დღეს, 2 დეკემბერს, „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, „ხელოვნური განაყოფიერებისა და ცხოველთა პროდუქტიულობის ამაღლების ინსტიტუტის“ ორგანიზებით.

ამ ინსტიტუტის დამფუძნებელი საშიკო ხიჯაკაძე მეცხოველეობის განვითარებით დაინტერესებულ ხარაგაულელ ფერმერებს ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერების მნიშვნელობაზე ესაუბრა და ამ მიმართულებით არსებული სიახლეები გააცნო.

საშიკო ხიჯაკაძის თქმით, მესაქონლეობასა და მეღორეობაში პროდუქტიულობის გასაზრდელად ხელოვნური განაყოფიერება აუცილებელია. ის თავად აკეთებს როგორც ძროხის, ასევე ღორის ხელოვნურ განაყოფიერებას და ფერმერებს ამ მიმართულებით სათანადო რჩევებს აძლევს.

ხარაგაულელ ფერმერებს შეხვდნენ ცხოველთა თანამედროვე კვების მწარმოებელი კომპანია შპს „სანოს“ წარმომადგენლები – კომპანიის გერმანელი ექსპერტი ვიქტორ სიმენსი, საქართველოში კომპანიის დირექტორი სოფიო სანაძე, გაყიდვების მენეჯერები – კახაბერ უდესიანი და თემური სოსანეიშვილი.

კომპანია „სანო“ გერმანული ჰოლდინგია და ცხოველთა საკვებდანამატ პროდუქტებს, 40 წელია, აწარმოებს. მას წარმოება ევროპის 8 ქვეყანაში აქვს.

სიტყვა „სანო“ ჯანსაღს ნიშნავს. ამიტომ, როგორც ამ კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, მათ მიერ ევროპული სტანდარტით წარმოებული საკვები ზრდის როგორც მეხორცული, ისე მერძეული საქონლის პროდუქტიულობასა და ხარისხს.

ათი წელია, „სანო“ საქართველოში მაღალი ხარისხის საკვებდანამატებს ჰყიდის. ამავე დროს კომპანიის წარმომადგენლები ცდილობენ, ფერმერებს საჭირო ცოდნა და რჩევები მიაწოდონ იმ მიზნით, რომ მათი საქმიანობა მომგებიანი გახდეს. შეხვედრაზე განიხილეს „სანოს“ კონცეფცია მეწველი, მეხორცული და ახალგაზრდა საქონლის კვება-შენახვის მიმართულებით.

„ფერმერი უნდა იყოს ინფორმირებული, იცოდეს საკვების სწორი მოხმარება, უნდა დასახოს ზუსტი მიზანი, როგორ მიიღოს ხარისხიანი პროდუქცია, – აღნიშნა შეხვედრაზე გერმანელმა ექსპერტმა ვიქტორ სიმენსმა, – ჩვენი კომპანიის წარმომადგენლები, დაინტერესებულ ფერმერებს ინვიდუალურად ეწვევიან ფერმაში და რჩევებს გაუზიარებენ“.

საშიკო ხიჯაკაძემ და „სანოს“ წარმომადგენლებმა უპასუხეს ფერმერთა შეკითხვებს.

„სანოს“ წარმოებული საკვებდანამატები ხარაგაულელი ფერმერებისთვის ზესტაფონის ბაზარშია ხელმისაწვდომი.

ვრცლად ამ შეხვედრის ამსახველ მასალას „ჩემი ხარაგაულის“ მკითხველებს უახლოეს დღეებში მოგაწვდით.

ამ შეხვედრის ამსახველ ფოტოებს გაეცანით სოციალურ ქსელში.