვიღაცაში ამ შეკითხვის ავტორს, რადგანაც არასოდეს ვყოფილვარ მარიონეტი და არც არასოდეს ვიქნები.

თანამდებობა ნამდვილად არ მიღირს იმად, რომ დღესვე არ შემეძლოს ავდგე და დავტოვო უმტკივნეულოდ ის პოზიცია, რომელიც მიჭირავს.

ჩემთვის გამოწვევა ისაა, რაც მუნიციპალიტეტს სჭირდება რომ გავაკეთო და არა ის, რის გამოც ადამიანები ამბიციებს იკმაყოფილებენ ხოლმე კონკრეტულ სკამზე მოხვედრით.

 

აპირებს თუ არ მომავალ არჩევნებში კენჭისყრას

ამ შეკითხვაზე ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი გვპასუხობს, რომ პოლიტიკური ამბიციების მქონე პირები მოკლევადიან საარჩევნო ბატალიებში არ ერთვებიან მაშინ, როდესაც არსებობს სხვა შესაძლებლობებიც; რომ მან არჩევნების პირველივე ტურში ამომრჩევლისგან მიიღო მეტი მხარდაჭერა, ვიდრე ყველა დანარჩენმა კონკურენტმა ერთად.

„რეიტინგულობის პრობლემა არ არის, მხარდაჭერის პრობლემა არ არის, მომავალი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდამდე დარჩენილი 7-8 თვე მაჩვენებს, რამდენად შევძელი იმ საქმეების ბოლომდე მიყვანა, რომელთა საფუძველის ჩაყრაშიც მონაწილეობა მაქვს მიღებული. რა თქმა უნდა, მაქვს ამბიცია, რომ ამ 7-8 თვეში ბევრი შევძლო. ეს გამოაჩენს და კიდევ ერთხელ დაარწმუნებს ხარაგაულელებს, რომ თუ კაცი მონდომებულია, თუ მას აქვს ამის შესაძლებლობები და უნარები, დაწყებულ საქმეებს ბოლომდე მიიყვანს.

თუ ეს 7-8 თვე წარმატებით გავირე, რა თქმა უნდა, მექნება პოლიტიკაში ყოფნის ამბიცია – იქნება ეს თვითმმართველობის, თუ სხვა დონეებზე.

ასე რომ, ცხადად შემიძლია გითხრათ, – ერთწლიანი გეგმებით არ ვარ პოლიტიკაში. ხარაგაულის მერის პოზიციაზე ჩემი უფლებამოსილება ერთი წლით არის განსაზღვრული, მაგრამ ჩემი პოლიტიკური ხედვები და პოლიტიკური კარიერული არსებობა დროში დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ვახერხებ ვიყო ადეკვატური და მოსახლეობისთვის მისაღები“, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი.

– ბატონო კობა,  მომავალ არჩევნებში, – „ქართული ოცნება“ რომ მმართველი პარტია არ იყოს, – შესაძლებელია, რომ სხვა პარტიის მხარდაჭერით იყაროთ კენჭი?

– სხვა პარტიით? – გამორიცხულია! კობა ლურსმანაშვილმა მომავალ არჩევნებში, გარდა „ქართული ოცნებისა“, რომელიმე პარტიიდან ან კენჭი იყაროს, ან რომელიმე პარტიის მხარდამჭერი გახდეს. მე „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ვარ ხელისუფლებაში. „ქათული ოცნება“ გააგრძელებს ან ჩემს გარეშე პოლიტიკაში საქმიანობას და მე არ ვიქნები მისი მოწინააღმდეგე, ან უფრო მეტიც – „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ვიქნები ბოლომდე.

ლაურა გოგოლაძე